„ნარკოგამსაღებლებზე ჩვენი მიდგომა იქნება კატეგორიული“

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივაზე  ნარკომომხმარებლებისათვის შეწყალების წესის გამარტივების თაობაზე კომენტარი გააკეთა. „ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ჰუმანურია, ხოლო ნარკოგამსაღებლებზე ჩვენი მიდგომა იქნება კატეგორიული“, – განაცხადა მინისტრმა.

გახარია გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც შეწყალების აქტში ცვლილებები შეიტანა.

„თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტული გეგმაც გვაქვს. გვაქვს კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილების სახით, თუ როგორ გახდეს ნარკომოხმარების მიმართულებაში უფრო ჰუმანური. ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა და თუ ნახავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით ფაქტობრივად მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად კატეგორიული”, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ამ ინიციატივის წამოყენებით, შს მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, მაგრამ დაუმატა: „თუ დაიწყო, ნაადრევია”.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ გუშინ (პირველ თებერვალს) განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე.

კომენტარები