აუცილებლად მექნება მე რომ მინდა, ისეთი კარიერა!..

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ამჟამად საქართველოშია. მისმა სიმღერამ, რომელსაც ცნობილ ბრიტანელ მომღერალ ჯოს სთოუნთან (JOSS STONE) ერთად ასრულებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება პოვა.

როგორ ხარ, რას საქმიანობ ამჟამად, სად გაიცანი Joss Stone-ი და როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ ერთად გემღერათ?
ხშირად მიწევს მოგზაურობა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მიყვარს ჩემი ცხოვრების გიჟური რიტმი. მოგზაურობის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. მომწონს სიახლის და ძიების პროცესი, ხალხთან ურთიერთობა და მათი კულტურის შეცნობა. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბოლოს ვიყავი ნიუ-იორკში, სადაც ჩავწერე სიმღერა ტონი კალუჩიოსთან ერთად. ტონი გამაცნო ჯონ ვალასკომ, რომელიც მარვინ გეის მენეჯერი იყო და ჯგუფ „აბბას“ დაეხმარა წარმატების მიღწევაში. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ჯადოსნობაა, როცა კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავ და თან მღერი. მათ ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერები და მეხმარებიან წარმატების მიღწევაში.

მანამდე ვიყავი ჰიუსტონში და ვიმუშავე ჯორჯ მაიკლის ბასისტთან ერთად. გავიცანი დიონ ესთასი (Deon Estus ) და დინ ჯეიმსი (Dean James). დინ ჯეიმსი არის საქსოფონისტი, ჩავწერეთ სიმღერა – The Wireroad studios. მასთან ბიონსემ ჩაწერა თავისი პირველი ალბომი. ძალიან საინტერესო იყო მათთან ერთად მუშაობა, რადგან არიან ძალიან მეგობრულები და ძალიან საყვარლები.

დიდი დროით გიწევს ხოლმე წასვლა?
მყავს 8 წლის შვილი – ზუკა, 17 წლის გავთხოვდი… უცხოეთში 3-4 თვე ვჩერდები ხოლმე, მიჭირს მისი დატოვება. თითქმის მთელი გული და გონება აქეთ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევ, მე რომ ვფიქრობ, ისეთ კარიერას. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს შოუბიზნესი, კონცერტებიც იშვიათად გვაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა.

უცხოეთში აქტიურად ატარებ კონცერტებს?
ხშირად მაქვს კონცერტები ჯერჯერობით პატარა ადგილებში – კლუბებში. გრანდიოზული კონცერტი არასდროს მქონია, მაგრამ ამის დიდი სურვილი მაქვს. მინდა ქართულ ბენდთან ერთად დავუკრა, რადგან ყველაზე კომფორტულად მათთან ერთად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, მყავს ბენდი ნიუ-იორკში, ჰიუსტონში, ლონდონში, მაგრამ მეგობრებთან ერთად თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ… ჯერჯერობით ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ იმედი მაქვს, შევძლებ ამ გეგმის განხორციელებასაც.

 

 

კმაყოფილი ხარ საკუთარი არჩევანით? შოუბიზნესს ვგულისხმობ…

შოუბიზნესში წარმატების მიღწევა არ არის მარტივი, ძალიან რთულია. ამისთვის საჭიროა გყავდეს სანაცნობო წრე, გქონდეს ბევრი კონტაქტი, იღბალიც დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში… მაგრამ ვფიქრობ, შრომა უმთავრესია. დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოვა.

რომ ვფიქრობ, არაფერი არ გამოდის, ამდენს ვშრომობო და ვერ ხედავს ხალხი, რა ენერგიის ფასად მიჯდება ეს ყველაფერიო – სწორედ მაშინ მიმართლებს და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

პროფესიით მუსიკოსი ხარ?
კი, დამთავრებული მაქვს შვიდწლედი და შემდეგ ვსწავლობდი საგუნდო სადირიჟოროზე.

ქართველ მსმენელს ძალიან უყვარხარ, ამერიკაშიც ასეთი პოპულარული ხარ?
ამერიკაში ისეთი პოპულარული ვერ ვარ, რადგან ჯერ არავინ იცნობს ჩემს შემოქმედებას ისე კარგად, როგორც საქართველოში. რომ მეკითხებიან, საიდან ვარ, მეამაყება, როცა ვპასუხობ, რომ ვარ საქართველოდან – ულამაზესი ქვეყნიდან, სადაც უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
ძალიან მიყვარს იოგა, ცურვა, სიარული, ცეკვა. მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს და ეს ენერგიით მავსებს.

რისი ფობია გაქვს?
სიჩუმის მეშინია. ხშირად ვუსმენ მუსიკას და ვერ ვიტან დახურულ სივრცეს.

რას შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში?
არაფერს… ყველაფერი გამოცდილებით მოდის. ვფიქრობ, ცხოვრება სირთულეებით გაცილებით საინტერესოა.

ოთხფეხა მეგობარი ხომ არ გყავს?
არა, არ მყავს, დროის უქონლობის გამო. დამტოვებელიც არავინ მყავს, სამწუხაროდ, მაგრამ სიამოვნებით ვიყოლიებდი.

შენი ახალი ალბომი როდის გამოვა და რა ერქმევა?
ალბომი მარტში გამოვა. სხვადასხვა პროდიუსერი მეხმარებოდა  და ამიტომ სახელს არ ვარქმევთ.

დროის ნაკლებობის გამო შვილთან დიდ დროს რომ ვერ ატარებ, ამის გამო არ ბრაზობ?
გული ძალიან მწყდება ამის გამო… მინდა, მისთვის სამაგალითო ვიყო. მთელ სამყაროს შემოვატარებ – ამის დროც მოვა. ამდენს ამიტომ ვშრომობ.

რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა საქმიან დედებს?
ახალგაზრდა დედებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ და იპოვონ საკუთარ თავში განსხვავებული ნიჭი. არ ჩავარდეთ დეპრესიაში და იყავით ყოველთვის განსხვავებულები! საკუთარ გულს მოუსმინეთ და განავითარეთ თქვენი ფარული  შესაძლებლობები.

და ჩვენს მკითხველს რას ეტყოდი?
ცხოვრება ხანმოკლეა, ბოლომდე ისიამოვნეთ… მაქსიმალურად გამოიყენეთ ცხოვრება თქვენი სიამოვნებისთვის!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

იხ. ვიდეო, როგორ მღერის სალომესთან ერთად ბრიტანელი მომღერალი ჯოს სთოუნი ქართულად.

კომენტარები