ეროვნულმა ბანკმა უნივერსიტეტის სიუბილეოდ მონეტა გამოუშვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა გამოუშვა.

ვერცხლის საკოლექციო მონეტა დღეს ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ თსუ-ს რექტორსა და მონეტის დიზაინერთან ერთად წარადგინა.

მონეტა 15.5 გრამს იწონის, დიამეტრი კი 33 მილიმეტრია. მისი შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ისე ყვარლის ფულის მუზეუმში და ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე. მონეტის ფასი 95 ლარია.

უნივერსიტეტის სიუბილეოდ 5 ლარის ნომინალის მონეტის ესკიზის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც დიზაინერმა ნინო გოგუაძემ გაიმარჯვა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1500 ცალი მოიჭრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2018 წლის 8 თებერვალს 100 წელი უსრულდება.

კომენტარები