92 წლის მიკის თეოდორაკისი „მაკედონიისთვის“ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება

სახელგანთქმული ბერძენი კომპოზიტორი, ფილმის „ბერძენი ზორბა“ მუსიკის ავტორი მიკის თეოდორაკისი კვირას, 4 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოვა, მაგრამ არა თავისი მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად – იგი მთავარი მომხსენებლის როლში მოგვევლინება.

მიკის თეოდორაკისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი

ხალხმრავალი აქციები ათენში, სინდაგმას მოედანზე და თესალონიკში გაიმართება. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკას მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილი მეზობელი სახელმწიფოს ოფიციალურ დასახელებაში დაფიქსირდეს სიტყვა „მაკედონია“.

ყოფილმა მინისტრმა თოდორის დრიცასმა მიკის თეოდორაკისის გადაწყვეტილებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. მისი აზრით, აქცია პატრიოტიზმის სახელით ეწყობა, მაგრამ ის შოვინიზმის გავრცელებას უწყობს ხელს.

 

კომენტარები