რუსებს აშშ-ში გამგზავრებას არ ურჩევენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის მიერ ამ ქვეყნებისათვის მათი დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნის საფრთხის ქვეშ არიან.„თანამშრომლობის გაუმჯობესებისაკენ ჩვენი მოწოდებების მიუხედავად აშშ-ის სპეციალური უწყებები ეფექტურად აგრძელებენ მსოფლიოს გარშემო რუსებზე „ნადირობას“. ამ პირობების გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს ფრთხილად აწონ-დაწონონ საზღვარგარეთ გამგზავრების რისკები“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.

განცხადების თანახმად, 2017 წელს აშშ-მა სხვადასხვა ქვეყანაში 10 რუსეთის მოქალაქე დააკავა. ესპანეთში, ლატვიაში და საბერძნეთში დაკავებულ პირებს კიბერდანაშაულში ედებათ ბრალი. საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მათ აშშ-ის სასამართლო მიკერძოებულად მოექცევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები