ევროკავშირი ზაფხულის დროზე აღარ გადავა?

ევროპარლამენტმა 11 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, უარი თქვას ზაფხულის დროზე გადასვლის პრაქტიკაზე. როგორც გამოცემა DEUTSCHE WELLE იტყობინება, აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართა და შესაბამის სარეკომენდაციო რეზოლუციას მხარი უმრავლესობამ – 384-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ  154 იყო წინააღმდეგი.

„მრავალრიცხოვანმა სამეცნიერო გამოკვლევამ ვერ დაადასტურა ზაფხულის დროზე გადასვლის რაიმე დადებითი შედეგი, ადამიანის ორგანიზმზე მის უარყოფით გავლენაზე კი მიუთითა“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, ჩაატაროს ზაფხულის დროზე გადასვლის მიზანშეწონილობის „საგულდაგულო შეფასება“ და აუცილებლობის შემთხვევაში ამ პრაქტიკის გადახედვის შესახებ დააყენოს საკითხი.

ცოტა ხნის წინათ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ზაფხულის დროზე გადასვლის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს.

ცნობისათვის, ზაფხულის დრო პირველად გერმანიამ შემოიღო 1916 წელს.

კომენტარები