სამი ტყვია მინისტრისთვის (?!)

 „სამი ტყვია გვაქვს შენთვის “, – ეწერა მუქარის წერილში, რომელიც საგარეო მინისტრმა ნიკოს კოძიასმა 31 იანვარს მიიღო. ამის შესახებ პირველ თებერვალს საბერძნეთის უშიშროების მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა ტელეკომპანია  ΑΝΤ1-ის ეთერში.

უცნობია, რამდენად სერიოზულია მუქარა და ვისგან მომდინარეობს, მაგრამ ცხადია, რომ საბერძნეთში შიდაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად იძაბება. ბერძნები ეწინააღმდეგებიან მეზობელი სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ დაფიქსირებას. მინისტრი კოძიასი მოლაპარაკების პროცესში ბერძნულ მხარეს წარმოადგენს და რადიკალური ჯგუფები მას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.

თავად მუქარის ადრესატი ფაქტს ტვიტერით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო მორალური პასუხისმგებლობა მედიას ეკისრება, რადგან ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაციას. მან ასევე მოუწოდა მთავარ ოპოზიციურ ძალას, „ნეა დიმოკრატიასა“ და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, დაგმონ ძალადობის მუქარა და გაემიჯნონ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესს საბოტაჟს უწყობენ.

კომენტარები