ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ცვლილებები მზადდება

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ანუ ე. წ. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სწორედ ამ სტატისტიკის გამო დღის წესრიგში დადგა გარკვეული ღონისძიებების გატარება საქართველოს მთავრობის მხრიდან.

კერძოდ, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

საუბარია იმაზე, რომ რეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისროთ და გვარის შეცვლის პროცედურები გამკაცრდეს, – ამ საკითხზე იმსჯელეს 10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ საგანგებო თათბირზე და განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგემება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ამან ვიზალიბერალიზაცია არ შეაფერხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულებაში დევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმიც, თუ ამის აუცილებლობა დადგება.

„საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ისე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ლ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

არსებული ინფორმაციით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს. 

რაც შეეხება ხარჯებს, შეთანხმებაში ასეთი ჩანაწერია:

„…წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“. (მუხლი მე-15).

საკანონმდებლო ცვლილებების  განხორციელების შემდეგ კი რეადმისიის ხარჯების ანაზღაურება თავად რეადმისირებულ პირს დაეკისრება.

კომენტარები