საბერძნეთის სკოლის მოსწავლეებს თვეში ერთ შაბათ-კვირას საშინაო დავალების შესრულება არ მოუწევთ!

უკვე მომავალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სასიხარულო ამბავი ელოდებათ: თვეში ერთხელ დასვენების დღეები საშინაო დავალებისგან „დასვენებისაც“ იქნება, რადგან საშინაო დავალებას, უბრალოდ, არ მისცემენ – ეს სიახლე საბერძნეთის განათლების მინისტრმა კოსტას გავროგლუმ დაადასტურა.

პროგრამამ საპილოტე შემოწმება 25 სკოლაში გაიარა და მთავრობა უკვე აპირებს ის მთელ საბერძნეთში გაავრცელოს, 4400 მოსწავლეზე.

გავროგლუმ ERT TV-ს ეთერში განაცხადა, რომ მოსწავლეებს შეეძლებათ თვეში ერთ პარასკევს თავიანთი ჩანთები სახლებში დატოვონ. ამ ინიციატივის შედეგად მოზარდებს უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებათ დასვენების დღეებში – შაბათ-კვირას.

სამინისტროს დაწყებითი განათლების განყოფილების წარმომადგენელმა გეორგოს პოლიტისმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ არის, თუმცა წლეულს ატიკაში, კრეტასა და საბერძნეთის სხვა ნაწილებში განხორციელებული საპილოტე პროგრამის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცოტამ თუ ამჯობინა უარი ეთქვა ასეთ შესაძლებლობაზე.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები