„ერევანი – ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელები უნდა დავბრუნდეთ ამ მიწებზე!“

ილჰამ ალიევმა დღეს, 8 თებერვალს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის – „ახალი აზერბაიჯანის“ მე-6 ყრილობაზე სენსაციური განცხადება გააკეთა, როდესაც სომხეთის დედაქალაქ ერევანს აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიული ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ ერევნის დაბრუნება აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანია.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა იყოს ჩვენი მომავალი საქმიანობის მიმართულება, ისევე როგორც ამჟამად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენი ისტორიული მიწებია ერევნის სახანო, ზანგეზური და გეიჩე, – თქვა პარტიის ყრილობაზე ილხამ ალიევმა. – … მიხარია, რომ ჩვენს ისტორიასთან, ისტორიულ მიწებთან დაკავშირებით ამჟამად ქვეყანაში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ტარდება გამოფენები. მომავალ წლებში უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ ამ საკითხში და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გავმართოთ გამოფენები და პრეზენტაციები. იმიტომ რომ ერევანი – ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელები უნდა დავბრუნდეთ ამ მიწებზე. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანაა და ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ ამ მიზანს“.

თავის მხრივ, სომხეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ალიევის განცხადების კომენტირებისას აზერბაიჯანის პირველი პირის ნათქვამს „სასაცილო და უაზრობა“ უწოდა: „მიუღებელია, როცა 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის თაობაზე პრეტენზიას გამოთქვამს. სულ მცირე, სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც 100 წლისაც არ გამხდარა, ისტორიულ მიწებზე ლაპარაკობს“…

შარმაზანოვმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს ურჩია, მამამისის, ჰეიდარ ალიევის სიტყვები გაიხსენოს, რომელმაც თქვა, რომ: „აზერბაიჯანი და თურქეთი – ერთი ნაციაა და ორი სახელმწიფო“, – და ენციკლოპედიაშიც ჩაიხედოს: „ნახეთ, საიდან მოვიდნენ თურქული ტომები – შუა აზიიდან და ალტაიდან. და რა არის ისტორიული სომხეთი? აღმოსავლეთით იმ ადგილამდე, სადაც მდინარე არაქსი მდინარე მტკვარს უერთდება – ისტორიული სომხეთია“.

ცნობისათვის: მდინარე არაქსი, მტკვრის უდიდესი შენაკადი, მდინარე მტკვარს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ საბირაბადის მახლობლად, სოფელ სუგოვუშანთან უერთდება.

კომენტარები