სააკაშვილი ძებნილ პოლიტიკოსთა „ტოპ-ხუთეულში“ შეიყვანეს

გამოცემა Time-მა მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა.

„დასავლეთში განათლების მიღების შემდეგ სააკაშვილი საქართველოში ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გაფლანგვაში ბრალდებების ფონზე მან თანამდებობა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, მაგრამ 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დაკავება და რეფორმების გატარება შესთავაზა. სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქე გახდა. 2016 წლის ნოემბერში ის თანამდებობიდან გადადგა, ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა და პოროშენკო უკრაინაში კორუფციის მხარდაჭერასა და ოდესაში ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხარდაჭერაში პირადად დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, ამან უკრაინის მმართველ ელიტაში სააკაშვილს გულშემატკივრები ვერ შემატა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კრიმინალური დაჯგუფების მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა გასული წლის ივლისში ჩამოართვა, რის შედეგადაც სააკაშვილი აპატრიდი გახდა.

გასული წლის დეკემბერში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი კიევში პოლიციას გაექცეს. პოლიციამ იგი მაინც დააკავა, მაგრამ შემდეგ მხარდამჭერებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს“, – წერს „თაიმი“.

ჩამონათვალში სააკაშვილის გარდა კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, თურქეთში გადატრიალების მცდელობის მოწყობაში ეჭვმიტანილი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი, Wikileaks-ის შემქმნელი ჯულიან ასანჟი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი მოხვდნენ.

კომენტარები