თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი (4 -10 დეკემბერი, 2017 წ.) უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიეიდის 2017 წლის ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი  ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ“ გაიხსნა და რეჟისორ ზაზა ხალვშის ახალი ფილმის, „ნემეს“ პრემიერით დასრულდა. ფილმის ჩვენებამდე, ტრადიციულად, ფესტივალის მთავარი ჯილდოს – ოქროს და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები, ასევე, ეროვნული კინოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი, ხოლო წევრები იყვნენ ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე  და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

„ოქროს პრომეთე“  საუკეთესო  ფილმისთვის „ყორნები“  (შვედეთი, 2017) რეჟისორ იენს ასურს გადაეცა.

„ვერცხლის პრომეთე“ კი ჟიურიმ საუკეთესო რეჟისურისთვის რეჟისორ მილად ალამს მიაკუთვნა (ფილმი „არშიყი“; დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017)

ჟიურის სპეციალური პრიზი „განსაკუთრებული აღნიშვნა“ გადაეცა  ანა ურუშაძეს ფილმისთვის „საშიში დედა“ (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის „ხარაჩოები“ (ისრაელი, პოლონეთი, 2017).

ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს გერმანელმა კინომცოდნეებმა – ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

 

„ქართული პანორამის“ გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი  – „საშიში დედა“, რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი  –  „მზის ქალაქი“, რეჟისორი რატი ონელი (საქართველო, აშშ, ყატარი, ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი  – „ანა“, რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი  – „თევზაობა“, რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო, საფრანგეთი, 2017).

გარდა ამისა, თბილისის  საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს პირველად გაიცა „ევროკავშირის პრიზი“,  რომელიც ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს გადაეცა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. გამარჯვებული გახდა „არშიყი“ (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017, რეჟისორი მილად ალამი).

 ფესტივალის ფარგლებში ინდუსტრიული დღეები გაიმართა, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას არაერთი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა ელენე მიქაბერიძისა და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი „თავის-უფალი“.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგფორუმის გამარჯვებულია გიგიშა აბაშიძისა და ლაშა ხალვაშის პროექტი „უხერხემლო“.

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებს  ფულადი პრიზები (მოკლემეტრაჟიანი – 3000 ლარი; სრულმეტრაჟიანი – 5000 ლარი) გადაეცათ. პრიზი „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა“ დააწესა.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გაისად ამავე პერიოდში, დეკემბერში გაიმართება.

 თამარ ოთიაშვილი

 

კომენტარები