როგორ სიზმრებს ხედავთ? – სიზმრის ახსნა ფერების მიხედვით

თქვენი არ ვიცი და – პირადად მე სულ ფერად სიზმრებს ვხედავ, არადა, თურმე ეს იშვიათი შემთხვევაა. სიზმრების მკვლევარი კელვინ ჰოლი, ამტკიცებს, რომ სიზმრების ორი მესამედი შავ-თეთრია, ფერი მხოლოდ ერთ მესამედში არსებობს და ფერად სიზმრებს მხოლოდ და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ ხედავენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხედულებებს ყველა არ ეთანხმება. ზოგიერთები აცხადებენ, რომ ადამიანის მიერ ნანახი ყველა სიზმარი ფერადია, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვიმახსოვრებთ მათ ფერადოვნებას.

ფერი სიზმრის გაგების ყველაზე უბრალო და ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად გვევლინება. ჩვენ ყველაფრის ფორმას აღვიქვამთ, რომელიც გარშემო არსებობს, მაგრამ ამ ფორმების აღქმა სწორედ მათი ფერთა თამაშის, შუქ-ჩრდილისა და გარდამავლობის საშუალებით ხდება. ფერის არსში ჩაწვდომა ენერგიის არსში ჩაწვდომას ნიშნავს.

წარსულში ადამიანზე ფერის ზეგავლენას გაცილებით სერიოზულად ეკიდებოდნენ. ყველა ფერს თავისი ქვეტექსტი, აზრი და ახსნა ჰქონდა. შუამდინარეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთსა და ჩინეთში, ტიბეტსა და ამერიკელ ინდიელებში ფერის მიხედვით სიზმრის ახსნა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. სწორედ სიზმრის ფერადოვნებაზე იყო დამოკიდებული ის, თუ რას მოასწავებდა სიზმარი, რისთვის უნდა მიექცია ადამიანს ყურადღება, რას უნდა დალოდებოდა – გამარჯვებას თუ მარცხს, აღზევებასა თუ ღალატს?

მოდით, ვნახოთ, რას მოასწავებს სიზმრებში ამა თუ იმ ფერის დომინირება იმ დიდი ცოდნის „ნარჩენების“ მიხედვით, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.

წითელი სიზმრები

წითელი პირველი ჩაკრის ფერია, რომელიც ხერხემლის ქვეშ მდებარეობს და სიცოცხლის აუცილებლობას განასახიერებს. სიზმარში ამ ფერის დომინირება ადამიანს აქტიური, აგრესიული მოქმედებებისკენ მოუწოდებს, სტიმულს აძლევს გულის მუშაობას და სექსუალურ ენერგიასთან ასოცირდება. თუ თქვენს სიზმარში ყველაფერი მოწითალო ფერისაა, გაითვალისწინეთ, რომ მომავალში ან უდიდესი სექსუალური ლტოლვა გელით ან მრისხანება, რომელიც ვიღაცის ღალატმა თუ თქვენ წინააღმდეგ აგრესიულმა გალაშქრებამ შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში თქვენც აქტიური მოქმედების დაწყება და პირდაპირობა, ნებისყოფისა და ძალაუფლების გამჟღავნება გმართებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ფერის დასიზმრება შესაძლოა მელანქოლიისა და პასიურობის, პესიმიზმისა და უიმედობის დაძლევაშიც დაგეხმაროთ.

ნარინჯისფერი სიზმრები

ნარინჯისფერი მეორე ჩაკრის ფერია, რომელიც ადამიანებს ჭიპიდან შვიდი-რვა სანტიმეტრით ქვემოთ აქვს განთავსებული. სიზმარი, რომელშიც ეს ფერი დომინირებს, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი აღიარებისა და ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. იგი სიხარულს, დიდ ბედნიერებას უნდა ელოდოს. შესაძლოა იგი კარიერისკენ მიმავალო გზას დაადგეს, ან დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეს. ნარინჯისფერი რთულ მდგომარეობაში წონასწორობის დაცვასა და თავშეკავებულობაზეც მეტყველებს. და, რაც მთავარია, იმაზე მიგვითითებს, რომ თქვენ ყველა პირობა შეგექმნებათ წარმატების მისაღწევად, გამარჯვების მოსაპოვებლად.

