გივი ბერიკაშვილი დღეს 85-ის გახდებოდა

ყველასათვის საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის დაბადების ადგილი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი: კახელები ბობოქრობდნენ, გივი რატომ ამბობს, თბილისში დავიბადეო. „რანაირად ვთქვა ტყუილი, კაცო! ვერაზე, ფილარმონიის უკან რომ საავადმყოფოა, იქ დავიბადე, 15 მაისი იყო“, – ამბობდა ბატონი გივი, რომელიც დღევანდელ დღეს დაიბადა ზუსტად 85 წლის წინათ. წლეულს მეორე დაბადების დღეა მის გარეშე.

ლონდრეს როლი – დაბადების დღეზე

გივი ბერიკაშვილს პოპულარობა და ხალხის დიდი სიყვარული კინოროლებმა მოუტანა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მისი თეატრალური და საესტრადო მოღვაწეობა. კინოში გადაღებები საკმაოდ გვიან, 28 წლის ასაკში დაიწყო – ლონდრე მისი პირველი სერიოზული როლია (მანამდე რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ათამაშა პატარა ეპიზოდი მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჯილდო“), რომელიც სრულიად მოულოდნელად საკუთარ დაბადების დღეზე მიიღო.

„თავიდან გაბრიელის როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ… ვინ აღარ გასინჯეს ლონდრეს როლზე. არავინ მოსწონდა რეჟისორს, თამაზ მელიავას. ლონდრეს როლის შემსრულებელს მეც აქტიურად ვეძებდი. ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით. თამაშის დროს მოთამაშეების ნაწილი წელზევით შიშვლები ვიყავით, ნაწილი – ჩაცმულები, ერთმანეთისგან რომ გამოვრჩეულიყავით (ჩვენ ხომ ფორმები არ გვქონდა). როგორც ჩანს, ბატონმა თამაზმა დამინახა და დამიძახა, მოდი აქო. მივედი. ასისტენტს უთხრა: ერთი აიყვანეთ ეს ზევით და სურათი გადაუღეთო. ფოტოსინჯი ჯერ ასე შიშველს გადამიღეს, მერე „შემკაზმეს“ და კინოსინჯიც გადამიღეს. ნუ მაწვალებ, თუ ძმა ხარ-მეთქი, ვიძახდი. ვიფიქრე, ალბათ, გეგმას ასრულებენ-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. სამხატვრო საბჭოზე ყველამ ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო – 15 მაისი. მახსოვს, სხდომიდან პირველი გივი სავანელი გამოვიდა, რეჟისორის ასისტენტი და მითხრა: მაღარიჩი გეკუთვნის, ლონდრეზე დაგამტკიცესო. გადავირიე, არაფრით არ ველოდი, რომ ამ როლზე ამიყვანდნენ… აი, ასე აღმოვჩნდი მთავარ როლში საკუთარ დაბადების დღეზე, გაბრიელი კი სოსო ლაღიძემ ითამაშა.

„ლონდრეს“ აფიშა

ფილმის გადაღებისას თავი ზღაპარში მეგონა. ზამთარში, 25 დეკემბერს ტიტველი, ფეხშიშველი დავრბოდი თბილისის ქუჩებში, ხალხს გიჟი ვეგონე. მახსოვს, ჭრელ აბანოსთან გვქონდა გადაღებები. კუთხეში ვდგავარ, მოფარებულში და ველოდები, როდის დამიძახებენ, რომ ქუჩაში გამოვიქცე და აბანოში შევვარდე. უცებ ვხედავ, ერთი ქალი გაკვირვებული მიყურებს. დეიდა, ასე ნუ მიყურებ, გიჟი არა ვარ, მსახიობი ვარ, კინოში მიღებენ-მეთქი. შვილო, გიჟი არა ხარ, ვხედავ, მაგრამ პატრონი არა გყავსო?!.. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ყოველდღე ვვარჯიშობდი… წავიდა ის დრო…“ – გაიხსენა ბატონმა გივიმ ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერისას და კითხვაზე: რა ხდება, ბატონო გივი, სიბერემ ხომ არ შეგაშინათ-მეთქი, ჩვეული იუმორით მიპასუხა: „ანეკდოტი ხომ იცით: ბრეჟნევის დრო ჯობია თუ ახლანდელიო? – იკითხავს ერთი. მეორე ვეღარ მოითმენს და აქეთ შეუტევს: „შე ტუტუცო, მაშინ რამდენი წლის იყავი?!“ – იმას ბრეჟნევის პოლიტიკა სულ ფეხებზე ეკიდა, ახალგაზრდა იყო და ის დრო ერჩივნა… ეჰ, სიბერე მთლად კარგი ვერ ყოფილა, მაგრამ რას ვიზამთ, ბუნებისგან ასეა დაწესებული და მეც ნელ-ნელა შევეგუე“.

„ლონდრე“

პირველი ჯილდო 70 წლის იუბილეზე

მიუხედავად აქტიური და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებისა, გივი ბერიკაშვილს სამოცდაათი წლის ასაკამდე არანაირი ჯილდო არ მიუღია. მაშინ საქართველოს თეატრის შემოქმედებითმა კავშირმა ქართული აქტიორული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა, ხოლო შოუბიზნესცენტრმა „ლომისმა“ ქართულ ხელოვნებაში გამორჩეული წვლილისთვის გოგი გეგეჭკორის სახელობის პრემია – „ქართული ხელოვნების რაინდის“ წოდება მიანიჭა. შემდეგ იყო სხვა არაერთი პრემია და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2008 წელს, 75 წლის იუბილეზე კი მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. თუმცა, როგორც თავად ამბობდა, გარდა იმ დაბადების დღისა, როდესაც მოულოდნელად ლონდრეს როლზე დაამტკიცეს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი სამოცდაათი წლის იუბილე იყო.

გივი და სოფიკო

„მე არასოდეს გადამიხდია იუბილე-მიუბილეები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ თარიღისთვის ვემზადებოდით, თუმცა რადგან იმ პერიოდში საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა – გოდერძი ჩოხელი გაგვიხდა შეუძლოდ – ჩემს თავს ქეიფის გამართვის უფლება არ მივეცი, იმდენად ძვირფასი ადამიანი იყო და არის გოდერძი ჩემთვის. რაკი გადაწყდა, რომ დაბადების დღეს არ აღვნიშნავდით, მაშინ ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა: მე მესმის შენი, სწორად იქცევი, ამას რომ აკეთებ, მაგრამ ჭიქით ხომ მაინც უნდა გადღეგრძელოთ და იქნებ შენი ოჯახით მესტუმროო. დარწმუნებული, რომ გოდერძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, 15 მაისს მასთან სახლში მივედი ოჯახის წევრებთან ერთად, სადაც ჩემი რამდენიმე მეგობარი დამხვდა და უნდა გითხრათ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი საღამო მაჩუქა. ეს იყო ულამაზესი სპექტაკლი, სადაც ყველაფერი საოცარი გემოვნებითა და სითბოთი იყო გაკეთებული. თუ ვინმე რამეს შეეკითხებოდა, მე რა შუაში ვარ, ჰკითხეთ გივის და გააკეთეთ ისე, როგორც მას უნდაო, პასუხობდა. ყველაფერი მართლაც ისე გაკეთდა, როგორც მე მინდოდა და ჩატარდა ძალიან თბილად და ლამაზად“.

ამ დღეს ბადრი პატარკაციშვილმა მსახიობს ძვირფასი სათვალე აჩუქა. 70 წლის იუბილე ბატონი გივისთვის იმითაც იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ სამი დღის შემდეგ, შეუღლებიდან 45 წლისთავზე ჯვრის მონასტერში ჯვარი დაიწერა საკუთარ მეუღლეზე – ქალბატონ ლეილაზე.

გივი ბერიკაშვილი და მისი მეუღლე, ლეილა კაპანაძე

70 წლის იუბილეს მსგავსად, 80 წლის იუბილეც დაგეგმილი იყო – 15 მაისს მსახიობს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა თაღში“ საკუთარი ანაბეჭდი უნდა დაეტოვებინა… მაგრამ იმ წელს, სამწუხაროდ, ოთარ მეღვინეთუხუცესი გამოაკლდა ქართულ ხელოვნებას და ბატონმა გივიმ ისევ არ მისცა საკუთარ თავს უფლება, იუბილე აღენიშნა. ეს ანაბეჭდი ხუთი წლის წინათ კახი კავსაძის დაბადების დღეს, 5 ივნისს დარჩა ისტორიას, ბატონი კახის ანაბეჭდთან ერთად.

რამდენიმე შეკითხვა ჟურნალისტის არქივიდან

ბატონო გივი, თქვენი თაობის სათქმელი რა არის?

შეიძლება ჩამორჩენილი კაცი ვარ, მაგრამ თბილისში, ვერაზე, მოსისხლე მტერი რომ გყოლოდა, გოგოსთან ერთად თუ მიდიოდი, არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფას არავინ  მოგაყენებდ; გვერდით ჩაგივლიდა და ერთ ყურში გაგაგონებდა, მარტოს დაგიჭერო. ახლა ჩემს ეზოში ჩასვლაც კი მეზიზღება. ახალგაზრდები იმისთანას იგინებიან, ისე ბილწსიტყვაობენ, რომ… გადმოვხედავ ხოლმე ღამით და ვეტყვი, თორმეტი საათი დაიწყო, შედით სახლში-მეთქი, მაინც არავის ესმის. იმ დღეს შუა ვაჟა-ფშაველაზე ვნახე: გოგოა წამოწოლილი, ბიჭის კალთაში აქვს თავი ჩადებული, ფეხები აწეული… რაღაც საშინელება იყო! დღისით, მზისით, სამ საათზე! ასეთ რამეს ჩემს დროს არ კადრულობდნენ…

ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო, მე ხომ არ მითქვამს?! რუსთაველის ნათქვამია… ხელმისაწვდომი რომ ხდება ყველაფერი, მერე აღარ გაინტერესებს. უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა ოჯახები ინგრევა. ამას წინათ ერთმა წყვილმა მითხრა, იანვარში ვაპირებთ ქორწილს, ასე 350 კაცამდე ვეპატიჟებითო. ვუთხარი, 50 კაცი დაპატიჟეთ და მერე, 10 წლის თავზე, გააკეთეთ კიდევ 200-კაციანი სუფრა-მეთქი. იმიტომ, რომ გადაიხდიან ქორწილს და შეიძლება მესამე დღეს დაინგრეს ის ოჯახი. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. სიყვარული არ უნდა გახუნდეს!..

თქვენზე ამბობენ, განსაკუთრებით არ მოსწონს, ქალი რომ საშოვარზეა გასულიო

…ქმარი კი ცოლის მიტანილს სახლში დივანზე წამოწოლილი ელოდება… კი ბატონო, ქალმაც უნდა აკეთოს საქმე, მაგრამ ასე?!.. დღეს ქალი დაჩაგრულია, ოჯახიდან გავაგდეთ ქალები. ყველაფერი მათ კისერზეა, – ეს როგორ შეიძლება?! მაღაზიაში რომ შევდივარ და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დგანან ღამისთევით გამყიდვლებად, ეს კარგია?! მათ წიგნი უნდა ეჭიროთ ხელში და სწავლობდნენ. ქალი სახლში არ უნდა იყოს?! დედამ შვილი არ უნდა იცოდეს?! დილით რომ გავა ქალი სახლიდან და საღამოს ან მეორე დილამდე ვერ შევა, ეს საქმეა?! ჩემს დროს ქალები სულ მუშაობდნენ. სახლში ჯდომა აბეჩავებს ადამიანს. პირიქით, ქალი აქტიურ ცხოვრებაში უნდა ჩაებას და სამსახურიც ჰქონდეს, მაგრამ…

დღევანდელი გადასახედიდან რაზე გწყდებათ გული?

ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ძალიან ბევრი დრო დავკარგე უქმად. არ უნდა მოცდე ადამიანი. თუ გაჩნდი ამქვეყნად და გინდა, სამოთხის კართან მიხვიდე და შესთხოვო, შემიშვი შენი ჭირიმეო, კარგი საქმეები უნდა აკეთო. შეიძლება ბევრი რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო.

კადრი ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“

 თქვენ თვითონ რას შესთხოვდით ღმერთს, სამოთხის კართან რომ იდგეთ?

შემიშვი რა, ღმერთო, არაფერი დამიშავებია, კაცურად ვიცხოვრე და იქნებ ღირსი ვარ, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე-მეთქი… უნდა სთხოვო და თუ ღირსი ხარ, გაგიღებს კარებს, თუ არადა… უფალი გადახედავს ჩვენს ცხოვრებას და ჩადენილი სიკეთის მიხედვით განსჯის, სადაა თითოეული ჩვენგანის ადგილი.

***

გივი ბერიკაშვილი ყოველდღიურად სიკეთის კეთებითა და კაცურკაცობით, თავმდაბლობითა და სიყვარულით მიუყვებოდა ცხოვრების გზასავალს და ეჭვი არ არის, ღმერთი შეისმენდა მის თხოვნას…

თამარ ოთიაშვილი

 

კომენტარები