ექვთიმე თაყაიშვილის ჰეროიკულ-სევდიანი საგა

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ღრმად მოხუცი. მის ნეშტს სულ 48 კაცი მიაცილებდა. საქართველოს მაშინდელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრს გიორგი ჯიბლაძეს გაოცებით უკითხავს: „ეს რა ხდება, რატომაა ასე ცოტა ხალხი, სადაა ქართველი ინტელიგენცია?“ „ქართველი ინტელიგენცია მხოლოდ ეს ხალხია“, – სინანულით უპასუხია შალვა ნუცუბიძეს…

1863 წლის 5 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ლამაზ და სიყვარულით სავსე ოჯახში ვაჟი დაიბადა. ახალშობილის ამქვეყნად მოვლინებას ჩვეული ყიჟინა არ მოჰყოლია, არც თოფი უსროლია ვინმეს, არც მრავალჟამიერი დაუგუგუნებიათ, რადგან… იმავე დროს სახლში მომაკვდავი იწვა ბავშვის მამა – სიმონ თაყაიშვილმა მხოლოდ რამდენიმე დღეღა იცოცხლა პატარა ექვთიმეს დაბადების შემდეგ…

დიდხანს არც დედის სითბოთი ყოფილა განებივრებული საქართველოს მომავალი მეჭურჭლეთუხუცესი. თვითონ გაუხსენებია ერთხელ: `ხუთი წლის ვყოფილვარ, როცა დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ, რა ეშველებათ ობლებსო!

დაობლებულ, თანაც ნაბოლარა ყმაწვილს, მის დედმამიშვილებთან ერთად მზრუნველობას არ აკლებდნენ ახლობლები, განსაკუთრებით კი მაკა ბებია, თუმცა პატარა ექვთიმე მაინც ახერხებდა ცელქობას. ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში, სამი წლის ბავშვი როგორღაც ხეზე ამძვრალა, თავი ვერ შეუკავებია, გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია, რის გამოც მთელი სიცოცხლე ჯოხით სიარული მოუწია.

შვიდი წლისა ნათესავებმა ოზურგეთის სასწავლებელში შეიყვანეს. „მამიდა მაკამ შემიკერა ახალუხი და სკალატის (მაუდის) ჩოხა; მიყიდეს წუღები (მანამდის ფეხშიშველი დავდიოდი). ჩოხას ჩვეულებრივი საქილეები არ გაუკეთეს. მე, ამის ჩამცმელს, დიაკვანს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში ჩემი პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა, შემდეგ, ზამთარ-ზაფხულ, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია-რა“, – ასე იხსენებდა იმ დღეებს მომავალში მთელი საქართველოს საგანძურის მფარველი და დამცველი.

ოზურგეთის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ გამოცდები ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, რომელიც 1883 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მაშინ ქართველი გიმნაზისტების ერთმა ჯგუფმა, ექვთიმემ და მისმა მეგობრებმა პირობა დადეს, რომ სადაც არ უნდა წასულიყვნენ სასწავლებლად, სამშობლოდან პირს არ მიიბრუნებდნენ, სხვათა მიწაზე დიდხანს არ შერჩებოდნენ საცხოვრებლად, რათა გადაგვარების სენი არ შეჰპარვოდათ და სამშობლოშივე ეღვაწათ საკუთარი ერის სამსახურად. ექვთიმემ პეტერბურგს მიაშურა და სწავლა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, ოთხი წლის შემდეგ კი სამშობლოში, თბილისში დასახლდა და მთელი სიცოცხლე მამულიშვილურ საქმიანობას მიუძღვნა.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს მუზეუმების კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების წევრი; 1894 წელს აურჩევიათ პეტერბურგის რუსული არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად, 1901 წლიდან კი მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტია.

1889 წელს დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“ დააფუძნეს, ხოლო 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოება, რაც მაშინ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მისივე შეწირულობებით დაიწყო ნუმიზმატიკური კოლექციის შედგენაც, შემდეგ კი „თბილისის სახალხო უნივერსიტეტი“ დააარსა, სადაც სულ ორიოდე წელს დასცალდა მოღვაწეობა.

ისტორიკოსი და სამართალმცოდნე, არქეოლოგი და არქეოგრაფი, ენათმეცნიერი და ეპიგრაფიკოსი, ტექსტოლოგი და ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი და გეოგრაფი – შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მრავალწახნაგოვანი მეცნიერი იმდროინდელ საქართველოს არ ჰყოლია. და არა მარტო მეცნიერი – იგი სულით სუფთა ადამიანი იყო. ძნელი სათქმელია, კიდევ თუ ვინმეს ეყოფოდა ძალა, მასავით უსახსროსა და მიუსაფარს, ცდუნებებით სავსე ცხოვრებისთვის გაეძლო და ეროვნული საგანძური ხელუხლებლად დაებრუნებინა მშობლიური ქვეყნისთვის.

ეს საგანძური, როგორც ცნობილია, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ უცხოეთში გახიზნულმა იმდროინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაიღო. ეროვნული განძის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად კი – ყოფილი ფინანსთა მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) იოსებ ელიგულაშვილი.

თბილისიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში რის ვაი-ვაგლახით ჩატანილი განძი საფრანგეთის კრეისერ „ერნესტ რენანზე“ დაბინავდა, მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე ზღვაში გასულ გემს.

საუკუნეების მანძილზე განძად განივთებული ქართული სულის მშვენიერება, ყველაფერი ის, რაც გადაურჩა მტრის შემოსევას თუ მოყვრის მუხანათობას, რაც მისხალ-მისხალ აგროვეს ექვთიმესნაირმა წმინდანებმა, ზღვამ წარიტაცა სადღაც. კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ. ისევ ნაპირზე დაბრუნდნენ და მოგვიანებით იუგოსლავური პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ. ერთი სიკდილი გაათავა მაშინ ექვთიმემ.

საბედნიეროდ, კრეისერი „ერნესტ რენანი“ სტამბოლში დახვდათ, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისრის, აბელ შევალიეს განკარგულებით ქართული განძი კრეისერიდან მეორე ფრანგულ სამხედრო-სატრანპორტო გემზე „ბეინ ჰოაზე“ გადაიტანეს. ბევრი რამ იყო ამ საგანძურში პირადად ექვთიმეს მიერ არქეოლოგიურად მოპოვებული, საქმოსანთაგან გამოსყიდული თუ მოურიდებლად ან ეშმაკობით ვინმესთვის წართმეული. თვითონ ექვთიმე ხუმრობდა ხოლმე: „მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, ალბათ ფირალი ვიქნებოდი“; მართლაც არაერთხელ მომხდარა, რომ დიდი მეცნიერი, რომელიმე ნაცნობ მეგობარ-ნათესავის ბინაზე მისული, რომელიღაც ნივთით დაინტერესებულა და მასპინძლისთვის უთქვამს, ამას წავიღებ, შევისწავლი და დაგიბრუნებო. ექვთიმეს უარის თქმას ვინ შებედავდა. მეორე დღეს მასპინძელი გაზეთში კითხულობდა: „ბატონმა ამან და ამან დიდსულოვნად შესწირა ამა და ამ მუზეუმს ესა და ეს ნივთი“. ასეთი „ნაყაჩაღარიც“ ბევრი იყო „ბეინ ჰოას“ გემბანზე დალაგებულ 249 ყუთში.

ბოლოს, როგორც იყო, მატარებლებითა თუ გემებით თვე-ნახევრის ნახეტიალევმა ქართულმა საუნჯემ მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძის მეთვალყურეებს მარსელში დახვდათ საქართველოს დელეგაციის მიერ პარიზიდან გამოგზავნილი ანდრია დეკანოზიშვილი და დიდი ქართველი მეცნიერი, იურისტი და ისტორიკოსი, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი. განძი გემიდან ბანკში გადაიზიდა – „სენეგალის პოლკად“ წოდებული სამხედრო რაზმით ალყაშემორტყმული და დაცული. საგანგებო კომისიის ძალისხმევით მთელი ეს საუნჯე ბანკში დახარისხდა. სახაზინო ქონება გამოეყო სამუზეუმო განძს, რომელიც ბანკს ჩაბარდა, როგორც ემიგრანტული მთავრობის კუთვნილება.

1921-24 წლებში საგანგებო კომისიის მიერ „სარეალიზაციოდ“ მიჩნეული 128 ყუთის „საბაკო ვერცხლეულობა“ გადაუტანიათ და 1 200 000 მანეთად გაუყიდიათ. 1922 წელს თანხის ნაწილით შეუძენიათ მამული და სახლი სოფელ ლევილში. ამ სახლის მეორე სართული ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლისთვის, თბილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის ქალიშვილის, ნინო პოლტორაცკაიასთვის გამოუყვიათ (ექვთიმემ იგი ილია ჭავჭავაძის შუამავლობით გაიცნო და 1895 წელს ჯვარი დაიწერა მასზე; ილიას ძალიან ახარებდა გიმნაზიელი მეგობრის, ივანე პოლტარაცკისა და ექვთიმე თაყაიშვილის ასე დაახლოება – იმ ივანესი, ვისაც ილიამ თავისი „აჩრდილი“ უძღვნა, ვინაც რუსულად თარგმნა ილიას პროზაც და „ვეფხისტყაოსანი“; იმ ივანესი, რომლის დაკრძალვაზეც, ოქროყანაში, საზოგადოებამ პირველად ნახა თვალცრემლიანი ილია ჭავჭავაძე). ამავე ოთახში დაუწყვიათ 15 ყუთი საეკლესიო ნივთებითა და არქეოლოგიური მასალებით. სახლის კედლებზე 7 ყუთით მიტანილი 91 სურათი დაუკიდიათ.

ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლესთან, ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად

უკიდურესი გაჭირვებისა და შიმშილის მიუხედავად უდიდესი მამულიშვილი საკუთარი ჯანმრთელობისა და დიდი ენერგიის ფასად იცავდა ეროვნული განძის თითოეულ მისხალს. იყო დრო, როდესაც ზედიზედ ხუთი-ექვსი დღე სადილს ვერ ჭამდნენ ექვთიმე და მისი მეუღლე, სხვადასხვა ცნობილი მუზეუმი (ლუვრი, ბრიტანეთის მუზეუმი, ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენა…) კი დაჟინებით სთხოვდნენ ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენის უფლებას დიდი ანაზღაურების ფასად. ყველაზე დიდი ცდუნება პარიზში ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმის“ დირექტორის ჩამოსვლა იყო. „მეტროპოლიტენი“ საოცრად დიდ თანხას იძლეოდა, თუ ქართველები მუზეუმს ტიხრული მინანქრის ნიმუშებს მიჰყიდდნენ.

დირექტორს  უყოყმანოდ ეთქვა უარი. მაშინ მან ახალი წინადადებით მიმართა ქართველებს: „მომეცით ხელწერილი, რომ თუ ოდესმე ამ მინანქრების გაყიდვას გადაწყვეტთ, მხოლოდ „მეტროპოლიტენს“ მიჰყიდით მათ. მე კი ამ უბრალო ხელწერილის სანაცვლოდ დიდ თანხას მოგცემთ სესხად თხუთმეტი წლის ვადით“.

ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც უკვე აღარავითარი სახსარი არ გააჩნდათ, ეს სესხი ნამდვილი მისწრება იქნებოდა, თანაც თანხმობის მიცემა თითქოს სრულებითაც არ იყო სარისკო, რადგან ამ ხელწერილის მიხედვით მინანქრების გაყიდვა-არგაყიდვის საკითხი 15 წლის შემდეგაც ისევ ქართველებს უნდა გადაეწყვიტათ. მაშ, რის გამო უნდა ეთქვათ უარი ასეთ მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებაზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფრისთვის მიიღებდნენ?! ამის პასუხი ექვთიმე თაყაიშვილის იმდროინდელი სიტყვებია:

„ემიგრაციას დღეს თუ უჭირს, თხუთმეტი წლის შემდეგ ის კიდევ უფრო გაჭირვებული იქნება. ახლა რომ ვალი ავიღოთ, ის პირადი საჭიროებისთვის აღებული ვალი იქნება, მისი გასტუმრება კი, მომავალში მხოლოდ ეროვნული განძით შეგვეძლება“ – და „მეტროპოლიტენის“ დირექტორიც საბოლოო უარით დაბრუნდა ნიუ-იორკში.

ექვთიმე თაყაიშვილი არანაირ ცდუნებას არ აჰყოლია. ეს ყუთები სამშობლოში დაბრუნებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა: როცა ვიღაცის მიერ დასმენილი ექვთიმე განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა გაჩხრიკა. „სათავისო“ ოქრო იქ ვერ უნახავთ და  თავი დაუნებებიათ.

უცხოელების გარდა ეროვნულ საუნჯეს შინაურებიც მტრობდნენ, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის ძმას, „მინგრელსკით“ წოდებულ სამეგრელოს მთავარს ნიკო დადიანს ვაჟის გარდა ასულიც დარჩა- სალომე დადიანი-ობოლენსკისა. ემიგრაციაში მყოფმა სალომე დადიანმა, იმხანად უკვე ობოლენსკის ქვრივმა, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში. იგი საფრანგეთში გატანილი ქართული ეროვნული საუნჯის იმ ნაწილს მოითხოვდა, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო. „განძის დიდი ნაწილის ერთადერთი მფლობელი მე ვარ“, – აცხადებდა სალომე დადიანი.

შვიდი წლის განმავლობაში იცავდა თავს და ეროვნულ განძს ექვთიმე თაყაიშვილი ამ ქალისგან. ბოლოს ობოლენსკაიამ სარჩელი წააგო. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: „მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს. განძი უპატრონოა“. ახლა იმის მტკიცება მოუხდა ექვთიმეს, განძი მთავრობას კი არა ქართველ ხალხს ეკუთვნისო. დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო ექვთიმეს რაიმე სახის რწმუნება ჰქონოდა, თუნდაც ფორმალური, და 1935 წლის აპრილში, მისი თხოვნით, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება: „ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე“.

სამშობლოს საგანძურზე მზრუნველი მამულიშვილი უსახსრობის გამო იძულებული იყო, თხა ეყიდა, რომელსაც თავადვე აძოვებდა და წველიდა. ეს თხა თითქმის ერთადერთი მარჩენალი ყოფილა მისი და მისი მეუღლისთვის. „წველის დროს ჯანმრთელი ფეხი თხის თოკზე მედგა, დაიძრა თხა, წამაქცია და შევძახე: მღუპავ, ჩემო მარჩენალო, ფეხს მტეხო!“

ნინო 1931 წელს გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილს ბოლომდე გაუნელებელ ტკივილად დარჩა, რომ მისი მეუღლე საფრანგეთის მიწაში განისვენებდა და საქართველოში მისი ნეშტის ჩამოსვენება მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა.

ქართულ საუნჯეს კიდევ ბევრჯერ დაემუქრა საფრთხე, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი ნირშეუხრელად განაგრძობდა თავის მოწამებრივ ცხოვრებას, ეძებდა და პოულობდა ქართულ ისტორიულ ნივთებს. თავად მშიერ-მწყურვალი, რის ვაი-ვაგლახით ახერხებდა მათ შეძენას ემიგრანტ თანამემამულეთაგან და ამდიდრებდა ეროვნულ საუნჯეს.

„დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი, – ამბობდა ექვთიმე, – ვინც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა. გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდით, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა“.

როგორც იქნა, ასე სასოებით შენახული საქართველოს განძის სამშობლოში დაბრუნების დროც  დადგა. 1944 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაურმა, გენერალმა შარლ დე გოლმა განკარგულება გასცა ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ და თავად მოსკოვში, სტალინთან შესახვედრად გაემგზავრა…

მალე ექვთიმესთან ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია, შალვა ამირანაშვილი და პარიზის აეროდრომიდან ქართული საუნჯით დატვირთული ორი თვითმფრინავი აფრინდება.

პარიზიდან გამოფრენის წინ ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა. იფიქრეს, იქნებ მეუღლის საფლავის მიტოვება ეძნელებაო, მაგრამ… როცა თვითონ მას ჰკითხეს მიზეზი, მორიდებითა და სიმწრით აღიარა: „წარსდგა მშიერი და ვერა ტიტუელიო“ – ერისკაცს საზოგადოებაში გამოსაჩენი ერთი კოსტუმიც არ აღმოაჩნდა, საქართველოში კი ასე გლახაკივით ჩასვლა ეთაკილებოდა. საელჩოში მხოლოდ მაშინ გაიგეს, რომ უდიდესი განძის თავგანწირული დამცველი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. გერმანელებისაგან გაძარცვულ პარიზში შესაფერი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად, ქაიროში შეუკერეს ტანსაცმელი.

თბილისში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი ვერაზე, ვაშლოვანის #6-ში ცხოვრობდა. მისი ოთახი სულ 16-17 კვ. მეტრი თუ იქნებოდა. ღვაწლმოსილი მეცნიერი უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, სანამ ერთ ავადსახსენებელ დღეს სახლში ბრძანება მიუტანეს, რომელშიც ეწერა, რომ გათავისუფლებული იყო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტიდან სალექციო საათების უკმარისობის გამო. ექვთიმეს არ გაჰკვირვებია. ალბათ ელოდა კიდეც ამ გადაწყვეტილებას კომუნისტებისაგან. დაუჩივლია კიდეც ახლობლებთან: „ეს უკანასკნელი იმედიც წამერთვა ხალხში გასვლის, უნივერსიტეტი დავაფუძნეთ, კარი-კარ დავდიოდით, რომ მოწყალება გაეღოთ უნივერსიტეტის მშენებლობისთვის და დღეს კი… ალბათ ჩემი აღსასრულის დრო დადგა და იმიტომ დამითხოვეს“.

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ღრმად მოხუცი. მის ნეშტს სულ 48 კაცი მიაცილებდა. საქართველოს მაშინდელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრს გიორგი ჯიბლაძეს გაოცებით უკითხავს: „ეს რა ხდება, რატომაა ასე ცოტა ხალხი, სადაა ქართველი ინტელიგენცია?“ „ქართველი ინტელიგენცია მხოლოდ ეს ხალხია“, – სინანულით უპასუხია შალვა ნუცუბიძეს…

ნეშტს ჩვეულებრივი სატვირთო მანქანით მიასვენებდნენ. როცა პროცესიამ ჩაიარა, უნივერსიტეტის შენობიდან არავინ გამოსულა გამოსამშვიდობებლად. ნაბრძანები იყო, მანქანა არ შეეჩერებინათ, თითქოს მკვდრისაც კი შეეშინდათ, თვალი ვერ გაუსწორეს…

დრომ და სამართალმა თავისი სათქმელი წლების შემდეგ თქვა: 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თავმჯდომარეობით დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურის და სიწმინდეების გადამრჩენელი, უღმრთოთგან დევნილი ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა. ეწოდა მას `ექვთიმე ღვთისკაცი~ და ხსენების დღედ 3 იანვარი (ძვ. სტილით) დადგინდა.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

p. s. თბილისში ახლახან, 20 იანვარს გაიმართა პრემიერა ახალი ქართული მხატვრული ფილმისა „ექვთიმე ღვთისკაცი“ (რეჟისორი – ნიკოლოზ ხომასურიძე), რომლის გადაღებაც, პროექტის ავტორთა ინფორმაციით, ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ფილმის სიუჟეტი, ძირითადად, 1921-1954 წლებში ექვთიმე თაყაიშვილის საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს მოიცავს. გადაღებები თბილისის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. კინოსურათში ექვთიმეს როლს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

კომენტარები