საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში

7 თებერვალს, საღამოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით, პრეზიდენტ პროკოფის პავლოპულოსის მოწვევით ესტუმრა.

დღეს დილიდანვე საქართველოს პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მეთაურთა ოფიციალური შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. პირისპირ საუბრის შემდეგ მოეწყო გაფართოებული შეხვედრა დელეგაციებთან ერთად. საუბარი შეეხო სხვადასხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. პროკოპის პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტობის სასარგებლოდ. ბერძნულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის, მნიშვნელობა.

მხარეებმა განიხილეს აბრეშუმის გზის პერსპექტივები და სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ევროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას საბერძნეთის მხრიდან გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ისე იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საბერძნეთმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

გიორგი მარგველაშვილმა თავისი ბერძენი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში მოიწვია.

დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსა და პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოს ვუცისთან, აგრეთვე, ოპოზიციის ლიდერ კირიაკოს მიცოტაკისთან; ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან და ევროპული სამართლის ორგანიზაციის დირექტორთან, სპირიდონ ფლორაიტისთან.

საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

p. s. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის წინ გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუ მისცა ბერძნულ გაზეთ „კათიმერინს“. ჟურნალისტის შენიშვნაზე, საბერძნეთში ბევრი ქართველი ცხოვრობსო, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოშიც ბევრი ბერძენი ცხოვრობს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მცირე აზიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში თურქეთის მიერ ბერძენთა დევნის შემდეგ შეიფარა და რომ ასეთი სახის სოლიდარობა სამომავლოდ ურთიერთობების განმტკიცების კარგი საფუძველია.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში 9 თებერვალს დასრულდება.

 

კომენტარები