ვარკეთილის მეტროს სადგურში ჭერი ჩამოინგრა

დილის 10 საათსა და 22 წუთზე მეტროს სადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ისინი ბაქანზე მეტროს მატარებლის მოსვლას ელოდებოდნენ.  დაშავებულები თბილისის 4 კლინიკაში გაანაწილეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე მათგანს ოპერაცია დასჭირდა.

შემთხვევიდან მალევე ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე: „ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში – ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. შემოწმება, მონიტორინგი, უკვე როგორც არსებულის და, ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს”.

კალაძის თქმით, მომხდარს კრიმინალისტები შეისწავლიან და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, ვისი მიზეზითაც აღნიშნული ფაქტი მოხდა. სამუშაოები კონკრეტულ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს.

სამშენებლო სამუშაოები მეტრო „ვარკეთილში“ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე შსს-მ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები