საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა

საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, წლეულს „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ წოდება ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკის კათედრისა და ათენის აკადემიის ახალბერძნული დიალექტებისა და იდიომების კვლევის ცენტრის დოქტორანტს თეონა ბერიძეს მიენიჭა. გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნიჭიერ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ გოგონასთან.

თეონა, გილოცავთ საბერძნეთის წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის წოდებას. გაეცანით ჩვენს მკითხველს. რატომ გადაწყვიტეთ ბერძნული ენის შესწავლა და როგორ მოხვდით საბერძნეთში?

დავიბადე და გავიზარდე ბათუმში; კლასიკური გიმნაზიის (ახლანდელი პირველი საჯარო სკოლა) დასრულების შემდეგ, მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ პერიოდში განუწყვეტლივ ვფიქრობდი, ფილოლოგიის რომელი მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და საბოლოოდ არჩევანი ნეოგრეცისტიკაზე შევაჩერე. საბერძნეთის კულტურისა და ისტორიის სიყვარული ბავშვობიდან მომდევს, როცა გატაცებით ვკითხულობდი ბერძნულ მითოლოგიას (მაშინ ახალი გამოსული იყო ბერძნული მითოლოგიის ტომეულები). ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი არჩევანის შესახებ. საბუთები რომ შევიტანე, მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვი სახლში და ეს ყველასთვის მოულოდნელობა იყო. გადაწყვეტილების მიღებაში კიდევ ის ფაქტორიც დამეხმარა, რომ ბერძნული ენის კათედრაზე საბერძნეთიდან მოწვეული ლექტორი ასწავლიდა, რომელიც წარჩინებულ სტუდენტებს სხვადახვა გაცვლითი პროგრამით გზავნიდა საბერძნეთში სასწავლებლად. მეც მიზნად დავისახე მითიურ საბერძნეთში მოხვედრა… და ჩანაფიქრიც ამისრულდა! საბერძნეთში პირველად მესამე კურსზე სწავლისას მოვხვდი. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როცა ათენის კაპოდისტრიაკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად დავდგი ფეხი…

უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ყოველთვის ძნელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანისთვის. რა სახის სირთულეების გადალახვა მოგიხდათ საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ?

სირთულეების დაძლევა ალბათ იმან გამიადვილა, რომ აქ მოულოდნელად, უცბად არ ჩამოვსულვარ. თავიდან იყო მოკლევადიანი საზაფხულო სკოლები ათენში, თესალონიკში და ნელ-ნელა ვეჩვეოდი უცხო ქვეყანას, ხალხს, ტრადიციებს, ვსწავლობდი მათ ენას, ხასიათს. იმ წლებმა დამოუკიდებლობა მასწავლა. შემდეგ იყო ერთწლიანი პროგრამა და მაშინ დიდი გარდატეხა მოხდა: უკვე, როგორც მშობლიურს, ისე ვგრძნობდი ელადას… დღეს ის ჩემი მეორე სამშობლოა… ორი სამშობლო მაქვს და ბედნიერი ვარ.

პატარ-პატარა დაბრკოლებები თან ახლავს ყველაფერს, მათ შორის, უცხო ქვეყანაში ფაქტობრივად მარტო ყოფნას, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ, ყველაფერი მარტომ უნდა გააკეთო, გაარკვიო, ირბინო… მაგრამ აქ განვლილ ცხოვრების წლებს რომ ვიხსენებ, დიდი „აღმართი“ არ მახსენდება. ვთვლი, რომ საქართველოდან საბერძნეთამდე გასადები ხიდი იყო ყველაზე დიდი „აღმართი“.

საინტერესოა, თქვენ როგორ დაახასიათებდით საბერძნეთის უმაღლესი განათლების სისტემას: რა თავისებურებები ახასიათებს და რამდენად მაღალია სწავლის ხარისხი?

საბერძნეთში სწავლით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერს აქვს თავისი განმსაზღვრელი ფაქტორი, ლექტორსაც გააჩნია: ზოგი მკაცრია, ზოგი – არა; პროგრამასაც აქვს მნიშვნელობა. მახსოვს, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მეტი სიმკაცრე იყო და დავალებებსაც გაცილებით მეტს გვაძლევდნენ, ღამეებს ვათენებდი თემების წერაში.

აქაური განათლების სისტემის თავისებურებად შეიძლება ჩავთვალო ის, რომ ლექციაზე დასწრების თუ ლექციიდან გასვლის მხრივ საქართველოსთან შედარებით მეტი თავისუფლებაა. სტუდენტებს პატივს სცემენ. აქ სტუდენტის უფლებები დაცულია! ვისურვებდი,ჩვენთანაც ასე იყოს.

როგორია ბერძენი ლექტორების დამოკიდებულება უცხოელ სტუდენტებთან, რამდენად გეხმარებიან სწავლის პროცესში?

ლექტორებს რაც შეეხება, მე ძალიან გამიმართლა, მომწონს მათი დამოკიდებულება (პრინციპში, ძალიან გამიმართლა, ზოგადად, იმით, რომ საბერძნეთში მოვხვდი. ასე მგონია, ეს რომ არ მომხდარიყო, რაღაც დანაკლისის განცდა სულ შემაწუხებდა. აქ არასდროს მიგრძვნია თავი უცხოდ, ამ სიახლოვეს შინაგანად ვგრძნობდი და ვგრძნობ; ალბათ ბერძნებზეც გადადის ჩემი ეს ემოცია, მათგანაც სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ). ზემოთ აღვნიშნე, რომ ზოგიერთი ლექტორი სიმკაცრით გამოირჩევა, მაგრამ ლექციისა და აუდიტორიის გარეთ ჩვენთან მეგობრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეხმარებიან ყველანაირად (მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დახასიათება-რეკომენდაციის დაწერა. მახსოვს, ერთ-ერთი პროგრამისთვის ორიგინალს ითხოვდნენ და ბერძენმა ლექტორმა რეკომენდაცია დაჩარქებული ფოსტით გამომიგზავნა საქართველოში), მათგან ყურადღებას და მხარდაჭერას ვგრძნობ. მეგობრულებიც არიან, გავდივართ გარეთ კაფეში და ხშირად ამის ინიციატორები თავად არიან. ეს ძალიან კარგია, ასე სტუდენტებიც უფრო ვუახლოვდებით და ვეცნობით ერთმანეთს და ლექტორებიც. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია აქ სწავლის სხვადასხვა ეტაპი თუ პერიოდი.

რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ საბერძნეთში, ან აქ სწავლის გაგრძელებას აპირებენ?

არ აქვს მნიშვნელობა, სად ისწავლი, საბერძნეთში თუ სხვაგან, მთავარია მიზანდასახულობა და სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა. თუ საბერძნეთში ჩაბარება ან გაცვლით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა გინდა, უნდა გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება როგორც სკოლაში, ისე უმაღლესში სწავლისას.

თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა ხელი შეუწყოს საბერძნეთში განათლების მიღების მსურველ ქართველ ახალგაზრდებს? რა პრობლემები არსებობს ამ მხრივ?

მე ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემი სწავლის პერიოდში საბერძნეთიდან შემოთავაზებული იყო გაცვლითი პროგრამები, სხვა შემთხვევაში აქ ვერ ვისწავლიდი. სამწუხაროდ, კრიზისის გამო, ახლა ბევრი პროგრამა დაიხურა და სტიპენდიას აღარ გასცემენ. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ხელშეწყობას, კარგი იქნებოდა, საბერძნეთის მიერ გამოცხადებული პროგრამები დროულად ატვირთონ ვებგვერდზე და, რაც მთავარია, ქართულად იყოს ხელმისაწვდომი კონკურსის პირობები და საბუთების ჩამონათვალი.

არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი ბერძენი ლექტორი, რომელიც საქართველოში მასწავლიდა: ეს არის ბატონი გიორგოს ფონტრიე. რომ არა მისი ფასდაუდებელი შრომა სწავლების პროცესში,  საბერძნეთთან ასე მჭიდრო კავშირს ვერ დავამყარებდი. ბატონი გიორგი არის დაბადებული მასწავლებლობისთვის და არა მარტო ბერძნულის, მისგან ყველაზე მნიშვნელოვანს – ადამიანობას სწავლობ! მადლობა მას მთელი ამ წლების მანძილზე გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დიდი ღვაწლისთვის.

ამჟამად რას საქმიანობთ, როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

დაკავებული ვარ მთარგმნელობითი საქმიანობით; ვასწავლი სასწავლო ცენტრში, ასევე, ვარ კერძო რეპეტიტორი. ჯერჯერობით ცოტა ხნით კიდევ ვაპირებ აქ დარჩენას სწავლის გამო, სამომავლოდ კი მინდა ისევ გავხსნა მთარგმნელობითი ბიურო და სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელთა დროებით დახურვა მომიხდა. ჩემი საქმიანობის სფეროს ცოტა გადახალისებასაც ვფიქრობ: მიყვარს მრავალფეროვნება და სიახლეები, ეს სტიმულს მაძლევს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში… თუმცა ჩემი პროფესიული გზა ყოველთვის საბერძნეთთან იქნება დაკავშირებული.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ კონკურსის ორგანიზატორებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კომისიის წევრებს, საბერძნეთის ელჩს საქართველოში ბ-ნ იოსებ ნანობაშვილს, საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდათა ასოციაციის პრეზიდენტს და ამ გუნდის ყველა წევრს სათითაოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტთა წახალისებას ემსახურება და ამით ასოციაცია დიდ საქმეს აკეთებს. ვუსურვებ მათ, რომ ეს გზა გაეგრძელებინოთ და კიდევ ბევრი კარგი პროექტი განეხორციელებინოთ საბერძნეთში.

ესაუბრა გიორგი ჯანელიძე

კომენტარები