ფრესკიდან გადმოსული მზეჭაბუკის აღსასრული

27 სექტემბერი – დღე, როდესაც მოუშუშებელი ტკივილი აფხაზეთის გამო კიდევ უფრო მძაფრდება და სამშობლოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირთა ხსოვნის ზარი კიდევ უფრო ხმამაღლა რეკავს! ამჯერად ლევან აბაშიძეს გავიხსენებთ – ქართული კინოს ვარსკვლავს, რომელსაც ხან ჟერარ ფილიპს ადარებდნენ, ხან მარლონ ბრანდოს, ხანაც ფრესკიდან გადმოსულ მზეჭაბუკს.

ლევან აბაშიძე თავისი თაობის იდეალად ჯერ კიდევ სიცოცხლეში იქცა. გოგონებს ლამის აბოდებდათ რომანტიკულ გმირზე – მისი სურათები კედელზე ჰქონდათ გაკრული, ჩანთით ატარებდნენ… მას ჟერარ ფილიპს ადარებდნენ… ლევან აბაშიძე ძალიან დააკლდა არა მარტო ახლობლებს, მეგობრებს, არამედ მთელ საქართველოს და, პირველ რიგში, ქართულ კინოს…

არტისტიზმი, გვარიშვილობასთან ერთად, ლევან აბაშიძეს გენებით მოჰყვებოდა. ექვსი-შვიდი წლის იყო, ნათესვების წრეში საოცარი გამომსახველობით რომ კითხულობდა ლექსებს ქართულად და გერმანულად. შემდეგ, როცა მისი თანატოლები ეზოში ცელქობდნენ, ლევანი უკვე გადასაღებ მოედანზე იდგა და პირველ როლებს თამაშობდა.

მეშვიდე კლასში იყო, პირველად გადასაღებ მოედანზე რომ მოხვდა – რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ მთავარი გმირის შვილის (სანდრო) როლი შეასრულა. „ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვარდათ ჩემს ოჯახში, თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპა – სოლიკო ვირსალაძე იყო, დიდი თეატრის მხატვარი.

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“

ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში ვხვდებოდი მოტეხილობით. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. იმ წელს მიხეილ თუმანიშვილი იყვანდა ჯგუფს. განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში „ჩვენი პატარა ქალაქი“, – იხსენებდა ლევანი 1985 წელს „სოვეტსკოე კინოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„სკაპენის ოინები“

თეატრი უყვარდა, თუმცა გული ყოველთვის კინოსკენ მიუწევდა. პირველი კინოროლის („რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – სანდრო) შემდეგ იყო ფილმები: „ყველა კომეტა ქრება“, „სკაპენის ოინები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ნიკუშა ჩაჩანიძე), „დღიურის ჩანაწერები“, „საფეხური“, „ორომტრიალი“, „ანემია“, „ფესვები“, „საბედისწერო გასროლა“, „ბედიანი“, „არა, მეგობარო“… ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად (28 წლის იყო, როცა დაიღუპა) 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო სამი როლი დაუსრულებელი დარჩა.

„საფეხური“

მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონაწილეობა გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“. ნიკუშა ჩაჩანიძის სახემ მაშინ თურმე თვით ნაწარმოების ავტორიც კი მოხიბლა.

„ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმის „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი „ბორიაყი“. წავიკითხე, მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, რომ მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების განმავლობაში ნატკენი ფეხით მომიწია თამაში. მაყურებელი ალბათ ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო, – ასე იხსენებდა „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გადაღების პერიოდს ლევან აბაშიძე იმავე ინტერვიუში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. რეჟისორი გიორგი შენგელაია კი წლების შემდეგ იტყვის: „ლევანი აბსოლუტურად ერგებოდა ამ როლს… იყო ძალიან ლამაზი, მოხდენილი, პლასტიკური, არაფრის განსახიერება არ სჭირდებოდა – თვითონ იყო ნიკუშა, რომელიც ოთარ ჩხეიძემ თავის ნაწარმოებში აღწერა“…

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“

ლევან აბაშიძეს შინაგანად ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც მის გმირს ახასიათებდა. საერთოდ, თავად იყო ყველა იმ თვისებისა და განწყობის მატარებელი, რომელიც მის როლებში იკითხება. სხვას ვის უნდა ჩამოეტანა საფრანგეთში გადახვეწილი ემიგრანტის (გიორგი ზაქარეიშვილი – დოდო აბაშიძის შესრულებით) ფერფლი, თუ არა ლევან აბაშიძეს?! რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმის, „ფესვების“ გადაღებიდან უკვე ოცდაათი წელი გავიდა. ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მის ფინალურ კადრებზე არ უტირია.

„ფესვები“

სხვათა შორის, ამ რამდენიმე წლის წინათ, ფილმზე საუბრისას რეჟისორმა ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მომიყვა, რომელიც ლევან აბაშიძეს უკავშირდება. გახსოვთ ალბათ, „ფესვებში“ არის კადრი, ლევანის გმირი აეროპორტში რომ მიდის და გოგონები იძახიან, არ ვუშვებთო. თურმე ყველა იმ გოგოს ყვავილები უყიდა, რესტორანში დაპატიჟა და მთელი თავისი ჰონორარი ამაში დახარჯა.

