ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

,,იმას, რაც ჩემია, ვერავინ წამართმევს და რაც დავთმე, ალბათ მომბეზრდა“

გია ნაცვლიშვილი საფრანგეთის  ქალაქ დიჟონთან ახლოს ცხოვრობს თავის მეუღლესა და 2 ვაჟთან ერთად. ამბობს, რომ ძველმოდური სტერეოტიპების გამო მოუხდა საკუთარი ქვეყნიდან საყვარელ ქალთან ერთად გადახვეწა უცხოეთში.

საქართველოდან როდის და რატომ წახვედით?
2002 წელს წამოვედი საცხოვრებლად საფრანგეთში, ქალაქ დიჟონთან ახლოს, რადგან შედარებით დიდი ქალაქია. ძველმოდური სტერეოტიპების გამო მომიხდა საკუთარი ქვეყნიდან საყვარელ ქალთან ერთად გადმოხვეწა. თავდავიწყებით შემაყვარა თავი, დღემდე მაკარგვინებს მისი არსებობა კონტროლს. დღეს ის ჩემი მეუღლე და ჩემი ვაჟების დედაა, ჩემი ცხოვრების გამორჩეული სიყვარული.

საქართველოში რა უშლიდა თქვენს ერთად ყოფნას ხელს?
ასაკობრივი სხვაობა და ძველმოდური ქართველი კაცის, „აზიატი“ ბუნების მქონე ადამიანის სტერეოტიპული აზროვნება.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?
პირველად რომ დავინახე, 12-13 წლის ვიქნებოდი, ის კი მაშინ 17 წლის იყო. ერთი ნახვით მომნუსხა. ხომ წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა?! დედით უკრაინელია და მამით გერმანელი. დამავიწყა ყველა და ყველაფერი, დღე-ღამის 24 საათიდან უმეტესი დრო აივანზე ვიდექი და მის ფანჯარას ვუყურებდი. ჩემი კორპუსის წინ ცხოვრობდა. სულ მენატრებოდა და მაკლდა. არ ვიცნობდი და ასე ვიყავი ყურებამდე უზომოდ შეყვარებული. რაღაც დროის მერე მომეცა მისი გაცნობის საშუალება და როცა გავიგე, დაოჯახებული იყო, ელდა მეცა, გულის ტკივილზე რომ არ ვთქვა არაფერი, სულის ტკივილი არ მასვენებდა, რადგან ვიცოდი, ტრადიციული ოჯახის შვილს, დიდი ბარიერი მაბრკოლებდა მის მოსაპოვებლად.

მოსაპოვებლად?! ის ხომ სხვისი მეუღლე იყო, სხვისი შვილის დედა…
ამაზე მაშინ ვინ ფიქრობდა, როცა გიყვარს, ჭკუა მოგეკითხება?! პატარა ვიყავი და იმ გადმოსახედიდან მხოლოდ იმას ვფიქრობდი, საყვარელი ქალისთვის ხელი მომეკიდა და ყველასგან და ყველაფრისგან შორს გადავხვეწილიყავი.

ახლა კი იგი თქვენი მეუღლე და შვილების დედაა...

დიახ, ყოველთვის მინდოდა ჩემი შვილების დედა ყოფილიყო. გვყავს 2 ვაჟკაცი: 16 წლის დავითი და 14 წლის ლაშა.

ბიჭებმა იციან ქართული?
ოთხ ენას ფლობენ: ქართულს, ინგლისურს, გერმანულს და ჩინურს.

თქვენს შვილებს სიყვარულის გამო მსგავსი ნაბიჯის გადადგმა რომ მოუხდეთ, გაუგებთ?
ჩემი შვილები ისეთები მიყვარს, როგორებიც არიან. როცა გიყვარს, ვფიქრობ, ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის და არა გამოგონილი. არ ვარ მეოცნებე, თუმცა ვარ უზომოდ რომანტიკოსი. ჩემი ბიჭებიც მე მგვანან. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მე მათზე უარს არასდროს ვიტყვი და ვეცდები სწორად მივუდგე ყველა სიტუაციასა თუ საკითხს.

რას საქმიანობთ?
დავამთავრე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, ვარ ეკონომისტ-მენეჯერი. 8 წელია, რაც ჩემი გადამზიდავი კომპანია მაქვს.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, რა გაინტერესებთ?
ჩემი ჰობია სპორტული ავტომობილები. ვცდილობ თავისუფალი დრო აზრიანად გავატარო და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება ხოლმე.

საქართველოში დაბრუნებაზეც არ ფიქრობთ წინასწარ?
სამომავლოდ აუცილებლად ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close