ყვითელი სიზმრები

ყვითელი ფერი მესამე ჩაკრის ფერია, რომელიც მზის წნულთან მდებარეობს. სიზმარში ყვითელი ფერის დომინირება აზროვნების პროცესებს უკავშირდება და რაღაცის გაანალიზებისკენ, რაღაცის მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ გვიბიძგებს. იმისთვის, რომ ესა თუ ის მოვლენა განვიხილოთ, უპირველეს ყოვლისა, მის ლოგიკას უნდა ჩავწვდეთ, ამისთვის კი ორიგინალური აზროვნება და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ხედვაა საჭირო. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ყვითელი სიზმარი. და კიდევ: ის გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ სპონტანურ ქმედებებს, მოვლენებზე სწრაფ რეაქციას, უმჯობესია, შევიცადოთ და მრავალგზის განხილვის შემდეგ გადავდგათ საპასუხო ნაბიჯი. აზროვნება, ანალიზი, დისციპლინა და ტაქტი – აი, რა უნდა იყოს იმ პიროვნებათა იარაღი, რომელთა სიზმრებშიც ყვითელი ფერი წინა პლანზე იწვევს.

მწვანე სიზმრები

მწვანე ფერი სხეულის მეოთხე ენერგეტიკულ ცენტრს – გულის ჩაკრას  განეკუთვნება. სიზმარში ის უსაფრთხოების სიმბოლოა. შესაძლოა სიყვარულს, ჰარმონიულ ურთიერთობებს, იმედის გამყარებას და განკურნებასაც მოასწავებდეს. ცნობილი მკვლევრის, ჰუგო ჩეიზის მტკიცებით, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ მწვანე სიზმრები ადამიანებს სწორედ იმ მომენტში ესიზმრებათ, როცა მათი ორგანიზმი რაიმე მძიმე დააავადებისგან განკურნების პროცესშია, ან დიდი ხნის ოცნება უნდა აუხდეთ.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მწვანე ბუნებაში სამყაროს უსასრულო, ამოუწურავ ძალასა და სიცოცხლისუნარიანობას, განახლებასა და ახალ სიცოცხლეს განასახიერებს.

ცისფერი სიზმრები

ეს ფერი ყველა ჩაკრას უკავშირდება. ის ადამიანს ჭეშმარიტების ძიებისკენ უბიძგებს. ცისფერი სიზმარი სულიერი ამაღლებისა და განწმენდის აუცილებლობისკენ მოგიწოდებთ. ადამიანებს, რომლებსაც ცისფერი უყვართ და გარემოსა თუ სიზმრებში სწორედ ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, იდეალიზმი, განსაკუთრებული მოთმინება და ამტანობა ახასიათებთ. სიზმარში ცისფრის დომინირება შეიძლება რომელიღაც კარგა ხნის მივიწყებული ახლობლის ან მშობლიური სახლის მონახულებაზეც მიგანიშნებდეთ. ან იმაზე, რომ თქვენი მგრძნობიარობა გადაჭარბებულია და საკუთარი იდეების, მოვალეობების ილუზიურ სამყაროში ცხოვრობთ.

და კიდევ, ცისფერი სიზმრები ხშირ შემთხვევაში შთაგონების, შემოქმედებითი წარმატების, სულიერი სიახლოვისა და ერთგულების მაუწყებელია.

იისფერი სიზმრები

იისფერი ინტუიციის ფერია და ის სხვა ფერებზე მეტადაა დაკავშირებული სიზმრებთან, ამიტომ განასაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო იმ სიზმრების მიმართ, რომლებშიც ღია ან მუქი იისფერი დომინირებს. საერთოდ, იისფერი სიზმრის ნახვის შემთხვევაში ღირს, ყური უგდოთ ინტუიციას და იმ ადამიანებსა თუ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ფიგურირებს, არა მარტო საღ აზრს, არამედ შინაგან ხმას, გულის კარნახსაც მიენდოთ.

იისფრის დახმარებით შორეულ მომავალში ცქერის საშუალება გეძლევათ. ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

ოლგა შესტოპალოვა, „ფერადი სიზმრები“

თეთრი სიზმრები

თეთრი ფერი ზედა ანუ გვირგვინ-ჩაკრას უკავშირდება. ის განწმენდისაკენ მოგიწოდებთ, ღვთიური სიყვარულისკენ გიბიძგებთ.

თეთრი სიზმარი შეიძლება იმაზეც მეტყველებდეს, რომ მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა გელით, რომელიც სულით ხორცამდე შეგძრავთ, ღრმა კვალს დატოვებს თქვენს არსებაში, გამორჩეული იქნება და კიდევ უფრო მეტად აგამაღლებთ სულიერად.

***

აი, ასეთია ფერადი სიზმრების საოცარი სამყარო. მათში ხშირად ფერი უფრო მეტყველია, ვიდრე მოვლენა ან სიტყვა.

თამთა გურულ

კომენტარები