მწვადი გულს და მხედველობას უხდება

ამ პატარა ინფორმაციით უთუოდ გავახარებთ ქართველ მამაკაცებს, რომელთაც ექიმები ხშირად უშლიან გემრიელ სმა-ჭამას. არადა, თურმე ნუ იტყვით, ჩაბასტურმებული (და, საერთოდ, მარინირებული) ხორცი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ასაკობრივი სნეულებების განვითარებას უწევენ მედგარ წინააღმდეგობას. მოკლედ, მწვადის მოყვარულები, საკვებთან ერთად, ნატურალური ანტიოქსიდანტების დამატებით ულუფასაც იღებენო, ასე მიაჩნიათ კანადელ მეცნიერებს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან. მათი დაკვირვებით, მარინადში გამოყვანილი ხორცი გრილზე შეწვის შემდეგაც ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

ბიოლოგების ჯგუფმა დაადგინა, რომ პოპულარული სოუსები და მარინადები მთელ რიგ სპეციალურ საკმაზს, ხილსა და ბოსტნეულს შეიცავს, რომლებიც უზომოდ მდიდარია ნატურალური ანტიოქსიდანტებით. ეს ნარევები ებრძვის ასაკობრივი დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა სნეულებების, ინსულტის, ართრიტისა და კატარაქტის განვითარებას, აგრეთვე, კიბოს.

გამოკვლევას ატარებდნენ შვიდ პოპულარულ მარინადზე, რომლებშიც შედის ნიორი, ბალახეული (მწვანილი), თაფლი, წითელი წიწაკა, ქუნჯუთის ზეთი და კოჭა. ყველა სოუსში, რომელშიც ეს ინგრედიენტები „მონაწილეობდნენ“, მეცნიერებმა ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა დააფიქსირეს.

მკვლევრები გურმანებს აფრთხილებენ, რომ ანტიოქსიდანტების სარგებლიანობა თითქმის ნულს უტოლდება, თუ მარინადთან ერთად უხარისხო პროდუქტებს ან მეტისმეტად ცხიმიან ხორცს გამოიყენებენ.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები