საფონდო ბირჟებზე ვარდნამ მდიდრებს ჯამში 100 მლრდ დოლარზე მეტი დააკარგვინა

აშშ-ში, ევროპასა და აზიაში საფონდო ბირჟებზე ვარდნაა.

Dow Jones-ის ინდექსი 4.6%-ით დაეცა, რაც 2011 წლის შემდეგ ერთ დღეში დაფიქსირებული მაქსიმალური ვარდნაა. S&P 500 3.8%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი – 3.7%-ით.

ვარდნით დაიწყო ვაჭრობა ევროპულ ბირჟებზეც, გერმანული DAX, ბრიტანული FTSE 100, ფრანგული CAC 40 3%-ით დაეცა. იაპონური Nikkei 4%-ით დაეცა, ავსტრალიის S&P/ASX 200 კი 3%-ით შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საფონდო ბირჟებიდან დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება გაქრა.

Bloomberg-ის ცნობით, ამ ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, მარკ ცუკერბერგის ქონება $3 მილიარდით შემცირდა, უორენ ბაფეტის კი –  $5 მილიარდით. Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის დანაკარგი $3 მილიარდია.

ჯერომ პაუელი

ვარდნა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) ახალი თავმჯდომარის ჯერომ პაუელის მიერ 5 თებერვალს ფიცის დადებას დაემთხვა. სავარაუდოდ, ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ FED-ი დააჩქარებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს, რაც წინა თავმჯდომარის, ჯანეტ იელენის დროს დაიწყო, ეს კი გლობალურად საკრედიტო რესურსის მოზიდვას გააძვირებს.

ვარდნის სავარაუდო მიზეზად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაბალი იყო, ახლა კი ჩნდება ნიშნები, რომ ინფლაცია გაიზრდება. ინფლაციის ზრდას აშშ-ში საშუალო ხელფასების ზრდა უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ აშშ-ში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა და 4.1%-ს შეადგენს, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლის გამო კომპანიებს ახალი მუშახელის მოზიდვა გაურთულდათ, რის შედეგადაც საშუალო ხელფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

კომენტარები