მიგრაციამსოფლიოფსიქოლოგია

„იტალიური სინდრომი“ – დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალები იტანჯებიან

„იტალიურ სინდრომად“ იწოდება დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ემიგრანტ ქალებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უვითარდებათ, როდესაც დიდი მონატრებით და უდიდესი მოლოდინებით ბრუნდებიან ოჯახებში, მაგრამ წლების განმავლობაში მათ მიერ ნალოლიავებ სახლებში და ახლობლების გულებში მათი ადგილი აღარ არის.

„იტალიური სინდრომი“ ამ დაავადებას უკრაინელმა ფსიქიატრებმა უწოდეს. პირველად ეს მოვლენა, როგორც დაავადება, უკრაინაში 2005 წელს დაასახელა ორმა ფსიქიატრმა. მათ შეამჩნიეს, რომ იტალიიდან დაბრუნებული ემიგრანტების უმრავლესობას, რომელთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მოსამსახურეებად და მოხუცების მომვლელებად მუშაობდა, ერთი და იგივე სიმპტომები უვითარდებოდა.

რა არის „იტალიური სინდრომი“? ეს არის ერთგვარი დეპრესიული მდგომარეობა რთულ ფორმებში. ის ნელ-ნელა ვრცელდება მთელ ევროპაში. დაავადებით განსაკუთრებულად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩასული ქალები იტანჯებიან, რომლებიც, ძირითადად, მოხუცების მომვლელებად მუშაობენ.

როდესაც ემიგრანტი ქალები სამშობლოში, წლების წინ დატოვებულ ოჯახებში ბრუნდებიან, აღენიშნებათ სიმპტომები: მუდმივი გადაღლილობა, უძილობა, წონის მკვეთრი კლება, უხასიათობა, თვითმკვლელობაზე ფიქრი. დაავადების მაპროვოცირებელი მიზეზები შემდეგია: ხშირად ისინი უმაღლესი განათლების მქონე, დიდი კულტურის მატარებელი პიროვნებები არიან – მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები… მათ ფინანსური პრობლემების გამო უწევთ დატოვონ თავიანთი სამსახურები, ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები, მიდიან იტალიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში და უმეტესწილად შინამოსამსახურეებად ან მომვლელებად მუშაობენ, რაც მათი კვალიფიკაციის ადამიანისათვის ხშირად თავმოყვარეობის გათელვის ტოლფასია. ისინი ვეღარ პოულობენ საკუთარ ადგილს. ერთ მხარეს არიან ქმრები, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს, შვილები, რომლებიც დედების გარეშე იზრდებიან და გამუდმებით ითხოვენ ფულს… მეორე მხარეს კი არიან ეს ქალები, რომლებიც ხშირად კვირაში შვიდი დღე და დღე-ღამეში 24 საათს მუშაობენ მოხუცებთან და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოდგენს, რომ დამსაქმებელი ოჯახების მხრიდან, ძალიან ხშირად, მათი შრომითი უფლებები ირღვევა. ცხოვრების ასეთი რიტმი, დასვენების საათების უგულებელყოფა და სხვა, ქმნის ფუნდამენტს იმ ფსიქოლოგიური დაავადების განვითარებისათვის, რომელსაც „იტალიური სინდრომი“ ჰქვია.

რუმინელი სპეციალისტების მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, აღნიშნული სინდრომი შრომითი მიგრანტების შვილებშიც შეინიშნება. დამახასიათებელი სიმპტომებია: გულჩათხრობილობა, გარემოდან იზოლირების მცდელობა, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
სპეციალისტების დასკვნით, აღნიშნული სინდრომისგან განკურნების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს და ეს ოჯახის გაერთიანებაა. ოჯახებში დაბრუნებული ქალების დაფასება და მიღება, სიტუაციის გათავისებაში დახმარება და გულწრფელად ჩახუტება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თუ სამშობლოში დაბრუნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც, პიროვნება საკუთარი თავის რეალიზებასა და ოჯახში რეინტეგრაციას ახერხებს, დაავადების სიმპტომები უკვალოდ ქრება. რაც მთავარია, აუცილებელია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. ოჯახები უნდა შეეცადონ მიიღონ დედები იმ გულით, რა გულითაც ეს ქალები სამშობლოში ბრუნდებიან. არავინ იმსახურებს შინაგანი ტკივილისგან ნელ-ნელა სიკვდილს მაშინ, როდესაც ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი, საკუთარი შვილების შიმშილით სიკვდილისგან ხსნის გამო, საკუთარ სურვილებზე უარის თქმაა.

მასალის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე:

https://www.ambebi.ge/article/216333-italiuri-sindromi-daavadeba-romlitac-emigranti-kalebi-itanjebian/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close