რობოტები „ჯვარს იწერენ“, „ჯვარს წერენ“, სკოლაში დადიან…

სოციალიზებული რობოტები

იაპონიაში განსაკუთრებით უყვართ რობოტები და მათი სოციალიზაციის ექსპერიმენტებსაც ხშირად ატარებენ. თავდაპირველად რობოტმა-მანეკენმა წარმოადგინა საქორწილო კაბები; შემდეგ გამოჩნდა რობოტი-მღვდელი, რომელმაც წყვილი „შეაუღლა“, 2015 წლის ივლისში კი ანდროიდი ნეფე-პატარძლის ქორწილიც იზეიმეს.

დიახ, იაპონიაში რობოტების ქორწინება რეგისტრაციაში ოფიციალურად გაატარეს. „ნეფე“ რობოტი, სახელად ფროისი და „დედოფალი“ რობოტი, სახელად რობორინი (რომელსაც თავდაპირველად იუკირინი ერქვა, გოგონათა იაპონური მუსიკალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრ, იუკი კაშივაგისთან მსგავსების გამო, მაგრამ შემქმნელმა საავტორო უფლებების დარღვევისთვის პასუხისგების შიშით თავის ქმნილებას სახელი გადაარქვა) ყველა წესის დაცვით შეუღლდნენ და თავიანთი კავშირი ბოლოს კოცნითაც გაამყარეს. ახალგაზრდა ანდროიდებმა ფიცი დადეს, რომ „ბოლო დეტალამდე“ ერთად იქნებიან. 🙂

ქორწილის მოსაწვევი ბილეთები (ფასი: 100 დოლარი) 15 წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა.

ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ რობოტები ქვეყანას სხვადასხვა ლაბორატორიაში მოევლინენ, თუმცა „იდუმალი გზებით“ მოახერხეს ერთმანეთთან ინტერნეტკავშირის დამყარება და საბოლოოდ „შეუღლდნენ“ კიდეც. ცერემონიას მოლაპარაკე რობოტი-ჰუმანოიდი, პეპერი უძღვებოდა.

2016 წელს კი, მსოფლიო ისტორიაში პირველად, მოლაპარაკე რობოტი-ჰუმანოიდი პეპერი ოფიციალურად გახდა ქალაქ ვასედას (ფუკუსიმას პრეფექტურა) საშუალო სკოლის „მოსწავლე“. ბავშვებს მოუწოდეს, მაქსიმალურად გამოიყენონ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. როგორც პეპერის შემქმნელები ამბობენ, რობოტი აღჭურვილია უამრავი სენსორითა და კამერით, რომელთა საშუალებითაც პეპერს ადამიანური ემოციების მთელი სპექტრის გამოცნობა შეუძლია.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები