„ქართველებს უმეტესად ნეგატიური რეაქცია აქვთ ჩემს ფოტოებზე“, – ამბობს ბოდიბილდერი ნორა ლობჟანიძე

28 წლის ქორეოგრაფი და ბოდიბილდერი ნორა ლობჟანიძე გერმანიაში ცხოვრობს. ის ფიტნესის მწვრთნელია და საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. სასიხარულოა, რომ ჩვენმა თანამემამულემ ემიგრაციაში შეძლო თავის დამკვიდრება და თავისი საქმეც იპოვა. ნორას „ნოსტალ.ჯის“ კორესპონდენტი ესაუბრა.

ნორა, რამდენი წლის იყავი, გერმანიაში რომ წახვედი საცხოვრებლად?

12 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ ჩემი მშობლები გერმანიაში წავიდნენ საცხოვრებლად და მეც თან წამიყვანეს. ძალიან მიყვარს და მენატრება ის ქუჩა და სახლი, სადაც გავიზარდე, გამიჭირდა მეგობრების და ახლობლების გარეშე ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე…

 შენმა მშობლებმა საზღვარგარეთ წასვლა რატომ გადაწყვიტეს?
საქართველოში ჩვენთვის უკვ შეუძლებელი იყო ცხოვრება, იძულებული გავხდით, ემიგრაციაში წამოვსულიყავით გერმანიაში. ამჟამად  მიუნხენში ვცხოვრობ.

როგორ მოახერხე უცხო ქვეყანაში ადაპტაცია?
თავიდან ძალიან რთული იყო, ენა არ ვიცოდი  და არც არავის ვიცნობდი, მაგრამ სამაგიეროდ ამან ძალიან ადრე გამაძლიერა შინაგანად…

რა სიძნელეები გქონდა? ვინ და რა დაგეხმარა სირთულეების დაძლევაში?

აქ ცხოვრების სტილი სხვანაირია. რთულია ამის ახსნა, ხშირად მარტო გრძნობ ადამიანი თავს… არის მომენტები, როცა ყველაფერი უაზროდ გეჩვენება, ამის გამო თავს ვეკითხები ხოლმე: საერთოდ რატომ ვარსებობ ამ ქვეყანაზე? მაგრამ მეხმარება ჩემი დამოკიდებულება სიტუაციისადმი და ისიც, რომ საკუთარი საქმე მაქვს, რომელშიც საკმაო წარმატებას მივაღწიე…

რა არის საჭირო, რომ უცხო ქვეყანაში, კერძოდ, გერმანიაში თავი დაიმკვიდრო?
ცხოვრებაში, ზოგადად, აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა, ამის შემდეგ კი ადაპტირება იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობ. ხომ გსმენია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. აი, ზუსტად ეს არის საჭირო.

როდის დაინტერესდი ბოდიბილდინგით? თუ მიგიღია მონაწილეობა  შეჯიბრებაში?
ქორეოგრაფი ვარ, ერთი პერიოდი მოდელიც ვიყავი, ამასთან ერთად, ფიტნეს-ტრენერად ვმუშაობდი და ყველა მირჩევდა, ამ სპორტს – ბოდიბილდინგს გავყოლოდი, რადგან საჭირო მონაცემები მქონდა… ასე დაიწყო ჩემი ამ სფეროში განვითარება. გერმანიაში პირველივე შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავე და ამან უფრო გააძლიერა ჩემი ინტერესი ამ სპორტისადმი. ამჟამად ვმუშაობ როგორც მოდერატორად, ისე ტრენერადაც.

იცნობ ქართველ ბოდიბილდერებს?
არა, სამწუხაროდ, არავის.

საერთოდ თუ გიწევს გერმანიაში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობა?
არა, არავისთან. საერთოდ, ნაკლები დრო მრჩება ურთიერთობებისთვის, თუმცა მათ ყველაზე ხშირად ნეგატიური რეაქცია აქვთ ჩემს ფოტოსურათებზე. სიშიშვლე ქართველებს აღიზიანებთ და ცუდ ტონად მიაჩნიათ.

რა იტყოდი საქართველოზე?
მაინც ძალიან მაგრები ვართ! ეს არის ქვეყანა, სადაც იციან შრომა, ერთგულება, სიყვარული, გულახდილობა, ერთმანეთის გატანა… მოკლედ რომ ვთქვა, მიხარია, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა.

ესაუბრა  ქეთი კვირკველია

იხ. ფოტოგალერეა:

კომენტარები