ბერძნულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა!

რეჟისორ მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ბერძნული კინოფესტივალის ორგზის გამარჯვებული გახდა!

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „მოუსმინე სიჩუმეს“ ბერძნულ კინოფესტივალ „ოლიმპიაზე“ სექცია KIDS&DOCS-ში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარს ასევე გადაეცა ბერძნული პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო – Human Values Award.

მანამდე, 2016 წელს მარიამ ჭაჭიას კინოსურათმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – Dok Leipzig-ზე გაიმარჯვა (სექცია Next Masters-ში), რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.

„მოუსმინე სიჩუმეს“ სმენადაქვეითებული ბავშვების შესახებ გვიყვება. ეს არის ფილმი პატარა ბიჭის – 9 წლის ლუკას ოცნებაზე. ბავშვი ოცნებობს, რომ სცენაზე იცეკვოს და ახალ სამყაროში შეაბიჯოს, თუმცა ერთადერთი გარემო, რომელსაც იცნობს, სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლაა, სადაც ის ცხოვრობს და სწავლობს…

ფილმის გადაღებები 2014 წელს თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.

 

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები