არაძალადობრივ, მათ შორის, ნარკოტიკულ დანაშაულებზე შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც განმარტავენ, შეწყალების კომისია სასჯელის ვადის გარეშე განიხილავს იმ მსჯავრდებულთა თხოვნას, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, აგრეთვე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტის გარდა.

ქორიძემ დააზუსტა, რომ შეწყალების კომისია, ასევე, არსებითად განიხილავს იმ პირთა შეწყალების თხოვნას, რომლებიც სსკ 381-ე მუხლით არიან გასამართლებულები და სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე. ანალოგიური წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაული და თანაც არა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ სახის დანაშაულებზე მსჯავრდებულებს შეუძლიათ პრეზიდენტს მიმართონ შეწყალების თხოვნით, როგორც კი მათი საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში დასრულდება, ან ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა ამოიწურება. შეწყალების კომისია მათ საქმეებს არსებითად განიხილავს.

კომენტარები