სკოპიე კომპრომისზე მიდის? – „მაკედონიის საკითხის“ გადაჭრა ახლოსაა

4 თებერვალს საბერძნეთში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან მოლაპარაკებების პროცესი შეაფერხა. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ბერძნების უკომპრომისობამ გააღიზიანა. მიუხედავად ამისა, გაბედული ნაბიჯი გადადგა „მაკედონიის“ პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა. მან განაცხადა, რომ მთავრობამ დღეს, 7 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღო, სახელწოდება გადაარქვას ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალსა და დედაქალაქის აეროპორტს. ორივე ეს ობიექტი ალექსანდრე მაკედონელის სახელს ატარებდა. ავტომაგისტრალს, რომლითაც სკოპიე საბერძნეთს უკავშირდება, მეგობრობის მაგისტრალი ეწოდა, ხოლო აეროპორტს „სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტი“.

პრემიერმა ზაევმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, დაეთანხმოს ქვეყნის გეოგრაფიულად იდენტიფიცირებულ სახელწოდებას.

ზორან ზაევის განცხადებებით უკმაყოფილო დარჩა სამთავრობო კოალიციაში შემავალი, ქვეყნის ალბანური უმცირესობის წარმომადგენლობა. ამდენად, უცნობია, რამდენად იქნება შესაძლებელი მთავრობის ერთიანი პოზიციის შენარჩუნება.

მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილება საბერძნეთში დადებითად შეაფასეს, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი სკოპიეში ვიზიტისთვის ემზადება. სავარაუდოდ, მხარეები, შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, შეთანხმებისთვის მზად არიან.  როგორც ჩანს, აშშ და ევროკავშირი ძლიერ დაინტერესებულია საკითხის საბოლოო მოგვარებაში და ამისათვის ყველა ღონეს ხმარობენ.

სკოპიე

კომენტარები