ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთათვის

როგორც ცნობილია, საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აუცილებელია ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. სულ არსებობს ექვსი სახის სერტიფიკატი, კერძოდ: A1, A2, B1, B2, C1 და C2.

აბიტურიენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ B2 დონის სერტიფიკატს, რაც ნიშნავს ენის კარგად ფლობას (Καλή Γνώση).

სასერტიფიკაციო გამოცდები ყოველი წლის გაზაფხულზე, მაისში იმართება და მას ბერძნული ენის ცენტრი (ΚΕΝΤΡΟ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ) აწყობს. გამოცდაში მონაწილეობისათვის საჭიროა ცენტრის საიტზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.greek-language.gr/certification/application/index.html

თუკი უკვე ფლობთ ბერძნულ ენას და გსურთ გაიგოთ, ხართ თუ არა მზად აღნიშნული დონის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, გადადით ლინკზე:

http://www.greek-language.gr/certification/node/149.html – სადაც B2 დონის საგამოცდო საკითხების ნიმუშებია მოცემული. მასალა pdf ფორმატის სახითაა და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, შემდეგ კი დაბეჭდოთ. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს გამოცდას ჩაუტარებთ, შედეგები შეგიძლიათ შეამოწოთ – ბოლოში მოცემულია სწორი პასუხები.

იმისათვის, რომ გაიგოთ გამოცდის სტრუქტურისა და თითოეული სახის სავარჯიშოსთვის გამოყოფილი დროის შესახებ, გადადით შემდეგ ლინკზე და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია: http://www.greek-language.gr/certification/node/119.html

ზოგიერთი განმარტება და რჩევა:

როგორც აღვნიშნეთ, ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდებს აქვს ექვსი დონე. სავალდებულო არაა ყველაზე დაბალი დონიდან დაიწყოთ და თანმიმდევრობით ჩააბაროთ გამოცდები. ეს სასურველიც არ არის, რადგან ბევრ დროს წაგართმევთ. თუკი მოემზადებით, შეგიძლიათ პირდაპირ B2 ჩააბაროთ, თუმცა ჩემი რჩევაა, მომავალი წლის გაზაფხულზე A2 დონის გამოცდაში მიიღოთ მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში გამოცდილება დაგიგროვდებათ და შემდეგ წელს უფრო თამამად შეგეძლებათ B2 გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია თქვენს მონდომებასა და ნიჭზე.

მზადება გამოცდისათვის:

დღეს საბერძნეთში ბერძნული ენის გამოცდისათვის მომზადების მრავალგვარი საშუალება არსებობს, მაგრამ მე მაინც კერძო მასწავლებელთან მომზადებას გირჩევთ. ცხადია, ბევრ თქვენგანს ინდივიდუალურადაც შეუძლია მოემზადოს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ სახელმძღვანელო. აღნიშნულ გამოცდებს საკუთარი სპეციფიკა აქვს და გრამატიკის თეორიის ღრმად შესწავლა არ დაგჭირდებათ. გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი სახელმძღვანელოები: A2 დონისთვის მოსამზადებლად სიმოპულოსის წიგნი, რომელიც „პოლიტიას“ წიგნების მაღაზიაში 21 ევრო ღირს. აი შესაბამისი ლინკიც:

https://www.politeianet.gr/books/9789601628158-simopoulos-giorgos-patakis-ellinika-a-203760

B2 სერტიფიკატისთვის კი შემდეგი სახელმძღვანელო მიმაჩნია საუკეთესოდ: https://www.politeianet.gr/books/9789603338147-sullogiko-grigori-taxidi-stin-ellada-deuteros-tomos-228156

ცხადია, სხვა სახელმძღვანელოებიც არსებობს. მთავარია პედაგოგმა სასერტიფიკაციო გამოცდის საჭიროების მიხედვით მოგამზადოთ.

გისურვებთ წარმატებას!

 

გიორგი ჯანელიძე

 

კომენტარები