ირაკლი კობახიძე The National Prayer Breakfast-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს, 8 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც „ეროვნული ლოცვის შემდგომი საუზმის“ (The National Prayer Breakfast) სახელით არის ცნობილი. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ იკრიბებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუზმეზე ამერიკელი კოლეგის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, პოლ რაიანის ინიციატივითაა მიწვეული.

პოლ რაიანი და ირაკლი კობახიძე

რიგით 66-ე „ლოცვისშემდგომ საუზმეს“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახსნის. შეხვედრა მედიისთვის დახურულია და მასზე მხოლოდ სპეციალურად მიწვეული სტუმრები დაიშვებიან.

The National Prayer Breakfast Day-ს ტრადიციას საფუძველი 1952 წელს, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროს ჩაეყარა და მას შემდეგ ამ ფორმატში შტატებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს, მათ შორის, პოლიტიკოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ფორმატი მსოფლიო ლიდერებს საშუალებას აძლევს, ნაკლებად ფორმალურ გარემოში იასაუბრონ გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 5 თებერვალს დაიწყო. კობახიძემ უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორთან, მერი მაზანეკთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან ელიზაბეტ მილარდთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლთან და სხვ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 7 თებერვალს თავის კოლეგას, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს – პოლ რაიანს შეხვდა, რომელმაც ქართველ კოლეგას კაპიტოლიუმში უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარესთან, პიტერ როსკამთან.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად მიღება გაიმართა.

 

ირაკლი კობახიძე და დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და დიალოგის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, იმ მიმართულებებისა, რომლებიც ორ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოს პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველო სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით. გასული წლის განმავლობაში არსებული ძალიან მაღალი დინამიკა უნდა გაგრძელდეს. გასულ წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა, რომლებიც უნდა გამყარდეს 2018 წელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, მისი შეხვედრები როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დიდად შეუწყობს ხელს ამ დიალოგის გაღრმავებას და გაძლიერებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები