რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას 774 ახალი წევრი შეემატა, მათ შორის, ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომლის ფილმი – „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ 1997 წელს „ოსკარის“  ნომინაციაზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

ნანა ჯორჯაძე  ერთადერთი ქართველი არ არის, ვინც ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა. მას შემდეგ, რაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მანდარინები“ 2013 წელს  „ოსკარის“ იმავე ნომინაციაზე წარადგინეს, აკადემიამ რეჟისორი ზაზა ურუშაძეც საკუთარ შემადგენლობაში მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიამ 2015 წელს 322, 2016 წელს კი 683 ახალი წევრი დაიმატა, ფაქტია, რომ წელს აკადემიაში წევრთა რეკორდული რაოდენობა მიიღეს. ისინი 57 ქვეყნის წარმომადგენლები არიან და მათ შორის 39 პროცენტი ქალია.

კადრი ფილმიდან „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“

სხვათა შორის, ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრთა შორის ასევე მოხვდნენ მონიკა ბელუჩი, აიშვარია რაი, კრის ჰემსვორტი, ედგარ რამირესი, კრისტენ სტიუარტი, კრის ევანსი, შარლოტა გინსბურგი, რუპერტ გრინტი, ნაომი ჰარისი და სხვები.

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს – „ოსკარს“ გასცემს, უკვე 8 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები