ყველაზე ძვირადღირებული კაბები კინოვარსკვლავების „წარდგინებით“

ცნობილი ფაქტია, რომ ის მდიდრული სამოსი და აქსესუარები, რომლებიც კინომზეთუნახავებს წითელ ხალიჩაზე თავმომწონედ სეირნობისას ამშვენებთ, მეტწილად მათ კი არ ეკუთვნით, არამედ იმ ფეშენ-კომპანიებს, რომლებიც რეკლამის მიზნით აძლევენ ვარსკვლავებს მათი ჩაცმის უფლებას. თვით ანჯელინა ჯოლისა და ჯულია რობერტსის დონის ვარსკვლავებსაც კი არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, ერთხელ ჩასაცმელად შეიძინონ 100 ათას დოლარად ღირებული კაბა. ამ ძვირფასი ტანსაცმლის უმეტესობა ან არაბ შეიხთა ცოლების გარდერობებში ინახება, ანდა კერძო კოლექციებშია გამოკეტილი. ზოგიერთი მათგანი მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, თანაც თითოეულ ნამდვილად ძვირადღირებულ კაბას საკუთარი ისტორია აქვს.

ოდესღაც ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა გრეის კელის კაბა, რომელიც მას 1955 წელს „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე ემოსა – მარტო ქსოვილი 4 ათასი დოლარი დაჯდა, მაგრამ მას შემდეგ ფასები საარაკოდ გაიზარდა.

აი, ათი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული კაბა, რომელიც კი ოდესმე ვარსკვლავებს სცმიათ.

1.  9,5 მილიონი დოლარი – დღეისათვის ამ მხრივ პირველობას არავის დაუთმობს ნაკლებად ცნობილი დიზაინერის, სკოტ ჰენშალის კაბა. მის მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი (იმ დროისთვის დაახლოებით 9,5 მილიონი დოლარი) ღირდა, მოდელმა სამანტა მუმბამ წარმოადგინა პრემიერაზე ფილმისა „ადამიანი ობობა-2“.

3 ათასი ცალი არც თუ ყველაზე იაფფასიანი ბრილიანტი ობობას ქსელისმაგვარ უნატიფეს სახეს ქმნიდა შავი მაქმანის საოცრად ნაზ ქსოვილზე. ეს კაბა სულ ერთადერთხელ ჩაიცვა მუმბამ, რის შემდეგაც ბრილიანტები დააცალეს და იუველირ სპონსორებს დაუბრუნეს.

2.   5 მილიონი დოლარი – თავის კლიენტს დღემდე ელოდება ამერიკელი დიზაინერი ენ ბოუენიც, რომელსაც უკვე მზად აქვს საკუთარი ესკიზით შექმნილი, სპეციალურად დამუშავებული ბრილიანტებით მოჭედილი წითელი აბრეშუმის კაბა. წინასწარი შეფასებით, ეს შედევრი 5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. კაბის ჩაცმას ჯერჯერობით ყველა უფრთხის.

3.   1,6 მილიონი დოლარი – ყველაზე ძვირადღირებული კაბა, რომელსაც თან საინტერესო ისტორიაც აქვს, მერილინ მონროს ეცვა 1962 წლის 19 მაისს, ჯონ კენედის დაბადების დღეზე (კაბას სახელიც ამის მიხედვით დაერქვა – Happy birthday).

ის ამერიკელმა მოდელიერმა ჟან ლუიმ პირადად მსახიობის შეკვეთით შეკერა. მერილინმა მას სთხოვა, შეექმნა სამოსი, რომლის ჩაცმასაც მხოლოდ იგი შეძლებდა. მანამდე, ვიდრე მუშაობას დაიწყებდა, დიზაინერმა ნახა ყველა ფილმი ვარსკვლავის მონაწილეობით და თავში მოუვიდა იდეა – შეეკერა კაბა, რომელიც სიშიშვლის სრულ ეფექტს შექმნიდა. კანისფერი უნაზესი აბრეშუმი საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. თარგები უშუალოდ შემკვეთის ტანზე გამოიჭრა, მისივე სახლში, ბრენტვუდში. შედეგად, შეიქმნა კაბა „მეორე კანის“ ეფექტით. 6 ათასი ბრილიანტით გაწყობილი Happy birthday მსახიობს 12 ათას დოლარამდე დაუჯდა, რაც იმ დროისთვის ზღაპრული თანხა იყო. 1999 წელს კაბა აუქციონზე 1,27 მილიონ დოლარად გაიყიდა, მისი მფლობელი გახდა კომპანია Gotta Have It!-ი მანჰეტენიდან. კომპანიის მესვეურები მიიჩნევდნენ, რომ ძალიან იაფად ჩაიგდეს ხელში ძვირფასი სამოსი, რომელშიც თურმე 2-ჯერ მეტის გადახდასაც აპირებდნენ.

