ნაადრევად წყლების დაღვრა ყოველთვის საშიშია?

სიმართლე ბავშვის დაბადების სამი მითის შესახებ

1. პირველი ბავშვები, როგორც წესი, იგვიანებენ.

როგორც წესი, ბავშვების მხოლოდ 4% იბადება დროულად: პირველი შვილების უმეტესობა გვიან ჩნდება, ბევრიც – ნაადრევად. როდესაც ოლინის (აშშ) საინჟინრო კოლეჯის მეცნიერმა ალენ დაუნიმ გადაწყვიტა, დეტალურად გაეანალიზებინა 2002 წელს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, აღმოაჩინა, რომ პირველი შვილებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი დროულად დაბადება, მომდევნო შვილებთან შედარებით. მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ბავშვები უფრო ხშირად ჩნდებიან გვიან, ვიდრე მომდევნოები, მაგრამ ისინი, აგრეთვე, კიდევ უფრო მეტი ალბათობით იბადებიან ნაადრევად, ვიდრე მეორე და მესამე შვილები.

 

ვარაუდი, რომ პირველი შვილები, როგორც წესი, ვადაზე რამდენიმე დღით (ან ერთი კვირითაც კი) გვიან იბადებიან, არასწორია. ხანდახან ასეც ხდება, თუმცა მხოლოდ ხანდახან. ალან დაუნიმ აღმოაჩინა, რომ პირველი შვილები, საშუალოდ, ვადაზე დაახლოებით 16 საათის (ან ცოტა უფრო მეტის) დაგვიანებით იბადებიან, ვიდრე მომდევნოები (სრულიად ნორმალურ პერიოდში დაბადებულ ბავშვებს თუ შევადარებთ), მაგრამ რადგან ზოგად სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, დროზე ადრე დაბადებული პირმშოებიც ჩაგვეთვალა.

გასაოცრად ცოტა ბავშვი იბადება ზუსტად მოსალოდნელ დროს. ამ ვადას ადგენენ იმაზე დაყრდნობით, თუ როდის ჰქონდა ქალს ბოლო მენსტრუაცია, მაგრამ ეს ყველა ფეხმძიმეს როდი ახსოვს. აქვე ჩნდება კითხვა: რამდენად უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველა ნორმალურად მიმდინარე ორსულობის ხანგრძლივობა ერთნაირია?

ერთ-ერთი კვლევის მსვლელობისას ყოველდღიურად ზომავდნენ ჰორმონების დონეს იმ ქალების შარდში, რომლებიც დაფეხმძიმებას ცდილობდნენ. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევდათ, გამოეთვალათ ოვულაციის ზუსტი პერიოდი და, შესაბამისად, ზუსტად ადგენდნენ ორსულობის ხანგრძლივობას. ამ კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ქალის ორსულობის ხანგრძლივობას შორის სხვაობა შეიძლება 5 კვირაც იყოს.

მეორე და მესამე შვილების შემთხვევაში მშობიარობის თარიღი შეიძლება ფეხმძიმობიდან ფეხმძიმობამდე შუალედზეც იყოს დამოკიდებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თუ ჩასახვა მოხდება პირველი ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მეორე ფეხმძიმობის ხანგრძლივობა ხშირად უფრო ნაკლებია ხოლმე.

ზოგი ფიქრობს, რომ კონკრეტული თარიღები საერთოდ არ არის სათვალავში ჩასაგდები. თუმცა უკეთესი იქნებოდა ქალს უთხრან შვილის დაბადების სავარაუდო პერიოდის ბოლო რიცხვი (მაგ., თუ 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში უნდა გაჩნდეს ბავშვი, ჯობია, ქალმა იცოდეს სავარაუდო რიცხვი არა 28 ნოემბერი, არამედ 7 დეკემბერი). შედეგად, წყვილების 96% გადარჩებოდა ნერვიულობასა და დაძაბულობას, რომელსაც იწვევს ბავშვის დაბადების მოლოდინი დათქმული დროის გასვლის შემდეგ.

2. ცხარე საკვები მშობიარობას აჩქარებს

თუ მშობიარობის სავარაუდო დღემ ჩაიარა და არაფერი ხდება, ქალების ნახევარი, უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ აჩქარებს მოვლენებს. აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში მონაწილე ორსულების მეხუთედზე მეტმა მშობიარობის დასაჩქარებლად ცხარე წიწაკა მიირთვა.

თეორიულად, ცხარე საკვები ზრდის პერისტალტიკის დონეს – კუნთის დაჭიმვის მსგავს ტალღებს, რომელიც საკვებს გადამუშავებას უწყობს ხელს და, ამასთანავე, შეიძლება საშვილოსნოს შეკუმშვაც გამოიწვიოს. ამაზე ჯერ სისტემური ცდა არ ჩატარებულა, თუმცა იყო მცდელობები, დაედგინათ – რა აჩქარებს მშობიარობის დაწყებას.

ცხარე საკვები დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მშობიარობის დამაჩქარებლად, თუმცა მისი ზემოქმედება მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იტანს ქალი ცხარეს. თუ, მაგალითად, ყოველდღიურად მიირთმევთ ცხარე საკვებს, თქვენი ორგანიზმი შეჩვეულია და ასეთ საკვებს შეიძლება თქვენს შემთხვევაში არ ჰქონდეს იგივე მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და, შესაბამისად, საშვილოსნოზეც.

3. ნაადრევად წყლების დაღვრა ყოველთვის დრამატულია

ფილმებში მეხის გავარდნასავით არის ხოლმე: ბოლო თვეში მყოფი ორსულები მოულოდნელად წყალს ღვრიან, ჭინთვები ეწყებათ და მუცელზე ხელმოკიდებულებს გააქანებენ ხოლმე საავადმყოფოში. რეალურად, ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. ჭინთვები შეიძლება დაიწყოს წყლების დაღვრამდე, ზოგ შემთხვევაში კი მშობიარეები საერთოდ არ ღვრიან წყლებს და სამედიცინო პერსონალი ამას ხელოვნურად იწვევს. ძალიან ხშირად კი ამნიოტიკური გარსი საერთოდ არ ირღვევა და ბავშვები ამ გარსით („ენ კაული“, en caul) იბადებიან . მაგ., ცნობილია, რომ სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი სწორედ ამნიოტიკური გარსით დაიბადა.

ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ იმ ფეხმძიმე ქალების სამი მეოთხედი, წყალს რომ ღვრიან, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მშობიარობენ. თუმცა, თუ წყლები დაიღვარა და ბავშვის დაბადების დროც მოსულია, უმეტეს შემთხვევაში ქალებს სამშობიარო ტკივილების დაწყებიდან მალევე ეწყებათ მშობიარობა.

ალბათ დრამატული „სიუჟეტების“ მოყვარულებს იმედი გაუცრუვდებათ, როცა შემდეგ ფრაზას წაიკითხავენ: მაშინაც კი, როცა ქალი მშობიარობის დაწყებამდე წყლებს ღვრის, მშობიარობის პროცესი შეიძლება ნელა წარიმართოს და ბავშვი სწრაფად არ გაჩნდეს.

bbc.com-ის მიხედვით 

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ბერუაშვილმა

კომენტარები