მარიამ ხაჭვანმა კანის კინოფესტივალის პროგრამის კონკურსში გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის 71-ე კინოფესტივალის სპეციალური პროგრამის 6 რჩეულ რეჟისორს შორის მოხვდა.

Cinefondation Residence-ის პროგრამის ფარგლებში, შერჩეულ რეჟისორებს 6 თვით პარიზში იწვევენ, სადაც პროექტზე უნდა იმუშაონ. ისინი ცნობილი რეჟისორების მასტერკლასებსაც გაივლიან  და ფრანგულ ენასაც შეისწავლიან. მარიამი პარიზში პირველ მარტს ჩავა.

Cinefondation Residence-ის პროგრამა კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 2000 წლიდან დაიწყეს, მის ფარგლებში გამოცდილი პროფესიონალები ახალგაზრდა რეჟისორებს ყოველწლიურად ასწავლიან და განვითარებაში ეხმარებიან . გასულ წელს ამ პროგრამაში ქართველი რეჟისორი რატი წითელაძე მოხვდა პროექტით „ცარიელი სახლი”.

მარიამმა კანის პროგრამაში გასამარჯვებლად 2 საკონკურსო ეტაპი გაიარა, რომელშიც უამრავი რეჟისორი მონაწილეობდა. საბოლოოდ სპეციალურმა ჟიურიმ მარიამ ხაჭვანი გამოარჩია კიდევ ხუთ (ორ კოლუმბიელ, ტაივანელ, სლოვენიელ და ნეპალელ) რეჟისორთან ერთად. ისინი ოფიციალურად მიიწვიეს კანისა და ლოკარნოს ფესტივალებზე.

მარიამ ხაჭვანი პარიზშ თავისი ახალი მხატვრული სრულმეტრაჟიანი პროექტის, „ნენეს“ განვითარებაზე იმუშავებს. ამ პროექტმა 2017 წელს ავსტრალიაში უკვე მოიპოვა პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემიის, APSA-ს (Asia Pacific Screen Awards) გრანტი.

APSA-ს (Asia Pacific Screen Awards) დაჯილდოებაზე

მომავალი ფილმის სცენარზე მარიამი წინასწარ არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული, ამჯერად არა სვანეთის თემაზე, როგორც მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“.

„დედე“ სვანი გოგონას სიყვარულზე მოგვითხრობს და თითქმის ყველა საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული ბრუნდება. სხვათა შორის, კინოსურათმა გასულ წელს კანში, კინემატოგრაფისტების 30-ე შეხვედრაზე ფესტივალის ჟიურის გრანპრი დაიმსახურა.

2018 წლის კანის კინოფესტივალი 8-19 მაისს ჩატარდება. ჟიურის თავმჯდომარე ორგზის ოსკაროსანი ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები