რატომ არავის ეუბნება თამთა სიტყვებს: “μωρο μου”?

„დღემდე არცერთი მამაკაცისთვის მითქვამს “μωρο μου”, – ამტკიცებს ცნობილი მომღერალი თამთა (ეს მიმართვა ძალიან გავრცელებულია შეყვარებულ წყვილებს შორის საბერძნეთში და ნიშნავს „ჩემო პატარა“). „რატომ უნდა ვუთხრა მამაკაცს ეს სიტყვები მხოლოდ იმის გამო, რომ მოდაშია?!“ – კითხულობს იგი, თან ჟურნალისტის შეკითხვაზე, სიმართლეს შეეფერება თუ არა ინფორმაცია, რომ დაინიშნა და სულ ცოტა ხანში ცოლადაც გაჰყვება გულის რჩეულს – ხმის ჩამწერი სტუდია Panic Records-ის მფლობელ პარის კასიდოკოსტაკის, კატეგორიულ უარს ამბობს: „დღეს იმ ქალთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც საპატარძლო კაბაზე, შინ ჯდომასა და ბავშვების დევნაზე არ გიჟდებიან, თუმცა მომავალში არაფერს გამოვრიცხავ; ხშირად მოულოდნელად და ძირეულად შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ“, – ამბობს მომღერალი.

ზაფხულის ბოლო თვეს თამთა ამერიკაში ისვენებდა პარისთან ერთად, სადაც ისინი სან ფრანცისკოს, სანტა ბარბარას და ლოს ანჯელესსაც ესტუმრნენ. ცნობილმა მომღერალმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და ლეგენდარულ სტუდია Universal-ს ეწვია. სტივენ სპილბერგის უცხოპლანეტელის – E.T-ის დანახვამ კი იგი იმდენად აღაფრთოვანა, რომ სიყვარულით სავსე ამბორი მიუძღვნა.

ამერიკაში გამგზავრებამდე X-Factor-ის კრიტიკოსი Video Music AWARDS-ზე იყო მიწვეული. როგორც მოსალოდნელი იყო, საღამოს FASHINABLE (ყველაზე მოდური) სწორედ იგი აღმოჩნდა. თამთას ყოველ გამოჩენას თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან, იციან, რომ რაც არ უნდა ჩაიცვას Fashion Ikon-ის ტიტულის მფლობელმა, ყველაფერს მოიხდენს. ამ საღამოზე იგი მამაკაცის დიდი ზომის თეთრი პერანგითა და ხასხასა წითელი დაბალყელიანი ჩექმებით გამოცხადდა, უამრავი წვრილი ნაწნავით დამშვენებულ თავზე კი იასამნისფერი ბერეტი ეხურა. ყველას ერთი კითხვა დაებადა: შეიძლება ეს ჩაცმულობა იყოს წლევანდელი შემოდგომის მოდის ბოლო სიტყვა?

თამთა ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ თესალონიკს ეწვევა განახლებული რეპერტუარით – კონცერტი 15 სექტემბერს გაიმართება.

ია თულაშვილი

კომენტარები