ერდოღანი ათენში, ლოზანის ხელშეკრულება და… საქართველო (!)

საბერძნეთში მოუთმენლად ელოდნენ ათენში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ვიზიტს, რომელსაც ზოგიერთი „ისტორიულსაც“ კი უწოდებდა, მაგრამ ვიზიტის პირველივე დღეს, 7 დეკემბერს მეზობელი სახელმწიფოს ლიდერმა მოულოდნელი და უსიამოვნო განცხადებები გააკეთა, რითაც ოპტიმისტებს იმედები გაუცრუა. კერძოდ, ერდოღანმა, საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოფის პავლოპულოსთან შეხვედის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლოზანის ხელშეკრულების გადახედვა და დასავლეთ თრაკიის მუსლიმური უმცირესობის უფლებების გაზრდა მოითხოვა. შემდგომ კი ორი პრეზიდენტის პრესკონფერენცია ფარიკაობას დაემსგავსა – მხარეები ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებების გაკეთებას არ მოერიდნენ, რითაც წარმატებული ვიზიტის ყოველივე იმედი ამოიწურა.

ანალოგიურ ატმოსფეროში წარიმართა იმავე დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან გამართული შეხვედრაც.

ძნელი სათქმელია, რატომ დათანხმდა ბერძნული მხარე აღნიშნული ვიზიტის განხორციელებას, თუკი მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობდა. მით უმეტეს, რომ ვიზიტის მეორე დღეს ერდოღანი დასავლეთ თრაკიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი მუსლიმური უმცირესობის წარმომადგენლებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს.

საბოლოო ჯამში, ერდოღანმა ათენში ვიზიტით აშკარად გაზარდა საკუთარი ავტორიტეტი თურქეთში, თუმცა, ცხადია, რაიმე საერთაშორისო წარმატებას ვერ მიაღწია – გერმანიის, ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია მის განცხადებებზე საკმაოდ მკაცრი იყო.

რა მოიგო საბერძნეთმა? ერთი შეხედვით – არც არაფერი. უფრო მეტიც, ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება თურქეთის პრეზიდენტისათვის დასავლეთ თრაკიაში შეხვედრების გამართვის უფლების მიცემის გამო. ამავე დროს, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ათენის უნივერსიტეტის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური გეოგრაფიის პროფესორმა იოანის მაზისმა ბერძნული სატელევიზიო არხის, ΑΝΤ1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. პროფესორის თქმით, ბერძნულმა მხარემ ერდოღანს „სანთლები უნდა დაუნთოს, რადგან თურქეთის პრეზიდენტმა უამრავი დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, რითაც საერთაშორისო საზოგადოების განაწყენება გამოიწვია“. რამდენადაც რაიმე შეთანხმების მიღწევა თავიდანვე გამორიცხული იყო, პროფესორის აზრით, ეს გარემოება საბერძნეთს დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპებზე ძალიან წაადგება.

რას წარმოადგენს ლოზანის ხელშეკრულება და რატომ გამოიწვია მისმა ხსენებამ დიდი აჟიოტაჟი?

ლოზანის ხელშეკრულებას ხელი 1923 წლის 24 ივლისს 11-მა სახელმწიფომ მოაწერა, მაგრამ მთავარი მონაწილენი საბერძნეთი და თურქეთი იყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა ორ ქვეყანას შორის საზღვარი და დადგინდა ეროვნული უმცირესობების სტატუსი. კერძოდ, დასავლეთ თრაკიის სადავო რაიონი საბერძნეთს დარჩა, მაგრამ იქ მცხოვრებ თურქულენოვან უმცირესობას რელიგიური უმცირესობის სტატუსი მიენიჭა. საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო უფლება, დანიშნოს ამ რელიგიური უმცირესობის სულიერი ლიდერი, უმაღლესი მუფტი.

დღეს ერდოღანი სწორედ ამ ორი დებულების გადახედვას ითხოვს: კერძოდ, რელიგიურის ნაცვლად ცნება „ეროვნული უმცირესობის“ დამკვიდრებას, რაც თურქებად მათ აღიარებას ნიშნავს. ამავე დროს, უმაღლესი მუფტის არჩევა მრევლის მიერ, რაც ასევე ერდოღანის მოთხოვნაა, შექმნის საბერძნეთის რესპუბლიკისაგან დამოუკიდებელი ლეგიტიმური ინსტიტუტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ნათელია, რომ თურქეთის ხელისუფლება ამ გზით საბერძნეთის საშინაო საქმეებში ჩარევისათვის საჭირო ინსტრუმენტს მოიპოვებს. როგორც ვხედავთ, თურქეთის ხელისუფლება არ მალავს თავის არამეგობრულ გეგმებს საბერძნეთის მიმართ. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს დასახული მიზნების შესრულებას.

… და საქართველო

შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობის დღევანდელი პერიპეტიები პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. კერძოდ, ლოზანის ხელშეკრულება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი თურქეთის საზღვრების ჩამოყალიბების ხანგრძლივი და სისხლიანი პროცესის დასკვნით აქტს წარმოადგენს. თუკი ლოზანაში თურქეთის დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები დადგინდა, მანამდე, 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელი მოეწერა ყარსის ხელშეკრულებას თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. საქართველოს სსრ, რომელიც მაშინ ფორმალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო (სსრ კავშირი 1924 წელს შეიქმნა), შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილეა. დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვარი სწორედ მაშინ დადგინდა. 1991 წელს, როდესაც თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ორ ქვეყანას შორის დადებულ მეგობრობის ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მხარეები პატივს სცემენ ორ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებს, ყარსის ხელშეკრულებიდან მოყოლებული.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული დელეგაცია ლოზანის კონფერენციის მუშაობაშიც მონაწილეობდა, რაც ადასტურებს ამ ორი შეთანხმების ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას. შესაბამისად, თუკი თურქეთი მოახერხებს ლოზანის ხელშეკრულების რევიზიას, ბუნებრივად დადგება ყარსის ხელშეკრულების რევიზიის საკითხიც. ცხადია, ეს პროცესი საქართველოს სასარგებლოდ ვერ წარიმართება. დღეს თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეუძლია საბერძნეთზე ზემოქმედება, საქართველოსთან მიმართებაში კი მას ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტები გააჩნია.

პრეზიდენტი ერდოღანი ბოლო დროს ხშირად ამჟღავნებს სურვილს, გააძლიეროს გავლენა მეზობელ სახელმწიფოებზე, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. აღნიშნული პროცესის გაღრმავება სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც საბერძნეთს, ისე საქართველოს და შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვის აუცილებლობას ააშკარავებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები