ბრიტანელი მინისტრი სამსახურში დაგვიანების გამო გადადგომას აპირებდა, მაგრამ…

ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ლორდმა ბეიტსმა (Lord Bates) თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ლორდთა პალატაში დებატებზე დაგვიანების გამო და თქვა, რომ ძალიან რცხვენია, რადგან საჭირო დროს თავის ადგილზე არ იმყოფებოდა.

ბეიტსი ლორდთა პალატის შეკრებაზე 15:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო და ბარონესა ლისტერის კითხვებზე ეპასუხა ბრექსითის თაობაზე. მან დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვს, თანამდებობიდან გადააყენოს.

„5 წლის მანძილზე ჩემთვის პატივი იყო თქვენი კითხვებისთვის მეპასუხა მთავრობის სახელით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ხელისუფლება ყველაზე მაღალ შესაძლო სტანდარტს უნდა აწესებდეს და პატივისცემით უნდა პასუხობდეს ლეგიტიმურ შეკითხვებს საკანონმდებლო ორგანოდან. ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ადგილას არ ვიყავი საჭირო დროს და მივმართავ პრემიერ-მინისტრს, გადამაყენოს. ბოდიშს ვიხდი“, – თქვა შეკრებაზე ლორდმა ბეიტსმა. მის ამ განცხადებას დარბაზში მყოფთა შეძახილები მოჰყვა, რომ იგი არ უნდა გადადგეს; ლორდის კოლეგები მის გადარწმუნებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ბარონესა ლისტერმა, თავის მხრივ, ბოდიშის მოხდა საკმარისად მიიჩნია და თქვა, რომ გადადგომა საჭირო არ არის, მაგრამ ლორდმა ოთახი უპასუხოდ დატოვა.

თუმცა მოვლენები შემდგომ ასე განვითარდა: პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ არ დააკმაყოფილა ლორდ ბეიტსის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე და იგი მინისტრის პოსტზე თავის საქმიანობას კვლავაც გააგრძელებს.

საერთაშორისო განვითარების მინისტრი ლორდი ბეიტსი პარლამენტის წევრია კონსერვატიული პარტიიდან.

კომენტარები