პორტუგალია: ნავაჭრში გადახდილი თანხის პროცენტის (ტაქს ფრი) დაბრუნება

როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, პორტუგალიაც უბრუნებს არარეზიდენტ პირებს ქვეყნის ფარგლების დატოვებისას დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილს – ტაქს ფრის (Tax Free) თანხას. თანხის დასაბრუნებლად ერთჯერადი ნავაჭრის საფასური, სულ ცოტა, 60 ევრო უნდა იყოს (არსებობს გამონაკლისიც: მაგ., სავაჭრო ცენტრი El Corte Inglés მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ამ ცენტრში 3 დღის განმავლობაში ნებისმიერი თანხის შენაძენი გააკეთონ და ჩეკი მესამე დღეს აიღონ 3 დღეში დახარჯულ თანხაზე (რომელიც მთლიანობაში 60 ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს); ეს ინფორმაცია მაინც გადაამოწმეთ ადგილზე, სავაჭრო ცენტრში, რადგან შეიძლება წესები შეიცვალოს).

იმისათვის, რომ სალაროსთან თანხის გადახდისას Tax Free-ს ჩეკი შეგივსონ, აუცილებლად თან უნდა გქონდეთ პასპორტი.

სანამ სალაროსთან მომუშავე გამყიდველი შენაძენს გაატარებს, მანამ უთხარით, რომ ტაქს ფრის ჩეკის აღება გსურთ (ყველა მაღაზია არ იძლევა ამ ჩეკს, ამის გაგება შეგიძლიათ სტიკერების მიხედვით, რომელიც მაღაზიას ან ფასადზე აქვს, ან სალაროსთან; ან, უბრალოდ, მოლარეს ჰკითხეთ, სანამ რამეს შეიძენდეთ).

აეროპორტში წარსადგენად უნდა შეინახოთ როგორც ტაქს ფრის ჩეკი, ისე მაღაზიის ჩეკიც.

აუცილებელი პირობაა, რომ ტაქს ფრის ჩეკის ყველა გრაფა სწორად იყოს შევსებული (ყურადღება მიაქციეთ, რომ პასპორტის მონაცემები სწორად ჩაწერონ ტაქს ფრის ჩეკში; ან თქვენი პირადი მონაცემები შეგიძლიათ თავადვე ჩაწეროთ წყნარად, სასტუმროში). მაღაზიაში ტაქს ფრის ჩეკს აუცილებლად უნდა დაუსვან ბეჭედი (შევსებულ ჩეკს ბეჭდის გარეშე არანაირი ძალა არ აქვს).

ფორმაში ყველა მინდორი ლათინური ასოებით შეავსეთ:

  1. პასპორტის ნომერი
  2. სახელი და გვარი (როგორც პასპორტში წერია)
  3. სახლის მისამართი (თბილისში), ქალაქის საფოსტო კოდი (მაგ., დიღმის მასივის კოდია 0159)/ქალაქი; ქვეყანა; ელექტრონული ფოსტა (მეილი); საკრედიტო ბარათის ნომერი იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ თანხა ხელზე კი არ აიღოთ, არამედ გადმოგირიცხონ; დაბოლოს, ხელმოწერა – ხელმოწერაც აუცილებელია.

ლისაბონში არის Global Blue-ს, Premier Tax Free-ს და სხვა კომპანიების ოფისები, რომლებიც თანხას აბრუნებენ.

თუ ტაქს ფრის თანხის დაბრუნებას აპირებთ, ნაყიდი ნივთები არ გამოიყენოთ და ერთად მოათავსეთ (ჩემთვის, პირადად, საბაჟოზე ნივთების ჩვენება არასდროს მოუთხოვიათ, მაგრამ შესაძლებელია მოგთხოვონ).

აეროპორტში ჩვეულებრივზე  ერთი საათით ადრე მაინც უნდა მიხვიდეთ, რომ ტაქს ფრის თანხის დაბრუნებისთვის დრო გქონდეთ (ზოგან დიდი რიგია ხოლმე, ან შეიძლება მებაჟის ლოდინი მოგიწიოთ).

