კატამ საერთაშორისო აეროპორტში შუქი გამორთო

ქაიროში ქუჩის კატა საერთაშორისო აეროპორტის დენის ქვესადგურში შეიპარა, რის გამოც საბარგო ზონის რამდენიმე შენობაში შუქი გამოირთო. ეს ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელეარხმა Sada Elbalad-მა გაავრცელა. საქმე ისაა, რომ კატის ძრომიალმა სადენებს შორის მოკლე ჩართვა გამოიწვია. ტელეარხის ცნობით, საბრალო ცხოველს დენმა დაარტყა და მოკვდა.

მსგავსი ისტორიები არც ისე იშვიათად ხდება. კატები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ხშირად იქ მიძვრებიან, სადაც არაფერი ესაქმებათ და უსაფრთხოებას არად დაგიდევენ.

მაგ., 2009 წელს კატა გახდა იმის მიზეზი, რომ ულან-უდეში თბოელექტროცენტრალი მწყობრიდან გამოვიდა და ქალაქის მცხოვრებთა, პრაქტიკულად, ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა. აღმოჩნდა, რომ ობიექტზე უსახლკარო კატა შეიპარა, რომელმაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.

ზუსტად ერთი თვის წინ კი, 21 დეკემბერს ბაქოს სარკინიგზო სადგურმა საღამოს უეცრად მუშაობა შეწყვიტა, რადგან დენი მთლიანად გამოირთო. მიზეზი იყო მოკლე ჩართვა ვაგზლის დენის ქვესადგურის ტრანსფორმატორში, რომელშიც კატა შეძვრა და მწყობრიდან გამოიყვანა. ცხოველს დენმა დაარტყა და მოკლა.

სამწუხაროდ, კატებს არ ესმით, რომ ელექტრობასთან ხუმრობა არ შეიძლება.

კომენტარები