***

ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა დიდსა თუ პატარას. საოცრად დადებითი ენერგია ჰქონდა, რომელიც მის ირგვლივ ყველას და ყველაფერს ედებოდა. ქალები ლამის კისერზე ეკიდებოდნენ, მაგრამ მას არც ამ კუთხით ეშლებოდა არაფერი. „ქუჩაზე რომ ჩავივლიდით, ვინც თვალს მოჰკრავდა, გიჟდებოდა, – გოგონებს ვგულისხმობ… ის დღე მათთვის დღესასწაული იყო“, – იხსენებს ლევან აბაშიძის მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე.

მზესავით ადამიანი იყო, მუდმივად ანათებდა როგორც თავისი გარეგნობით, ისე ქცევით, ცხოვრების სტილით… უყვარდათ და უყვარდა – სულ შეყვარებული იყო… ერთხელ თურმე ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა მისი ოთახის კართან…

ლევანს უამრავ ადამიანს შორის გამოარჩევდით, მაგრამ თვითონ არ იმჩნევდა. როგორც მისი მეგობარი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩხეიძე იხსენებს, 1991 წელს აშშ-ში გასტროლებზე ყოფნისას იქაური ქართველები გაოცებულები უყურებდნენ, ყველაზე მეტად ის აკვირვებდათ, რომ ამდენი მთავარი როლის შემსრულებელი ვარსკვლავი (როცა გაიგეს, უკვე რამდენ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული) ასეთი თავმდაბალი ადამიანი იყო; ერთ-ერთმა ემიგრანტმა – პეტრე ხვედელიძემ, რომელიც რადიო „თავისუფლებაშიც“ მუშაობდა და „ამერიკის ხმაშიც“, უთხრა: „თქვენ რომ გიყურებთ, ახალგაზრდავ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ვისზე წერდა შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანს“.

„სკაპენის ოინები“

სხვათა შორის, 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე კი – მარლონ ბრანდოს. თავად ლევანმაც, როდესაც ჰკითხეს, ჟერარ ფილიპსა და სტანისლავ ლიუბშინთან ერთად, სწორედ მარლონ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები თვლიდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. პირად საუბრებში თავადაც ხშირად უთქვამს, დიდი მსახიობი უნდა გავხდეო, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ მოუწია მოღვაწეობა ქართულ კინოში. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც გიო მგელაძის ფილმის – „არა, მეგობარო“ გადაღებების დროს დასრულდა. ფილმის სცენარის მიხედვით, ლევანის გმირი იღუპებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა ლევან აბაშიძე მაშინ, გრძნობდა თუ არა წინასწარ რაიმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დედას სცენარი არ წააკითხა, დაუმალა, არადა, პირველს ყოველთვის მას აკითხებდა ხოლმე…

***

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთის ომის დროს ლევანს ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. თურმე ძალიან ნერვიულობდა, რა დროს თამაშია, აფხაზეთში ომიაო. მისთვის ყველაფერზე ძვირფასი სამშობლო აღმოჩნდა. აფხაზეთში 1992 წლის ხუთ სექტემბერს, ბათუმში გადაღებების დასრულებისთანავე წავიდა და ორ დღეში დაიღუპა მეგობრებთან – სულხან სულხანიშვილსა და გია ნადირაშვილთან ერთად, ცოცხალი მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე (შემდგომში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი) გადარჩა. საბედისწერო ყუმბარამ იმსხვერპლა მათი სიცოცხლე. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ კინემატოგრაფს (და არა მარტო) დიდი პერსპექტივის მქონე ულამაზესი მსახიობი წაართვა, მსახიობი, რომელიც, რეჟისორ ლანა ღორობერიძის თქმით, ფრესკიდან გადმოსულს ჰგავდა.

სამწუხაროდ, უკვე 25 წელია მასზე წარსულში უწევთ საუბარი ლევანის ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებისთვისაც ეს საოცრად ნიჭიერი ადამიანი მხოლოდ მსახიობი არ იყო. მათ სულ სხვა ტკივილი, სევდა და მონატრება დაუტოვა, ვიდრე, ცხადია, ჩვეულებრივ მაყურებელს…

აი, რას იხსენებს მისი ერთ-ერთი მეგობარი, გუგა კოტეტიშვილი„ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვიყავით, თუმცა ხასიათით ძალიან განვსხვავდებოდით. ლევანი და ჩემი ძმა – ტატო უფრო ჰგავდნენ ერთმანეთს, ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ… ლევანი იმდენად მოუსვენარი და დაუდგრომელი ხასიათის იყო, რომ „ქარბორბალა“ შევარქვი – ერთ ადგილას ვერ გააჩერებდი, ამიტომ ხან ხელი ჰქონდა მოტეხილი, ხან ფეხი. მახსოვს, თეატრალურ ინსტიტუტში რომ აბარებდა, მაშინაც თაბაშირში ჰქონდა ხელი ჩასმული…

ლევანს თეატრზე მეტად კინო აინტერესებდა, რადგან გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნას ვერ იტანდა, თეატრში კი ამ მხრივ უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე კინოში.

ბოლოს ლევანს ოდესაში შევხვდი – საბერძნეთიდან ვბრუნდებოდი. მას ძალიან უნდოდა თბილისამდე ერთად გვემგზავრა, მაგრამ გემის კაპიტანმა უარი უთხრა. ჩვენი გემი ერთი დღით ბათუმში გაჩერდა, ამიტომ ლევანმა თბილისში ჩამომასწრო. როდესაც ჩამოვედი, ის უკვე ომში იყო წასული და ორ დღეში ეს ტრაგედიაც მოხდა. ახლა, თუნდაც ერთი წუთით რომ მანახა, ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მასთან ერთად გატარებული წლები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მთელი სიცოცხლე…“

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები