გამიყვანა სესილიამ გვერდზე და … სულ დედა მაგინა!

„ცისფერი მთების“ გადაღებების საინტერესო დეტალები

დღეს, 26 იანვარს ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას 85 წელი შეუსრულდა. Nostal.ge ულოცავს ბატონ ელდარს დაბადების დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნატვრის („ერთი ნატვრა მაქვს, აღდგეს ქართული კინო ლაზარესავით“) ასრულებას უსურვებს, მკითხველს კი მისი კინოკლასიკად აღიარებული უკვდავი ქართული ფილმის, „ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი“ გადაღებების საინტერესო სამყაროში „ამოგზაურებს“.

ფილმს საფუძვლად დაედო მწერალ რეზო ჭეიშვილის მოთხრობა „ცისფერი ხიდები“, თუმცა მანამდე ბატონმა რეზომ ამ მოთხრობის მიხედვით დაწერა პიესა, რომელსაც „ცისფერი მთები“ უწოდა. ფილმის გმირის მსგავსად მასაც კარდაკარ (თუ შეიძლება ასე ითქვას) დაჰქონდა პიესა, ყველა ეუბნებოდა, წავიკითხეო, მაგრამ სინამდვილეში არავინ კითხულობდა. ბოლოს „სამანიშვილის დედნაცვალის“ (რომლის სცენარის ავტორიც რეზო ჭეიშვილია) გადაღების დროს პიესა თვითონ წაუკითხა ელდარ შენგელაიას, რომელმაც მაშინვე უყოყმანოდ განაცხადა, სცენარი გავაკეთოთ, ფილმს მე გადავიღებო…

რეზო ჭეიშვილისთვის ელდარ შენგელაიას ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ვერ წარმოედგინა, თუ ვინმეს ოდესმე მსგავსი სურვილი გაუჩნდებოდა, მით უმეტეს, რომ პიესა უფრო თეატრისთვის იყო გამიზნული.

„გივი, ჩვენ ვართ!“

„ცისფერი მთები“, ძირითადად, დიალოგებზე აგებული ფილმია. აქ არ არის სიყვარულის მკვეთრად გამოხატული თემა, არც სიმღერებია და არც დეტექტიურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მისდამი მაყურებლის ინტერესი დღემდე არ ნელდება. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე ხალხში გავრცელდა ფრთიანი ფრაზები: „გივი, ჩვენ ვართვ, „ძალიან კარგივ, „გზაში დამაწიეთ“, „გაიტანეთ გრენლანდია“, „მომკლავს ეს ორი სათაური“, „საიდან შეგაქანათ?“…

„ცისფერი მთები“ დღემდე გულგრილს არავის ტოვებს, ფილმი 2013 წელს კანის 67-ე კინოფესტივალზეც გამოჩნდა, სადაც ფესტივალის სპეციალურ სექციაში „კანის კლასიკა“ (Cannes Classics) უჩვენეს. ქართული კინოშედევრი „კანის კლასიკაში“ 1000 ფილმიდან 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და ჩვენებისას მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმის სანახავად კანში 85 წლის ფრანგი ქალი სპეციალურად ჩასულა. მას „ცისფერი მთები“ წლების წინათ უნახავს და ისე მოსწონებია, რომ კანშიც ჩავიდა მის სანახავად.

სპეციალურად ამ ჩვენებისათვის „ცისფერი მთები“ „გოსფილმფონდის“ ნეგატივიდან აღადგინეს და ეკრანზე მისი ციფრული ვერსია წარმოადგინეს. კანში თავად ბატონი ელდარიც იმყოფებოდა, რომელსაც ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს. სხვათა შორის, კანის ფესტივალზე „ცისფერი მთები“ 1985 წელსაც იყო წარმოდგენილი, ოღონდ რეჟისორთა კვირეულზე. მაშინ ბატონი ელდარი კანში არ ყოფილა, თუმცა ფილმს იმ პერიოდის პრესაშიც კარგი გამოხმაურება ჰქონდა.

ვინ არის მარკშეიდერი?

მარკშეიდერი (გერმანული სიტყვაა და სამთო ინჟინერს ან ტექნიკოსს ნიშნავს), რომლის როლსაც ფილმში არაჩვეულებრივად ასრულებს აწ გარდაცვლილი მსახიობი ვანო საყვარელიძე, პიესაში საერთოდ არ არსებობს. მის ნაცვლად ნაწარმოებში ვულკანოლოგია. ახალი პერსონაჟი სცენარში თავიდანვე შევიდა. მეტიც, ფილმის მთავარი გმირი სწორედ მარკშეიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სცენარმა ყველაფერი „თავის ნებაზე“ წაიყვანა.

სხვათა შორის, მარკშეიდერის პროტოტიპი თავად ბატონი რეზოს დეიდაშვილია, რომელიც ერთხანს მაღაროში მუშაობდა. პროტოტიპები ჰყავთ სხვა გმირებსაც: „ისინი რეალურად არსებობენ… ჩვენ გარშემო ტრიალებენ ყველანი. ამდენად, ტიპაჟების მოძებნა ძნელი არ ყოფილა“, – ამბობდა ბატონი რეზო, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ თავად არის მთავარი გმირის – სოსოს პროტოტიპი…

რეზო ჭეიშვილი ფილმი გადაღებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. რეჟისორი ითხოვდა მის იქ ყოფნას, რადგან ფილმში დროდადრო დამხმარე დიალოგების ჩართვა იყო საჭირო და რეზო ჭეიშვილი მათ იქვე წერდა. იმ პერიოდში უკვე ძალიან ცუდად იყო მსახიობი სესილია თაყაიშვილი, ამიტომ გარეთ (გადაღებები, ძირითადად, თბილისში, პავილიონში მიმდინარეობდა) ყოველთვის ელოდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც გადაღებების შემდეგ იგი სახლში მიჰყავდა.

სხვათა შორის, გადამღებ ჯგუფს გარეთ მეორე მანქანაც ელოდებოდა – მილიციის… საქმე ის ისაა, რომ ფილმში ერთ-ერთ როლს მსახიობ ვასილ ჩხეიძის ვაჟი თამაშობს, აი ის, პეტრიაშვილი ზურგზე რომ შეახტება. იგი იმ პერიოდში დაჭერილი ყოფილა, საქმე სასამართლოში ჰქონია და მილიციას გადაღებებზე თვითონ მიჰყავდა, შემდეგ კი ელოდებოდნენ, რომ უკან წაეყვანათ. ნამდვილად გასაკვირია, პატიმარ კაცს უფლებას როგორ აძლევდნენ, რომ ფილმში ეთამაშა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, როცა დაიჭირეს, გადაღებები უკვე  დაწყებული ყოფილა და მონაწილეობა რომ არ მიეღო, ფილმი დაზარალდებოდა.

„ცისფერი მთები“ და სესილია

„ცისფერი მთების“ გადაღებების პროცესზე საუბრისას მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე სესილია თაყაიშვილს იხსენებდა: „ცისფერი მთები“ ბოლო ფილმი გამოდგა სესილია თაყაიშვილისთვის. ცხონებული, ძალიან ავად იყო და მაინც როგორ თამაშობდა!.. მე და მისი ვაჟი ვმეგობრობდით, ქალბატონ სესილიასთანაც საკმაოდ ახლოს ვიყავი. ერთხელ ძალიან გადავაბი სმა და გადაღება რამდენჯერმე ჩავშალე. ერთ დღეს კიდევ რომ ნასვამი მივედი, გამიყვანა სესილიამ გვერდზე და შენი დედაცო! – სულ დედა მაგინა… თუ ტრ…ი არ გაქვს, კი არ უნდა დალიოო, – ერთი ამბავი დამაწია… ამ დროს ელდარს ხმა არ ამოუღია. იგი ძალიან სხვანაირია მუშაობაში, ჩხუბი არ იცის, არც ჩემთვის უკადრებია არაფერი, ჩემი კოსტიუმი სხვას ჩააცვა, ზურგით დააყენა და გადაღება გააგრძელა… სხვა, მის ადგილას, ღმერთმა იცის რას მიზამდა…“

ვაჟა ზაზაევიჩი

სამწუხაროდ, დღეს აღარც გურამ ლორთქიფანიძეა ცოცხალი, არც  რეზო ჭეიშვილი და არც ფილმში მონაწილე სხვა მსახიობთა უმრავლესობა, მათ შორის, დირექტორი – ვაჟა ზაზაევიჩი, რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებს თემურ ჩირგაძე.

ბატონი თემური მსახიობი არ ყოფილა, პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ უკვე ნათამაშევი ჰქონდა ელდარ შენგელაიას ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“. რეჟისორმა იცოდა მისი შესაძლებლობები, თორემ ერთგვარი რისკიც კი იყო მისი ამ როლზე დამტკიცება (ცნობისთვის: ელდარ შენგელაიას არ უნდოდა, რომ ფილმში უმეტესად ცნობილ მსახიობებს ეთამაშათ).

მართალია, თემურ ჩირგაძეს გარკვეული სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო პრემია არ მისცეს, რადგან, დებულების მიხედვით, მსახიობი უნდა ყოფილიყო და კინოში რამდენიმე მთავარი როლი უნდა ჰქონოდა შესრულებული. თავად ფილმმა სახელმწიფო პრემია მიიღო, რომელიც გადამღებ ჯგუფს კრემლში გადასცეს. „ცეკაში ვინ შეგიშვებდა?! მინისტრთა საბჭოში შეგვიყვანეს, შესვლისას ოთხჯერ შეგვამოწმეს, გამოსვლისას – ორჯერ“, – იხსენებდა რეზო ჭეიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, იმდროინდელი ცენზურის გამო სცენარში რაიმეს შეცვლა ხომ არ მოუხდათ, ბატონი რეზოს პასუხი ასეთი იყო: „კი, როგორ არა – გრენლანდიის ნაცვლად მე შიშკინის „სამი დათვი“ მქონდა. ის სურათი ვარდებოდა კედლიდან და ამის შეცვლა მოგვიწია… შეიძლება ასე უფრო უკეთესიც გამოვიდა, რა ვიცი… და გახსოვთ ალბათ, ფილმის დასასრულს არის ასეთი სიტყვები: „ახლა მაინც გადმოგვირიცხავენ რემონტისათვის ფულს“, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა აფუჭებს სიუჟეტს… სხვა მნიშვნელოვანი ამ მხრივ არაფერი ყოფილა“.

რატომ ორი სათაური?!

„ფილმში სათაური („ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი“) გათამაშებულია და ეს ერთგვარად ახსნილიცაა. ცისფერი – ოცნების, სილამაზის სიმბოლოა… სამწუხაროდ, ახლა შეიცვალა ამ სიტყვის მიმართ დამოკიდებულება – ვეღარ ახსენებ ცისფერყანწელების ქვეყანაში, თორემ… ავსტრალიაში არსებობს მთიანეთი, რომელსაც ცისფერი მთები ჰქვია. ტიან-შანიც დაახლოებით ცისფერს ნიშნავს. უფრო კონკრეტულად, ზეციურს, მაგრამ ზეციური და ცისფერი რაღაცით მაინც უკავშირდება ერთმანეთს…“ – ასე ხსნიდა ბატონი რეზო, თუ რატომ აქვს ფილმს ორი სათაური.

დაბოლოს: ყოფილ საბჭოთა კავშირში მაშინ მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთიანი სტანდარტი არსებობდა. ერთი კინოსურათი დაახლოებით 400 ათასი მანეთი ჯდებოდა. „ცისფერი მთების“ გადაღებაზეც ამდენი თანხა დაიხარჯა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები