ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების თემატიკა, რასაც მედიაგამოცემებიც დიდ ყურადღებას უთმობენ.

ასეთი პროდუქტების „ტოპ-სახეობებია“ კენკროვანი ხილი, თხილეული, კაკალი და პარკოსნები, რომლებიც ყველა დღეგრძელი ადამიანის მენიუში შედის. ბროწეულის წვენს კი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის, „ბუნებრივი ვიაგრას“ სტატუსი მიაკუთვნეს.

სხვათა შორის, ჟურნალი „ფორბსი“ არ ეთანხმება მსოფლიოში პოპულარული მთელ რიგ დიეტოლოგთა სიფრთხილეს ხორცთან მიმართებაში და ამტკიცებს, რომ მწვანე იალაღზე თავისუფლად, ბუნებრივად გაზრდილი საქონლის ხორცი ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და აუცილებელი პროდუქტია ადამიანის ქმედუნარიანობისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ახალი რძე, კვერცხი, ოკეანეში დაჭერილი და არა ფერმერების მიერ გამოზრდილი ორაგული.

„ფორბსს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს „უვარგისი“ ბოსტნეული და განსაკუთრებით უსვამს ხაზს კომბოსტოს ღირსებებს, სულ ერთია, რომელი სახეობის იქნება. ასევე შეუდარებელი და კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამოცდილია ვაშლის სიკეთე, რაც მას ხილთა შორის უპირველეს ადგილს აკუთვნებს.

ხახვი და ნიორი უდავოდ უნდა შედიოდეს მათ რაციონში, ვისაც დიდხანს სიცოცხლე სურს. სასმელებში კი პირველობას ინარჩუნებს ჯანმრთელობის ელექსირი – მწვანე ჩაი.

და კიდევ, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების უმრავლესობა მათი სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად უმად ან მინიმალურად დამუშავებული უნდა მივირთვათ, – ასეთია მთავარი რეკომენდაცია.

თამთა გურული

კომენტარები