„ძალიან მეშინია, ვაითუ აღარ იყოს საქართველოში ჩემი ადგილი“

საკუთარი მონატრებული 4 წლის პირმშოს ნაცვლად 10 თვის ბერძენ ბიჭუნას ქართულად უმღეროდა იავნანას, სიყვარულს და გულის სითბოს არ იშურებდა პატარასთვის. ბიჭუნა დღეს 6 წლისაა და ქართული სიმღერაც იცის: ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როგორ მღერის იგი რევაზ ლაღიძის სიმღერას – „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ო, რანინა, მე შროშანი მეგონაო, ო, რანინა“, რომელიც ქართველმა ძიძამ ასწავლა.

„რთულია ემიგრანტის ცხოვრება, აუხსნელი და ძნელად გადმოსაცემი მონატრებაა – უთქმელი სიტყვების მსგავსად წაგიჭერს ყელში და გასაქანს არ გაძლევს“, – ამბობს ქალბატონი ინგა ფალავანდიშვილი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში და მისი ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს ემიგრანტული ცხოვრების მთელ სიმძიმეს, ჩვენი თანამემამულეები უცხო ქვეყანაში რომ განიცდიან.

ქალბატონო ინგა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის დატოვეთ საქართველო?

2005 წელს დავტოვე სამშობლო, 10 ოქტომბერი იყო… დღევანდელი დღესავით მახსოვს ის დღე, რადგან მას შემდეგ არ ვცხოვრობ, მხოლოდ ვარსებობ.

13 წელია, რაც საბერძნეთში, ქალაქ ათენში ვიმყოფები. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს. მთელი ეს დრო ბევრი ტკივილის, სიხარულის და გამოცდილების მოწმე ვიყავი. საერთოდ, რთულია ემიგრანტის ცხოვრება, აუხსნელი და ძნელად გადმოსაცემი მონატრებაა – უთქმელი სიტყვების მსგავსად წაგიჭერს ყელში და გასაქანს არ გაძლევს.

ამ ყველაფრის მიუხედავად პატარა ბერძენ ბიჭს უწილადეთ თქვენი სითბო და სიყვარული.

ათი თვის იყო ანგელი, მათ ოჯახში რომ მივედი. ჩემს 4 წლის გოგონას – იონას კი დედაჩემი ზრდიდა საქართველოში. პროფესიით მუსიკოსი ვარ, ფორტეპიანოს პედაგოგი, სიმღერაში ვაქსოვ დარდსა და სიხარულს. როცა ანგელის ვაძინებდი, სულ თვალწინ მედგა საკუთარი მონატრებული შვილი, ცრემლებს ვიშრობდი და მას ვუმღეროდი ქართულად ნანას… ვგრძნობდი, რომ ჩემი ესმოდა – მომხვევდა თავის პაწაწუნა ხელებს, თითქოს უნდოდა, რომ შვება მეგრძნო. ახლა უკვე 6 წლისაა, ვერ ვანსხვავებ საკუთარი შვილისგან. ალბათ გესმით ჩემი, სიყვარული ამაგმა და ზრუნვამ მოიტანა.

პატარა ანგელის ქართული სიმღერაც ასწავლეთ, მშობლებმა რა თქვეს, რომ მოუსმინეს?

რევაზ ლაღიძის სიმღერა ვასწავლე, რომელიც მეც ძალიან მიყვარს – „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“. ძალიან გაუკვირდათ, დედამისმა მითხრა, რაც მეტი ენა ეცოდინება ბავშვს, მით უკეთესიო. ზოგ ბერძნულ ოჯახში არ სიამოვნებთ, ძიძა თავის მშობლიურ ენაზე რომ ელაპარაკება ბავშვებს, მაგრამ ჩემი მასპინძელი ოჯახი ასეთი არ არის.

თუ გაიხსენებდით რაიმე ამბავს, რაც თავს გადაგხდათ? კარგს, სახალისოს ან ცუდს, ჭკუის სასწავლებელს…

გასახსენებლის მეტი რა მაქვს?! კარგიც და ცუდიც…  ხომ იცით, როგორ მიდის ემიგრაციაში ქართველების უმეტესობა: დიდი ნაწილი არალეგალია. გადმოვკვეთე თუ არა საზღვარი, ეგრევე დამაკავეს უსაბუთობის გამო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეებს გამოვივლიდი?! აღარც მინდა ამაზე საუბარი… მერე მუშაობა დავიწყე, თან კვირაობით წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ვგალობდი, სადაც ფეხს ახლად იკიდებდა ქართული წირვა-ლოცვა მამა თეიმურაზ კალანდაძის წყალობით. მამა თეიმურაზმა დიდი შრომა გასწია, რომ საბერძნეთში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა დაემკვიდრებინა -13 წლის წინ ეს ადვილი არ იყო. 10-12  ქალი ვედექით გვერდში და მიხარია, რომ ეს შევძელით. მადლობას ვწირავდი უფალს, რომ ისევ ვგალობდი და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი.

უფალს მადლობას ვწირავ კიდევ იმის გამო, რომ შვილი მაჩუქა – იონა. ახლა 10 წლის არის ჩემი გოგონა, დედაჩემი ზრდის, შარშან, როგორც იქნა, ვნახე, მაგრამ მას მერე მონატრება კიდევ უფრო გამიმძაფრდა…

ასე  ვაგრძელებ ცხოვრებას ემიგრაციაში, ვცდილობ, ეს დაძაბული ყოფა როგორმე შევიმსუბუქო მეც და სხვებსაც გავუხალისო: ვაწყობ ჩვენი შესანიშნავი მუსიკოსებისა და მსახიობების საღამოებს…

ამისთვის დრო გაქვთ?

მოგეხსენებათ, ერთი კვირა დღე გვაქვს თავისუფალი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დავიწყე კონცერტების და საღამოების მოწყობა და ასე გადავდგი  პირველი ნაბიჯები  ღონისძიებების ორგანიზებაში: მოვიწვიეთ მურმან ჯინორია, ლაშა ღლონტი, „ალილო“, თამარ ჭოხონელიძე და მისი დები; ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი ერთად გვყავდნენ მოწვეულები, როგორც საუკეთესო დუეტი – 2017 წლის ,,ოქროს ტალღის“ გამარჯვებულნი. ეს საქმიანობა ჩემი სულის საზრდოა, ჩემი ცხოვრების ნაწილი.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ერთ რამეს ვუსურვებ – გამძლეობას!

დაბრუნებას როდის აპირებთ?

სამწუხაროდ, ვერ გცემთ ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს… ჩემს ერთადერთ შვილს ბებია ზრდის დედის ნაცვლად… სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინია, ვაითუ აღარ იყოს საქართველოში ჩემი ადგილი.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

 

კომენტარები