„ვინ დაიჯერებს, რომ ამ არსებას 23 წლის შვილი ჰყავს?!“

„ვინ დაიჯერებს, რომ ამ არსებას 23 წლის შვილი ჰყავს?!“ – გაოცებულმა იკითხა საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტელევიზიის, Αntεnα 1-ის პოპულარული დილის გადაცემის – Το πρωινο-ს წამყვანმა ფეი სკორდამ, როცა სტუმრად მიწვეულ თამთას შვილის ასაკი ჰკითხა.

სულ სხვანაირი, დედობრივი სითბოთი განათებული სახით, თამთამ აღიარა, რომ ძნელი და რთული წლები უკან მოიტოვა, რადგან მისი ქალიშვილი უკვე 22 წლისაა: „ჩამოყალიბებული ადამიანია, კარგი ბავშვია, მესამე ძლიერი ხასიათის ქალია ოჯახში დედაჩემის და ჩემ შემდეგ. ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ დაიკარგება, გზას გაიკვლევს. მე კი იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ  ყოველ ნაბიჯზე ჩემი ყველაზე მთავარი მოვალეობა ცხოვრებაში – დედის ვალი კარგად შევასრულო“.

კითხვაზე, რომელ ენაზე საუბრობს დედა-შვილი ერთმანეთთან, თამთამ უპასუხა: „ექვსი წლის იყო, როცა აქ ჩამოვიდა, ასე რომ, ჩვენი სასაუბრო ენა ბერძნულია, თუმცა როცა ხალხშია და არ სურს ვინმემ მოისმინოს ჩვენი საუბარი, ქართულად მელაპარაკება; აქედან გამომდინარე, მიხვდებით, რომ მშობლიური ენა არ დავავიწყებინეთ ბავშვს დედამ და ბებიამ“.

თამთას სულ ცოტა ხანში ყოველ კვირაში ორჯერ საქართველოში მოუწევს ხოლმე გამგზავრება, რადგან კვლავ X Factor-ის ჟიურის წევრია. ალბათ იგი კიდევ უფრო გახდება დატვირთული დღის რეჟიმის გამო. სულ ცოტა ხნის წინ თამთამ თქვა, რომ მიუზიკლ Cabaret-ს რეპეტიციებზე ოთხი კილო დაიკლო, რადგან ნორმალურად კვებას ვერ ახერხებდა: „ვეცდები, ნელ-ნელა მოვიმატო, არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. 55 კილო ვიყავი და ახლა 51 ვარ“.

თუმცა რამდენი კილოც არ უნდა მოიმატოს ან დაიკლოს, თამთა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია უბადლო აღნაგობის და ეფექტური გარეგნობის წყალობით. სწორედ ამის გამო არ დარჩენილა გულგრილი მის მიმართ ფრანგული მოდის სახლი Balmain-ი კანში 2017 წელს, Chopard-ის სამკაულების კოლექციის წარმოდგენის შემდეგ გამართულ ბრწყინვალე წვეულებაზე. თამთა საღამოზე ბერძენი დიზაინერის, სტელიო კუდუნარისის მიერ შექმნილ კაბაში იყო გამოწყობილი და ზემოხსენებული ფრანგული მაღალი მოდის სახლის მუზა გახდა.

თამთა სტელიო კუდუნარისის კაბაში, კანი, 2017 წ.

Balmain-მა კანში გამართული წვეულებიდან ერთი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა Paris Fashion Week-ზე, რომლის ერთ-ერთ ნიმუშში ბერძენი დიზაინერისგან გადაღებული თუ მოპარული (რაც გინდათ, დაარქვით) შტრიხები აშკარა და თვალშისაცემი იყო.

„ბალმეინის“ ერთ-ერთი ნამუშევარი Paris Fashion Week-ზე, 2018

აქვე დავძენთ, რომ თამთამ შარშან Madwalk-ზეც სტელიო კუდუნარისის ნამუშევრით მოგვხიბლა.

თამთა სტელიო კუდუნარისის დიზაინით შექმნილ სამოსში, Madwalk 2017

ია თულაშვილი

კომენტარები