ცხოვრება და მუშაობა დიდ ბრიტანეთში და ბრიტანეთის მოქალაქობის მიღების წესები და შესაძლებლობა

როგორ უნდა მოიპოვონ დიდ ბრიტანეთში მყოფმა ემიგრანტებმა ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება, რა უფლებას გაძლევთ სასწავლო ვიზა, რა მექანიზმები არსებობს ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად და რა შესაძლებლობები უჩნდებათ არალეგალ მშობლებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დიდ ბრიტანეთში დაიბადა? – ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ბევრ ადამიანს აინტერესებს და ბევრს დაეხმარება, სწორად იმოქმედონ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად, აგრეთვე,  მოქალაქეობის მისაღებად, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საიმიგრაციო ადვოკატი, ნინი სორჩე გვთავაზობს განმარტებებს:

პირველ რიგში, საცხოვრებელ ვიზებთან დაკავშირებით: დიდ ბრიტანეთში რამდენიმე სახის ვიზა არსებობს, რომელიც გარკვეული ვადით ცხოვრების და მუშაობის უფლებას იძლევა. ყველაზე მარტივი მისაღებია სტუდენტური ვიზა 6 თვეზე მეტი ვადით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გახსნათ საბანკო ანგარიში და იმუშაოთ კვირაში 20 საათს (მხოლოდ), აგრეთვე, დარეგისტრირდეთ პოლიკლინიკაში, რის საფუძველზეც შეგიძლიათ უფასოდ იმკურნალოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, საჭიროების შემთხვევაში.

  • ტურისტული ან 6 თვემდე სასწავლო ვიზის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის გახსნისა და, შესაბამისად, მუშაობის უფლება არ გაქვთ.
  • გრძელვადიანი სამუშაო ვიზის მისაღებად საჭიროა ოჯახის წევრი იყოს დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე (იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში).
  • სამუშაო ვიზის მიღება ინგლისში საკმაოდ ძნელია, მაგრამ შესაძლებელი: ამ შემთხვევაში უნდა გყავდეთ ლიცენზირებული დამსაქმებელი, გქონდეთ შესაბამისი ხელშეკრულება ან წერილი, რომ ეს ადამიანი სამუშაოს გაძლევთ და, ამასთანავე, ეს სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს მისი ორგანიზაციის საქმიანობას.
  • თუ ვიზის ვადა ამოგეწურათ, უნდა მიმართოთ home offices-ს და, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ან მოითხოვთ ანალოგიურ ვიზას, ან (თუ სხვა გარემოებები გამოჩნდა) სხვანაირს – რა თქმა უნდა, თუ გაქვთ უფლება, რომ შეცვალოთ ვიზა დიდი ბრიტანეთიდან გაუსვლელად. მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში (6 თვემდე) ახალი ვიზის მიღებისთვის აუცილებელია სამშობლოში დაბუნება და იქიდან ახალი ვიზის მოთხოვნა.

რაც შეეხება მოქალაქეობის მიღებას:

სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სხვადასხვა წესი მოქმედებს. ყველაზე მალე მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ ბრიტანეთის ან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ოჯახის წევრებს; დიდ ბრიტანეთში 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრების შემდეგ მათ უფლება ეძლევათ, მოითხოვონ მუდმივი ცხოვრების უფლება და ამ უფლების მიღებიდან ერთ წელში შეუძლიათ შეავსონ განაცხადი მოქალაქეობის მისაღებად ანუ, საერთო ჯამში, 6 წელიწადში შესაძლებელია მოქალაქეობის მიღება. ამასთანავე, მოქალაქეობის მაძიებელ პირს არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული, მუდმივად უნდა ცხოვრობდეს დიდ ბრიტანეთში, არ უნდა ჰქონდეს დარღვეული საიმიგრაციო  კანონდებლობა და უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს: ქვეყანაში ლეგალურად 10 წლით ყოფნის შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ პროცესი მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს: ხართ 18 წელზე მეტი ასაკის, არ გაქვთ დარღვევები საიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, არ გაქვთ ნასამართლობა და ბრიტანეთში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღებიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დიდ ბრიტანეთში არალეგალ იმიგრანტთა ოჯახში  ჩნდება ბავშვი?

დიდ ბრიტანეთში მყოფ არალეგალ მშობლებს, ძირითადად, ეს პრობლემა აქვთ: ბავშვის საბუთებით უნდათ მიიღონ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საბუთები, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ ორივე მშობელი არალეგალია, ბავშვს 7 წლის ასაკამდე ვერ დაარეგისტრირებენ, შესაბამისად, ვერც მშობლების სტატუსის შეცვლა მოხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბავშვს აქვს უფასო სამედიცინო მომსახურების, განათლების და, ზოგ შემთხვევაში, დახმარების მიღების უფლებაც.

როგორ ხდება მოქალაქეობის მინიჭება ბავშვებისთვის, თუკი ისინი დაიბადნენ დიდ ბრიტანეთში, მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლების არმქონე ოჯახებში?

თუკი ბავშვი დაიბადა დიდ ბრიტანეთში არალეგალი იმიგრანტების ოჯახში, არსებობს ორი გზა, რომ მან ლეგალური საიმიგრაციო სტატუსი მიიღოს:

  1. უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვი, როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დიდ ბრიტანეთში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს.
  2. მეორე გზაა, მოითხოვოთ, რომ ბავშვს მიანიჭონ საიმიგრაციო სტატუსი, სახელწოდებით ‘Discretionary leave to remain’ – ბავშვის დაბადებიდან 7 წლის შემდეგ, თუკი მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამდენად, არ არსებობს გარანტია, რომ ბავშვს ამ სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კი მშობლებს მოუწევთ ამ სტატუსის განახლება 2,5 წელიწადში ერთხელ, სანამ ბავშვს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობას არ მიანიჭებენ.

თუკი ბავშვი დაიბადა დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტია, მოითხოვოთ მისთვის ‘Discretionary leave to remain’, რაც უფლებას მისცემს მას, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს დიდ ბრიტანეთში, თუმცა 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას.

კომენტარები