ვინც საქართველოში წავიდა, ყველა უკან ბრუნდება და ამბობს: „ჩვენ იქ არავის ვჭირდებით“

პროფესიით პედაგოგი, ბოლნისის ტელევიზიაში საავტორო გადაცემა „დათუნიას მიკროფონის“ პროდიუსერი ნინია ახვლედიანი ამჟამად ათენში იმყოფება და შეძლებისდაგვარად ისევ ბავშვებზე ზრუნავს – თოჯინების თეატრი დააარსა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამშობლოსგან შორს მყოფ ქართველ ბავშვებს ქართული ზღაპრები და მათი გმირები გააცნოს და შეაყვაროს. მიუხედავად იმისა, რომ თვეში მხოლოდ ორი კვირა დღე აქვს დასვენება, მაინც ახერხებს და ერთ დღეს ამ საქმეს უთმობს…

 

ქალბატონო ნინია, საქართველოში რას საქმიანობდით, თეატრთან რამე გაკავშირებდათ?

პროფესიით პედაგოგი ვარ, თუმცა საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ქალაქ ბოლნისის ადგილობრივ ტელევიზიაში მქონდა საავტორო გადაცემა ბავშვებისათვის – „დათუნიას მიკროფონი“ (ძილისპირული), აგრეთვე, საბავშვო გადაცემა „ბაბილინა“, სადაც სკოლასა და საბავშვო ბაღში ჩატარებულ სადღესასწაულო ღონისძიებებს ვაშუქებდით. ამჟამად ათენში ვცხოვრობ, ვუვლი მოხუცს – ბებიას, თვეში მხოლოდ 2 კვირა დღე მაქვს  დასვენება და ამ ორ დღესაც მაქსიმალურად ვიყენებ: აქ ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა თოჯინების თეატრი… მართალია, სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობთ, რადგან დასის წევრებს ანაზღაურება არ აქვთ, მაგრამ პატარების სიყვარულით ვაკეთებთ ამ საქმეს – გვინდა, საკუთარ ფესვებს არ მოსწყდნენ, იცნობდნენ ქართული ზღაპრების გმირებს, იცოდნენ ქართული ანდაზები, გამოცანები, რადგან აქ გაზრდილი თაობა, ნაკლებად მგონია, რომ დაბრუნდეს საქართველოში, რაზეც ძალიან მტკივა გული.

რამდენი წლის არის თქვენი თეატრი და რა გაქვთ რეპერტუარში?

ჩვენი თეატრი უკვე 9 წლის ხდება. თემატიკა, ძირითადად, მოიცავს ქართულ ზღაპრებს, როგორიცაა: კომბლე, ჩიტი და მელია, ციფრების ზღაპარი, მგელი და ბაჭია, მანანა და ლალი (გადაკეთებული, ზღაპრის სტილში).

რა კარგია, რომ ნახულობთ დროს საყვარელი საქმისთვის!

თვეში მხოლოდ 2 კვირა დღე მაქვს დასვენება. ერთ კვირა დღეს ექსკურსია-მოლოცვებისთვის ვიყენებ და იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ეს მითებისა და ლეგენდების ქვეყანა თითქმის ფეხით გვაქვს მოვლილი მე და ჩემს მეგობრებს;  ბევრი სასწაულის მომსწრენიც ვართ. მეორე კვირა დღეს კი თოჯინების თეატრს ვუთმობ.

რა სასწაულებზე საუბრობთ? გვიამბეთ, თუ შეიძლება…

აქ არის სამონასტრო კომპლექსი ,,მეტეორა“, სადაც 6 მოქმედი მონასტერია. ყველას მოლოცვა ერთ დღეში თითქმის შეუძლებელია. მქონდა ბედნიერება, 3-ჯერ წამეყვანა ჯგუფი მეტეორაზე. ერთ-ერთი მოლოცვის დროს ერთმა ჩემმა მეგობარმა 40 გრადუს სიცხეში ექვსივე მონასტერი ფეხშიშველმა მოიარა ისე, რომ ფეხის გულები საერთოდ არ დაწვია იმ ქვაგორიან გზებზე.

ამის მერე მეორე სასწაულის მომსწრენი გავხდით კუნძულ ტინოსზე, სადაც ჯგუფი მყავდა წაყვანილი. იქ არის წმინდა პელაგიას სახელობის მონასტერი, წმინდანის თავის ქალა ჩადებულია მოვერცხლილ ყუთში. ჩვენმა ერთმა მომლოცველმა მოისინჯა ჯვარი და ძეწკვი, რომ წმინდანის მადლი გადმოსულიყო მასზე და უცებ, მოულოდნელად ეს ჯვარი და ძეწკვი ყუთმა შეისრუტა… არადა, არსად არ იყო ყუთი, არც მინა დაზიანებული. მერე „დედაოს“ ვთხოვეთ, ყუთი გაეხსნა, მაგრამ გვიპასუხა, რომ მისი გახსნა მხოლოდ ამ წმინდანის სახელობის დღეს შეიძლება. მანვე გვითხრა, არ ინერვიულოთ, წმინდანმა ამ გოგონას ამით დიდი განსაცდელი ააცდინაო.

კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავლის მოწმენი ვხდებით მე და ჩემი მეგობრები. ჩვენი ექსკურსია-მოლოცვები განსაკუთრებულია, ასე ვფიქრობ. მყავს მეგობარი პოეტი ქალბატონი, სვეტა მჟავანაძე, რომელიც ულამაზეს ლექსებს წერს იმ ადგილების მონახულებისას, სადაც მივდივართ ხოლმე. ქალბატონმა სვეტამ მომაწოდა ძალიან კარგი იდეა და ვფიქრობ, მალე განვახორციელებთ.

ექსკურსია-მოლოცვებიდან შემოსულ თანხას ხშირად ვურიცხავთ გაჭირვებულ ოჯახებს. მცირედი თანხა გადავრიცხე ლაშა კანკავას ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ ფონდში, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ეკლესიის ფონდში; ასევე ჩავატარე ორი ღონისძიება ემიგრანტებისთვის – ლადო ასათიანის საღამო და აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული თოთხმეტი ბოლნისელი ბიჭისადმი მიძღვნილი საღამო.

ემიგრანტობის პირველ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

ემიგრანტობის პირველი თვეც და ეს ბოლოც გაუსაძლისია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაც აქ მყავს, დედაც აქ მყავდა, დეიდებიც – მაინც გამიჭირდა და დღემდე მიჭირს. მენატრება ყველა და ყველაფერი საქართველოში.

პირველად მეგონა, სადღაც უცხო პლანეტაზე მოვხვდი – ბერძნული რომ მესმოდა, მეგონა, ვაკუუმში ვარ და ალბათ ვერასოდეს დავაღწევ ამ ვაკუუმს თავს-მეთქი. ჩემი და მეუბნებოდა და მამხნევებდა, არ შეგრცხვეს, თუ რომელიმე სიტყვას სწორად ვერ იტყვი, ეცადე, არ დაკომპლექსდე, თორემ მერე ძალიან გაგიჭირდებაო… მეც, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, ყველაფერს ვლაპარაკობდი. ხან ბებიას ვეკითხებოდი, სწორად ვთქვი თუ არა-მეთქი? ახლაც ასე ვარ, როცა რამის თქმა მინდა, ჯერ ჩამოვაყალიბებ წინადადებას, მერე ბებიას ვეკითხები, სწორია თუ არა… რთული ენაა ბერძნული, მაგრამ, მგონი, დავძლიეთ ქართველებმა, რადგან უნიჭიერესი ხალხი ვართ.

არ ნანობთ, რომ საქართველოდან წახვედით?

ვნანობ თუ არა? ვერ გეტყვით, რადგან თავადაც ვერ გავერკვიე… ვნანობ ალბათ იმიტომ, რომ დავტოვე ჩემი საყვარელი ოჯახი, შვილები, ჩემი საყვარელი საქმე; 4 შვილიშვილი შემეძინა და ერთისთვისაც არ მიმღერია იავნანა, არ მომიყოლია ზღაპარი, არ მოვფერებივარ ისე, როგორც ჩემი გამზრდელი ბებია მეფერებოდა და მზრდიდა, მასწავლიდა ტრადიციებს… მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვნანობ ამ გადასახედიდან, ამაყად ვიტყვი, რომ ვეხმარები ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს; ვისწავლე დროის ფასი, ეკონომია, ფულის ფასი, ენა; გარდა ამისა, ვეცნობი ელადის ისტორიას, ვნახულობ ყველაფერს ჩემი თვალით, ვისწავლე ბევრი რამ, რაც ამ ქვეყანას შეეხება, მათი ადათ-წესები და ა. შ.

პედაგოგობა თქვენი მოწოდება იყო? – ვხედავ, რომ ძალიან გიყვართ ბავშვები.

სულ მაინტერესებდა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მესწავლა იურიდიულზე. ჩემს დროს ან კარგი პატრონი უნდა გყოლოდა, ან ბევრი ფული, იურიდიულზე რომ ჩაგებარებინა. მერე მოხდა ისე, რომ პედაგოგობისკენ გადაიხარა ჩემი არჩევანი. ვიდრე საბერძნეთში წამოვიდოდი, იმ წელს მაინც ჩავაბარე იურიდიულზე, თუმცა მხოლოდ პირველი სემესტრი დავხურე, მერე კი დავადექი ამ გზას და ოცნება ოცნებად დამრჩა… არ ვიცი, როდის დავაღწევ ამ „ჭაობს“ თავს.

დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?

მეშინია უკან დაბრუნების… მეშინია, რომ ჩემს თავს ვეღარ ვიპოვნი. ვინც საქართველოში წავიდა, ყველა უკან ბრუნდება და ამბობს: „ჩვენ იქ არავის ვჭირდებით“… გული მტკივა ძალიან.

როგორც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდით მისი ბოლო ვიზიტისას საბერძნეთში.

ახლახან იყო ჩამოსული ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. როგორც დიასპორის წარმომადგენელს, მეც მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი მას და გავსაუბრებოდი, მაგრამ… გამახსენდა მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საბა“: „…არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ“…

 თქვენსავით ემიგრანტ ქართველებს რას ეტყოდით?

რას ვეტყოდი ჩემს ემიგრანტებს? ჩემო ემიგრანტო დედებო, დებო, შვილებო! ჩვენ ვართ ჩვენი ოჯახებისთვის, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული დედები, მშობლები, დები… ჩვენს მხრებზე დგას საქართველო, ჩვენი თანადგომით ვეხმარებით ობლებს, მიუსაფრებს, გაჭირვებულებს. გავუძლოთ, სადამდეც შევძლებთ! იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და ჩვენთვისაც გამოანათებს სიკეთის სხივი. მოვეფეროთ ერთმანეთს და გვახსოვდეს: ჩვენ აქ, უცხო მხარეში მხოლოდ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს! ჩვენ აქ ერთნი ვართ – ბედკრული საქართველოს შვილები!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები