10 ყველაზე მოდური ფერი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

 

 

ცივ ამინდშიც მოდურად რომ გამოიყურებოდეთ და საკუთარი სტილი გქონდეთ, თქვენი გარდერობი შემოდგომა-ზამთრის სეზონის (2017-2018) ახალ მოდურ ტენდენციებს უნდა შეუსაბამოთ. ამისათვის ზოგი მთლიანად ცვლის თავის „კლასიკას“, ზოგიერთი კი ფერების არჩევანს ანიჭებს უპირატესობას. თავიდანვე გეტყვით, რომ შავი დაივიწყეთ, მოდურ ფერთა ტოპათეულში მისი ადგილი არ არის.

ამ სეზონზე ფერები თამამდებიან: წარსულს ბარდება მოღუშული ცა და სინათლით სავსე პალიტრა იკავებს მთავარ ადგილს.

პროგრამაშია ყვითელი ფერი. პოდიუმზე ამ ფერის სამოსი წარმოადგინეს თავიანთ კოლექციებში ბალმეინმა და ვიქტორია ბეკჰემმა. გეთანხმებით, ყვითელი არ არის ის  ფერი, რომელსაც მარტივად მოიხდენთ, თუმცა ის თქვენს გარდერობს სინათლეს შესძენს. ამ სეზონზე ხშირად შეხვდებით ყვითელ ზამთრის შარვლებს.

შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში წითელსაც „ზურგის ქარი“ აქვს: ამ ფერმა დაამშვენა ვალენტინოს, ფენდის და მაქს მარას ჩვენებები. არა ისე რთულად მოსახდენი, როგორ ყვითელი, ეს ფერი საფრთხის შემცველია იმდენად, რამდენადაც ნაძვის ხის მოსართავის ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს. პატარა რჩევას მოგცემთ: ნუ შეუხამებთ ერთმანეთს წითელს და მწვანეს, თორემ შესაძლოა მართლა საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოს დაემსგავსოთ.

სეზონის კიდევ ერთი მოდური ფერია იისფერი. უფრო მოკრძალებული, ვიდრე ყვითელი და მარადჟამ პოპულარული წითელი, ეს ფერი შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის კვირეულებზე გუჩის და სელინის კოლექციებში გამოჩნდა. იისფერი პოპულარულია ახალ კოლექციებშიც.

 სეზონის ტენდენციებში უფრო ფრთხილები და ნაკლებად თამამებიც იპოვიან თავიანთ ფერს: კლასიკური ფერების „საგვარეულოში“, რომელთა მოხდენაც ადვილია, არის თაგვისფერი, რომელიც ნინა რიჩიმ და ბოტეგა ვენეტამ გამოიყენეს, ხოლო ჯილ სანდერსმა და მიუ მიუმ „ლურჯი იხვი“ (bleu canard – მწვანისა და ლურჯის შუალედური ინტენსიური ფერი) აირჩიეს. ბორდოსფერს (ღვინისფერს) უპირატესობა მიანიჭეს სტელა მაკარტნიმ და მარკ ჯეიკობსმა. ეს სამი ფერი ახლა უკვე შემოდგომა-ზამთრის კლასიკაა.

 როგორ უნდა ავირჩიოთ ფერები ზამთარში?

ყველაზე უწინ უნდა იცოდეთ, რა ფერის სამოსი მოუხდება თქვენს სახის ფერს და ეს ფერი უნდა აირჩიოთ საბაზისოდ.

არსებობს მოდის მიმდევართა ორი კატეგორია: უშიშარნი და სხვები. პირველი კატეგორიისთვის ფერთა გამა უპირველესია და ფერადოვანი გარეგნული იერსახით  თამამად ქმნიან თავიანთ უნიკალურ სტილს; მათთვის ფერების შერჩევა და შეხამება ისეთივე მარტივია, როგორც კარტოფილის გათლა და არ ეშინიათ, რომ დასაცინი გახდებიან.

თუ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, მაშინ ფერებთან ერთად კომბინაციას აკეთებთ თქვენი სტილის შესაქმნელად – ზამთრის ფეხსაცმელს უხამებთ იმ მომენტისთვის მოდის ტენდენციების შესაფერის ჩანთას. აგრეთვე, ირჩევთ კოსტიუმის შარვალს (tailleur pantalon; რომელიც ამ ზამთარშიც ულტრამოდურია) – ცოცხალი ფერისას, როგორიცაა ფუქსიის ფერი ან ყვითელი. მოკლედ, ფერებს მარტივად არჩევთ და იხდენთ.

თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, ზამთრის პალიტრაში ყოველთვის არის თქვენთვის მისაღები ფერი. და თუ აღარ გსურთ, რომ ნაცრისფრის 50 ნიუანსიდან რომელიმე აირჩიოთ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი იერსახის შესაფერისი ელფერი მონახოთ. აქცენტი გააკეთეთ მოდურ აქსესუარებზე, როგორიც არის ზამთრის მოდური ფეხსაცმელი, ჩანთა ან ლამაზი შარფი.

და ბოლო ვარიანტი: ფერით აქცენტირებას მიმართეთ თქვენი ჩაცმულობის ყველაზე ძლიერ ელემენტზე – მხოლოდ ერთზე, მაგრამ მთავარზე. შეგიძლიათ აირჩიოთ იისფერი ბლუზა ან ყვითელი შარვალი; კიდევ უკეთესი: მოდური ზამთრის პალტო – უმჯობესია სწორი, გრძელი, ფუქსიისფერი მანტო, ვიდრე ნაცრისფერი, რათა ისედაც ნაცრისფერი ცის ქვეშ მოღუშულ გარემოს ცოტა სინათლე და ხალისი შესძინოთ.

cosmopolitan.fr-ს მიხედვით

კომენტარები