ქალი თესალონიკიდან, რომელმაც ერდოღანი უნდა დაამარცხოს

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ის ახლა პოპულარობის ზენიტში იმყოფება და არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. მოწინააღმდეგეებს კი ცოტა დრო რჩებათ წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებისთვის.


უცხოეთიდან ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თურქეთის პოლიტიკურ სცენაზე რეჯეფ თაიიფ ერდოღანი წამყვანი ფიგურაა და მას გამარჯვება არ გაუჭირდება. მართლაც, 2016 წელს განხორციელებული წარუმატებელი სამხედრო პუტჩი მან ოსტატურად გამოიყენა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შესუსტებისთვის, მაგრამ სინამდვილეში საქმე საკმაოდ რთულადაა: გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული ფეთულაჰ გიულენის მომხრეების მასობრივმა დაპატიმრებებმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გაზარდა, მით უმეტეს, რომ გიულენისტების მოძრაობა თურქეთში საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი იყო. ამავე დროს, არსებობენ სხვადასხვა შეფერილობის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ერდოღანს. ეს უკანასკნელი უკვე 16 წელია მართავს ქვეყანას.

როგორც ჩანს, არჩევნებზე ოპოზიციური ძალები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდებიან. დიდი ალბათობით, გამაერთიანებლის როლს ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მერალ აქშენერი შეასრულებს. 1956 წელს დაბადებულ, პროფესიით ისტორიკოს აქშენერს ხშირად „თურქეთის მარინ ლე პენად“ მოიხსენიებენ. ის რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსი და ნაციონალისტური იდეოლოგიის გამტარებელია. აქშენერის მშობლები იყვნენ მუსლიმები საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიდან. 1923 წელს ორ ქვეყანას შორის განხორციელებული მოსახლეობის გაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მერალ აქშენერის ოჯახი თურქეთში გადასახლდა.
საგულისხმოა, რომ მერალ აქშენერი ბოლო დრომდე ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან – 2015 წელს მისი ვაჟის ქორწილში ერდოღანი მეჯვარე იყო.

საბოლოოდ, ორი პოლიტიკოსის გზები გაიყო: აქშენერმა ვერ მოახერხა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერი გამხდარიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ ერდოღანის სამართლიანობისა და აღორძინების პარტიასთან ალიანსი გააფორმა, ქალბატონმა მერალმა პარტია დატოვა და მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია დააარსა.

აქშენერის შესაძლო გამარჯვება პრინციპულად არაფერს შეცვლის თურქეთის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით – ყოველ შემთხვევაში, საბერძნეთის მიმართ მას არაერთხელ წამოუყენებია პრეტენზიები ეგეოსის კუნძულებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ ერდოღანის აგრესიული პოლიტიკა საბერძნეთის მიმართ სწორედ ინიციატივის ხელში აღებას ისახავდა მიზნად, რათა მის ოპონენტს იგი პატრიოტიზმის ნაკლებობაში ვერ დაედანაშაულებინა.

მართალია, ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, რომ მერალ აქშენერი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდება, მაგრამ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ერთადერთი, რამაც ამ სცენარს შეიძლება ხელი შეუშალოს, აბდულა გიულის მიერ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებაა. თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, აბდულა გიული დიდი ხნის განმავლობაში ერდოღანის თანამებრძოლი და პარტიაში გავლენით მეორე პირი იყო. ერდოღანის პიროვნული ამბიციები მათი დაშორების მიზეზი გახდა. გიული ზომიერ ისლამისტ მოღვაწედ და პროდასავლურ პოლიტიკოსად მიიჩნევა. აშშ-სა და ევროპაში ალბათ სიამოვნებით მიესალმებოდნენ მის პრეზიდენტობას. ჯერჯერობით გიულს თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია.

გიორგი ჯანელიძე

ისტორიკოსი

 

კომენტარები