როდესაც ბარგის რეგისტრაციას გადიხართ, მომსახურე პირი უნდა გააფრთხილოთ, რომ ტაქს ფრის ჩეკები გაქვთ და თანხის დაბრუნებას აპირებთ. ბარგს აწონიან, სტიკერს დააკრავენ და უკან დაგიბრუნებენ. ამის შემდეგ თქვენი ბარგითურთ უნდა მიხვიდეთ საბაჟო დახლთან (# 101), სადაც ტაქს ფრის ჩეკებს და მაღაზიის ჩეკებს მისცემთ (შეიძლება ნაყიდი ნივთები შეგიმოწმონ, ამიტომ ერთად უნდა გქონდეთ). ამის შემდეგ ტაქს ფრის ჩეკებზე სპეციალურ შტამპებს დაგირტყამენ (აუცილებლად ყველაზე დაარტყმევინეთ) და ამ დახლიდან თქვენს ბარგს თვითონვე გაუშვებენ თვითმფრინავში, რეგისტრაციის დახლთან დაბრუნება აღარ დაგჭირდებათ.

თუ თქვენი რეისი გვიან ან ძალიან ადრეა, შეიძლება საბაჟოს თანამშრომელი ადგილზე არ იყოს, მაგრამ იქვე მითითებულია მისი ნომერი და შეგიძლიათ დაურეკოთ და მოსვლა სთხოვოთ. იგი თქვენი რეისის ნომერს გკითხავთ და დაახლოებით 15 წუთში მოვა ადგილზე.

ყველა ნაყიდი ნივთი უნდა იყოს იარლიყებით და ბირკებით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება შეგიმოწმონ. რომელ ნივთებსაც გამოიყენებთ, ყოველი შემთხვევისთვის, იმათი ჩეკები ცალკე გქონდეთ და ნივთებიც ცალკე პარკში მოათავსეთ. თუ მათზე არ დაგიბრუნებენ თანხას, დანარჩენზე მაინც ხომ დაგიბრუნებენ.

სანამ ფულს აიღებთ, დაახარისხეთ ჩეკები კომპანიების მიხედვით, რადგან შეიძლება ფულის აღება სხვადასხვა ადგილას მოგიწიოთ.

ლისაბონის აეროპორტში კომპანია Global Blue-ს ოფისი პირადი შემოწმების პუნქტის უკანაა, მარცხნივ. ის დილის 7-იდან საღამოს 11 საათამდე მუშაობს. სხვა დროს არავინ თქვენს ჩეკებს არ მიიღებს. Premier Tax Free-ს (დილის 7-ის ნახევრიდან ღამის 12-ის ნახევრამდე მუშაობს) და Innova Tax Free-ს ოფისები ერთი სართულით ზემოთაა, გეიტების წინ ჰოლში. თუ თანხის მიღებას ვერ ასწრებთ, მაშინ შევსებული და დაშტამპული ჩეკები კომპანიის კონვერტში მოათავსეთ და მისივე საფოსტო ყუთში ჩააგდეთ, ან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაიბრუნეთ (საქართველოში ბანკი ემსახურება ტაქს ფრის დაბრუნებას).

თუ ისეთ დროს მიხვალთ აეროპორტში, რომ ამ კომპანიების ოფისები ღიაა, მაინც არ გირჩევთ ნაღდი ფულის მიღებას, რადგან თითო ჩეკზე 3 ევროს მაინც დაგიქვითავენ და საბოლოო ჯამში თანხის, სულ ცოტა, 30-40 პროცენტს დაკარგავთ. ჯობია, თქვენი საბანკო ანგარიში მიუთითოთ და გადმორიცხვა მოითხოვოთ.

კომპანიებისთვის ფოსტითაც შეგიძლიათ მაღაზიის ჩეკებისა და შტამპიანი ტაქს ფრის ჩეკების გაგზავნა. ისინი თანხას საბანკო ანგარიშზე გადმოგირიცხავენ არა უგვიანეს 3 თვისა.

გაითვალისწინეთ, რომ ტაქს ფრის თანხას ყველა სახის პროდუქციაზე არ აბრუნებენ – მაგ., არ აბრუნებენ მალფუჭებადზე, როგორიცაა კვების პროდუქტი, მანქანებზე და სხვ.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციას თავად კომპანიების – Global Blue-ს, Premier Tax Free-ს და Innova Tax Free-ს საიტებზე გაეცნობით.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები