გაიგეთ, რას განსაზღვრავს თქვენი სისხლის ჯგუფი

სისხლის ჯგუფი არც რასაზე, არც სქესსა და არც ასაკზე არ არის დამოკიდებული. ის ადამიანს შთამომავლობით გადაეცემა და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი რჩება. სისხლის ჯგუფი, გარკვეულწილად, ჩვენს მიდრეკილებებს, ხასიათსა და ჩვევებსაც განსაზღვრავს. იაპონელმა მეცნიერებმა ადამიანები მათი სისხლის ჯგუფის მიხედვით დაახასიათეს და შემდეგი სურათი მიიღეს.

პირველი ჯგუფი – სისხლის ამ ჯგუფის მქონენი ენერგიული და გულღია ადამიანები არიან. მათ კარგი ჯანმრთელობა და ძლიერი ნებისყოფა აქვთ; ნევროზებს ადვილად უმკლავდებიან და ძალებსაც სწრაფად აღიდგენენ. ასეთ ადამიანებს უემოციოებს ნამდვილად ვერ უწოდებ. ისინი წარმატებისა და ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. ამასთანავე, ძალიან ეჭვიანი, ფაციფუცა და ამბიციურებიც არიან. თუმცა, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, სხვა ადამიანებს ჩინებულ მეგობრობას უწევენ.

მეორე ჯგუფი – სისხლის ეს ჯგუფი გულმოდგინე და კეთილსინდისიერ ადამიანებს აქვთ, ისინი საქმეს არასოდეს ღალატობენ და თვით ძლიერი სტრესის დროსაც კი მუხლჩაუხრელად შრომობენ. კარგი მეგობრები და, როგორც წესი, ნიჭიერი ადამიანებიც არიან; ყველაფერში ჰარმონია, სიმშვიდე და წესრიგი უყვართ. არიან მგრძნობიარენი, მომთმენნი და კეთილმოსურნენი; ახასიათებთ მაქსიმალიზმი. მათი ნაკლი მათივე ჯიუტი ხასიათია.

მესამე ჯგუფი – ამ ჯგუფის სისხლის მქონენი დელიკატური და ემოციური ადამიანები არიან. ისინი როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ დიდ მოთხოვნებს უყენებენ; როგორც წესი, ინდივიდუალისტები არიან და რაც მოსწონთ, ყოველთვის მხოლოდ იმას აკეთებენ. ისინი ყველაფერს ადვილად ეგუებიან, ურთიერთობაში მოქნილობას იჩენენ და არც წარმოსახვის უნარი აკლიათ. ამ ძალაუფლების მოყვარული შემოქმედი პიროვნებების ნაკლი დამოუკიდებლობის დაუოკებელი სურვილია, რაც ხანდახან მათ ყველაზე დიდ სისუსტედ აღიქმება ხოლმე.

მეოთხე ჯგუფი – უმეტეს შემთხვევაში ამ ჯგუფის მქონე ადამიანები ცხოვრებაში გრძნობებითა და ემოციებით ხელმძღვანელობენ. ისინი მშვიდნი და გაწონასწორებულნი არიან და მეგობრებსა და ნაცნობებს ძალიან უყვართ. გარშემომყოფთ, ძირითადად, ტაქტიანად და სამართლიანად ექცევიან, თუმცა, ზოგჯერ წაიუხეშებენ კიდეც. ამ მოაზროვნე ადამიანებს კონფლიქტი უმეტესად საკუთარ თავთან მოსდით.  მათ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ.

თამთა გურული

კომენტარები