ამერიკულმა კომპანია MERRIAM-WEBSTER-მა წლის სიტყვად „ფემინიზმი“ დაასახელა

ამერიკულმა კომპანია Merriam-Webster-მა, რომელიც საცნობარო ლიტერატურისა და ლექსიკონების გამოცემით არის დაკავებული, შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას ამცნო, რომელ სიტყვას ეძებდნენ ადამიანები 2017 წელს ყველაზე ხშირად ინტერნეტში. უპირობო ლიდერი აღმოჩნდა სიტყვა „ფემინიზმი“ (Feminism), მისი ძებნის მაჩვენებელი თითქმის 70%-ით არის გაზრდილი შარშანდელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა თანასწორობისთვის, ქალთა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა უფლებების დასაცავად 50 წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს, ზოგიერთებისთვის ამ სიტყვის მნიშვნელობა მხოლოდ წელს გახდა ცნობილი.

გასაკვირიც არაფერია. „ქალთა მარში“, რომელშიც მადონა, შარლიზ ტერონი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ აგორებული სკანდალი, სექსუალური ძალადობის ბრალდებები არაერთი ცნობილი პიროვნების მისამართით, ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის, სადაც თავის მოსაზრებას რეგულარულად აფიქსირებს ანჯელინა ჯოლი, მოძრაობა #MeToo (#მეც), რომლის მონაწილეებიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ყველაფერი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ 2017 წელს სიტყვა „ფემინიზმის“ მნიშვნელობის გარკვევას ლექსიკონის მეშვეობით ამდენი ადამიანი ცდილობდა.

სხვათა შორის, მომხმარებლის დიდი ინტერესი დაიმსახურა ფემინიზმმა სერიალ „მოახლის მონათხრობის“ ეკრანზე გასვლის შემდეგ, რომლის სიუჟეტის ცენტრალური თემაა ქალთა ბრძოლა საზოგადოებაში გამეფებულ უსამართლობასთან.

Merriam-Webster-ის ვერსიის მიხედვით, მეორე ადგილზეა სიტყვა „პარტნიორი“, ხოლო მესამეზე – „კარჩაკეტილი“.

კომენტარები