რატომ უნდა შევიძინოთ ფეხსაცმელი საღამოს?

ფეხსაცმელი რომ არა მარტო მოდური, მოსახერხებელი, გამძლე და ჰიგიენური უნდა იყოს, ეს ყველამ კარგად იცის, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ფეხსაცმლის ყიდვისას შემდეგი ფაქტორები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  •  აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც არ გიძნელებთ მოძრაობას, ტერფს დაზიანებისა და დეფორმაციისგან იცავს, არ აზიანებს კანს.
  •  ახალი ფეხსაცმლის გასინჯვისას ფეხზე უნდა იდგეთ. აუცილებლად გადადგით რამდენიმე ნაბიჯი, რადგან სიარულისას ტერფის ზომა იცვლება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ფეხსაცმელი საღამოს მოვიზომოთ: ამ დროს, მთელი დღის განმავლობაში სიარულის გამო, ფეხები ოდნავ შესიებულია.
  • ფეხსაცმელში ფეხის თითები თავისუფლად უნდა მდებარეობდეს. ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ, რომ ზომაზე მეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმა შეიძლება ფეხი გადაგიტყავოთ ან სულაც კოჟრი გაგიჩინოთ.
  • ღია მოდელები (მაგალითად, ფეხსაცმელი-ნავი)  აუცილებლად მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ტერფს, განსაკუთრებით ქუსლს.
  • ყოველდღიურად ჩაცმისთვის რეკომენდებულია სამი-ხუთი სანტიმეტრი სიმაღლის ქუსლის მქონე ფეხსამოსი. ზომაზე მაღალ და წვრილ ქუსლზე სიარული ფეხის უკანა კუნთების კუმშვასა და წინა კუნთების გაგანიერებას იწვევს. ფეხი ადრე იღლება, თან ტრავმების ალბათობაც იმატებს.
  • პლატფორმიანი ფეხსაცმელი, სიმაღლის მკვეთრი სხვაობის არარსებობის გამო, არ ძაბავს ტერფის ნაწილს ფეხის წვერსა და ქუსლს შორის, მაგრამ ამ სტილის ფეხსაცმელს თავისი უარყოფითი თვისებები აქვს: როდესაც პლატფორმა ფეხსაცმელი გაცვიათ, სავალი ზედაპირის უსწორმასწორობას ვერ გრძნობთ, რაც ფეხის გადაბრუნებისა და დაზიანების საფრთხეს ქმნის.

 

 

კომენტარები