4.  920 ათასი დოლარი – შედარებით იაფი ღირს ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“.

 

 

 

 

სახელგანთქმული couturier-ს – იუბერ ჟივანშის ხელით შექმნილი ეს საოცრად ელეგანტური შავი კაბა Christie’s აუქციონზე 920 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორები არც კი მოელოდნენ ასეთ წარმატებას – ვარაუდობდნენ, რომ კაბის ფასი მაქსიმუმ 200 ათასამდე აიწევდა. როგორც ჩანს, აქ ერთობ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვაჭრობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კაბის დემონსტრირება „ახალი თაობის ოდრი ჰეპბერნმა“, მსახიობმა ნატალი პორტმანმა მოახდინა.

5. 220 ათასი დოლარი – ყველაზე ძვირადღირებული კაბების საპატიო ათეულში შედის, აგრეთვე, პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც მას ეცვა სამეფო მიღებაზე, როცა ჯონ ტრავოლტასთან ერთად იცეკვა (ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად კაბას ასეც დაარქვეს – „ტრავოლტა“, ცნობილი მსახიობის პატივსაცემად, ვისთან ცეკვაზეც ბრიტანეთის პრინცესა თურმე დიდხანს ოცნებობდა, ამერიკაში ჩასულს კი, ეს ნატვრა ნენსი რეიგანმა აუსრულა). ასე რომ, ამ კაბასაც აქვს ერთგვარი კავშირი კინოსთან.

6. 167 ათასი დოლარი – დაიანას კაბას ცოტათი ჩამორჩება ჰოლივუდის ლეგენდის, ელიზაბეთ ტეილორის კაბა, რომელიც დიზაინერმა ედიტ ჰედმა 1969 წელს სპეციალურად მისთვის შექმნა.

7-10.  50 ათასი დოლარი – დაბოლოს, გაცილებით მოკრძალებული ფასის გადახდა მოუწიათ თავიანთ კაბებში მადონას, ელიზაბეთ ჰერლის, ტაირა ბენქსსა და ქეით უინსლეთს. მხედველობაში გვაქვს ჟან პოლ გოტიეს მიერ შექმნილი ცნობილი სამოსი კონუსის ფორმის ლიფით, რომლითაც მადონა თავის ერთ-ერთ საკონცერტო ტურნეზე გამოდიოდა. ლიზ ჰერლის რაც შეეხება, ეს იყო ვერსაჩეს შავი კაბა, რომელიც მსახიობს ეცვა პრემიერაზე ფილმისა „ოთხი ქორწილი და გასვენება“.

ტაირა ბენქსის მაქმანის კაბა დიზაინერ Georges Chakra-ს ნახელავი იყო და მსახიობს პრემია „ემის“ გადაცემის ცერემონიაზე ეცვა 2006 წელს. დაბოლოს, ქეით უინსლეთის კაბა მაყურებელს უნდა ახსოვდეს ფილმიდან „ტიტანიკი“ (ფაქტობრივად, ეს მისი გმირის, როუზის კაბაა, რომელიც მას ძალიან უხდება).

მაგრამ კაპიტალის საუკეთესო დაბანდებად დღემდე მაინც ითვლება არა კაბები, არამედ ძვირფასი საცვლები. ყველაზე ძვირადღირებული ლიფი Red Hot Fantasy Bra/Panties, რომელიც ბრაზილიელმა ტოპმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა წარმოადგინა 2000 წელს, 15 მლნ დოლარი ღირდა. კომპლექტი მაშინვე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და დღემდე რეკორდსმენია. ის 1300 ძვირფასი ქვისგან შედგება, რომელთაგან 300 ერთკარატიანი ლალია.

 

კომენტარები